ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ მინსკში და მთელ რიგს სხვა ქალაქებში დაიწყო ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება. როგორც მინსკიდან იტყობინებიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები, დაკავება მიმდინარეობს მთელს ქალაქში.
მოხდა შეტაკებები სპეცდანიშნულების რაზმებსა და დემონსტრანტებს შორის.
როგორც ბელარუსის ზოგიერთი რეგიონიდან იტყობინებიან, პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა უარი თქვეს დემონსტრანტთა დარბევაზე.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გამოაქვეყნა ხელისუფლებისა და ამომრჩევლებისადმი მიმართვა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ პირდაპირ ეთერში წაიკითხა ციხანოუსაიას საარჩევნო შტაების წევრმა:
„მე ვარ სვიატლანა ციხანოუსკაია. ჩვენ არ გვაქვს ინტერნეტი. მთელ ინფორმაციას ვიღებთ SMS შეტყობინებებით. ეს არის ძალიან საგანგაშო და წყვეტილი ინფორმაცია.
ვთხოვ ყველას, ვინც ახლა იღებს გადაწყვეტილებებს და პირველ რიგში სპეცდანიშნულების რაზმების მეთაურებს: არ გამოიყენოთ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. გთხოვთ, პროვოკაციის შემთხვევაში მიმართეთ მხოლოდ თანაზომად და ყველაზე აუცილებელ ზომებს. ახლა აზრი არა აქვს არავითარ ძალისმიერ დაპირისპირებას, ქვეყანა შეიცვალა. მშვიდობიან პროტესტს ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ თავს, უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა ბელორუსს.
მე ხაზს ვუსვამდი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად.
კიდევ ერთხელ ვთხოვ მილიციას და ჯარებს: გახსოვდეთ, რომ თქვენ ხალხის ნაწილი ხართ.
კიდევ ერთხელ ვთხოვ ამომრჩევლებს: არავითარი პროვოკაცია. არ მისცეთ თქვენ მიმართ ძალადობის საბაბი. გთხოვთ, არ დაუშვათ პროვოკაცია.
მე ვიცი, რომ დღეს დილით ბელორუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ და იმედი მაქვს, რომ ხვალ მხოლოდ კარგი ამბები გველის.
გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა. პირველ რიგში - ოფიცრებო, მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება და უნდა გააკეთოთ ეს“.
ხალხი განარისხა სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგებმა, რომლის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ხმების 79,9% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 6,8%.
ამომრჩეველთა თქმით, ლუკაშენკამ, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას, მათ ხმები წაართვა.
„ლუკაშენკა, წადი!“, „გრცხვენოდეთ“ - სკანდირებდნენ ისინი მინსკის და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში.