Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას თქმით, პუტინისგან მიიღო წერილი ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების თაობაზე


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიიღო წერილი, რომელშიც ლაპარაკია ბელარუსში 9 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნების წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ.

ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა მას შემდეგ, რაც კენჭისყრისას ხმა მისცა მინსკში. მისი თქმით, ახლახან გამართულ სატელეფონო საუბარში მან უსაყვედურა პუტინს, რომ მოსკოვი ბელარუსთან „ძმური ურთიერთობიდან პარტნიორულ ურთიერთობაზე“ გადავიდა. ლუკაშენკას სიტყვებით, პასუხად პუტინმა პირობა მისცა მას, რომ ურთიერთობები ძმური იქნება. ლუკაშენკას თქმით, ამის შემდეგ მან პუტინისგან მიიღო „ხუთგვერდიანი წერილი“. „თუკი ვინმე მოელის, რომ ჩვენ აბსოლუტურად გაგვიფუჭდა რუსეთთან ურთიერთობა, ცდება!“ - თქვა ლუკაშენკამ.

27 ივლისს მინსკის მახლობლად დააკავეს რუსეთის მოქალაქეები. მათ ბრალად ედებათ, რომ არეულობის მომზადებას აპირებდნენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაკავებულები ტრანზიტით მიემგზავრებოდნენ მინსკის გავლით. მაგრამ ლუკაშენკამ ამ ვერსიას არაერთხელ უწოდა „სიცრუე“.

საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ლუკაშენკამ, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობის ზედიზედ მეექვსედ დასაკავებლად იყრის კენჭს, არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთის სტრუქტურები მისი ოპონენტების მხარდაჭერაში. თავად პუტინი მას არ დაუდანაშაულებია არჩევნებში ჩარევაში.

XS
SM
MD
LG