Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გაეცა პასუხი და რა დარჩა უპასუხო შაქარაშვილის საქმის შუალედური ექსპერტიზით


რამდენიმე საათის წინ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელითაც გამოძიებამ იხელმძღვანელა ექსპერტიზის დასკვნაა.

ამ ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფმა 14 კითხვიდან მხოლოდ 8-ს უპასუხა. შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნით საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრ გეჯაძე აცხადებს, რომ შუალედური საექსპერტო დასკვნა გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე მომზადდა.

"[პასუხგაცემული] კითხვები, ძირითადში, ეხება დაზიანებების ირგვლივ არსებულ საკითხებს... გამოძიებამ მოგვმართა, თუკი შესაძლებელი იყო რაიმე კითხვაზე პასუხის გაცემა, გაგვეცა შუალედური პასუხი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და გამოძიების წინაშე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე", - თქვა გეჯაძემ.

პასუხგაცემული კითხვები

გეჯაძე ამბობს, რომ ექსპერტთა ჯგუფმა ყველა იმ კითხვას გაეცა პასუხი, რომელიც დაზიანებების მიყენებას და სიკვდილის შესაძლო ვერსიის დადგენას შეეხებოდა.

"აღნიშნულ შეკითხვებზე ანალიზის, საქმის მასალების დეტალური შესწავლით და შემთხვევის ადგილზე გასვლით ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთიან გადაწყვეტილებამდე. დადგინდა ცალსახად, რომ შაქარაშვილის დაზიანებები სიმაღლიდან, ანუ ხიდიდან გადმოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა ერთობლივად ამ დაზიანებებს. ამავდროულად, ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილს დაგორებით შეეძლო ამ დაზიანებების მიღება (მაშინ სხვა დაზიანებებს უნდა ჰქონოდა ადგილი)... დავდეთ დასკვნა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს მიიღებდა მკვრივ-ბლაგვი საგნებით", - თქვა ექსპერტმა.

რა კითხვები არსებობს ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი

ექსპერტის თქმით, კვლევები, რომელიც ახლა ტარდება მათ საშუალებას მისცემს დაადგინონ, გარდაცვალამებამდე კონკრეტულად რა დროით ადრე მიიღო შაქარაშვილმა დაზიანებები.

"ექსპერტიზის წარმოების მეორე ეტაპზე შევხვდებით ექიმ-კლინიცისტებს, ნეიროქირურგს, ნევროლოგს, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტს და ვიმსჯელებთ ამ ტრავმული შოკის, გონების დაკარგვის, უმწეო მდგომარეობაში ყოფნის ალბათობაზე. მეორე ექსპერტიზით გაეცემა პასუხი რამდენი ხანი იმყოფებოდა შაქარაშვილი წყალში", - თქვა გეჯაძემ.

კითხვები, რომელზეც ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს:

  1. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოიწვევდა თუ არა მოძრაობის შეზღუდვას;
  2. თავზე არსებული დაზიანებები გამოიწვევდა თუ არა გონების დაკარგვას ან შეუზღუდავდა თუ არა მოძრაობას;
  3. რას ნიშნავს - დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში; - ანუ, რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი;
  4. წყალში აღმოჩენისა და ასფიქსიის დაწყების მომენტში, გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული თუ ფიზიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში;
  5. გვამზე არსებული ნიშნებისა და სეზონის გათვალისწინებით (ივნისი), რა პერიოდის განმავლობაშ იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილის გვამი წყალში;
  6. რით შეიძლება აიხსნას გვამური ლაქების განსხვავებული ფერი გიორგი შაქარაშვილის ზურგზე და გულმკერდის არეში.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG