Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთი თავის უტიფრობაში, თავის ავანტიურაში, თავის აგრესიულობაში არის ასპროცენტიანი. ვართ თუ არა ჩვენ ასპროცენტიანები ჩვენს საქმეებში?!"


პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში იხსენებს 12 წლის წინანდელ მოვლენებს და დღეის გადასახედიდან თვლის, რომ საქართველო არაფერს აკეთებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად და დროის დინებასთან ერთად ყოველ წამს კარგავს აფხაზებსა და ოსებს.

რაც შეეხება პოლიტიკას და იმას - ვის რა მიზანი აქვს და როგორ ახერხებს მის მიღწევას, „დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს:

„რუსეთი თავის უტიფრობაში, თავის თავხედობაში, თავის ავანტიურაში, თავის აგრესიულობაში არის ასპროცენტიანი, ანუ რასაც უნდა, იმას აკეთებს. ვართ თუ არა ჩვენ ასპროცენტიანები ჩვენს საქმეებში? აი, ეს კითხვა ყოველთვის მაწუხებს მე. რა არის ჩვენი ძალა? ჩვენი ძალა არ არის უტიფრობა, ჩვენი ძალა არ არის თავხედობა, ჩვენი ძალა არ არის ავანტიურა. ჩვენი ძალა არის სიმართლე. ვილაპარაკოთ სიმართლე.

ეს 12 წელი, რაც გავიდა, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ და შემდეგ, რასაც მე შევესწარი უკვე „ქართული ოცნების“ პერიოდში, არის სიმართლის დამალვა - რაღაც სიმართლის დამალვა და რაღაც სიმართლის გამოჩენა. ეს არის ყველაზე დამღუპველი, რადგან ჩვენ უნდა შევურიგდეთ არა ბრიუსელს, არა ვენას, არა ლონდონს და ვაშინგტონს, ჩვენ უნდა შევურიგდეთ სოხუმს და ცხინვალს. ცხინვალში კი კარგად იციან რა მოხდა 7-8 აგვისტოს ღამეს.

მზად ვარ, დავეთანხმო პოზიციას, რომ დღეს არ უნდა ვილაპარაკოთ - ანუ, ვიდრე არ დასრულდება სასამართლო პროცესები. სასამართლოში უკვე ყველა მასალა არის - როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში - და ისინი მუშაობენ უკვე არსებულ მასალებზე. რაღაცას აბრალებდნენ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზურაბიშვილს - ამის თქმა როგორ შეიძლება, ეს დაგვაზარალებსო. სად დაგვაზარალა? ვერ დაგვაზარალებს, რადგან იქ უკვე კარგად იციან. ტალიავინის კომისიამ უკვე გააკეთა გამოძიება და აქვს ანგარიშები. თუ ვინმე ევროპელს - არა მარტო ობივატელს, არამედ სპეციალისტს - აინტერესებს თუ რა მოხდა 8 აგვისტოს, ზურაბიშვილს კი არ მოუსმენს, ან ზაქარეიშვილს, არამედ მოუსმენს ტალიავინის, რომელსაც უწერია ყველაფერი 1200 გვერდზე. ასე რომ, ჩვენ რაც არ ვიცით, იცის ევროპამ. კეთილი ვინებოთ და ჩვენს თავში გავერკვეთ“.

პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ სიმართლის ნაწილია აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი დიალოგის წარმართვა:

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ოსებს და აფხაზებს ველაპარაკოთ გულწრფელად - სად რა შეცდომები მოგვივიდა, რადგან მათ ჩვენი სიმართლის წინააღმდეგ მოუწევთ თავიანთი სიმართლის ან ტყუილის გამოყენება. ჩვენ ვართ ტყუილში - ისინიც ტყუილებში არიან. ძალიან კომფორტულად არიან. მითუმეტეს, რომ მათი ამოცანა არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათი ამოცანა არ არის ქართველ ხალხთან შერიგება. მათი ამოცანაა დისტანცირება ქართველებისა და საქართველოსაგან. რაც მეტს დამალავს ქართული მხარე, მით უფრო ბედნიერები არიან აფხაზები და ოსები. საითკენ მიდიან, ეს უკვე სხვა პრობლემაა და დღესაც შეიძლება ამაზე საუბარი. უფსკრულისკენ მიდიან, ჩემი აზრით, მაგრამ ადამიანი თუ უფსკრულისკენ მიდის, მას ვერაფერს უშველი, თუ თავისი ნებით მიდის.

შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი მთავარი ამოცანაა როგორმე ცივი ნიავი არ მივაკაროთ, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ იქნება თუ „ევროპულ საქართველოს“ და მათი ეს ცოდვები არ გამოვამზეუროთ, ანუ ყველა მზადაა „დამარხოს“. და, „ქართული ოცნება“ რას აკეთებს - ეშინია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომლებიც გველეშაპივით აზიან ამ თემას - კარებში დგანან და არავის უშვებენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, რომელიმე ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ არ დააბრალოს მათ რუსეთის აგენტობა, რუსეთუმეობა და რაღაც-რაღაცები.

ამიტომ, ყოველ წამს ვკარგავთ ჩვენ აფხაზებს და ოსებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც მე ვნახე ბოლო 12 წლის განმავლობაში.

ვინაა მოგებული? მხოლოდ რუსეთი, მეტი არავინ! რუსეთმა მერე გაიმეორა თავისი უტიფრობა, გააათკეცა ყირიმის მომენტში. რა გაკვეთილი გამოიტანა მსოფლიომ?! ჩვენ ხშირად ვაბრალებთ დასავლეთს. დასავლეთს რისი გაკეთებაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. აღტაცებული ვარ დასავლეთის მუშაობით. რისი გაკეთებაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ. ერთადერთი, ომის დაწყება არ შეუძლიათ რუსეთთან. თუ ჩვენ რუსეთთან ომს გამოვრიცხავთ, ისინი მაქსიმალურად ეცადნენ რუსეთთან ჰქონოდათ ის კორექტული ურთიერთობები, რითაც შეიძლება მიაღწიონ რაღაც წარმატებას.

სარკოზი ამას ძალიან დეტალებში წერს. მშვენივრად წერს, რომ ვერ დაელაპარაკა პუტინს 8 აგვისტოს ოლიმპიადის ტრიბუნებზე და მშვიდად ისიამოვნა ოლიმპიადის გახსნით, რადგან საქართველო არ არის დღის წესრიგის მთავარი მომენტი. გავიგოთ, ხალხნო, რომ საქართველო არ არის სამყაროს ჭიპი! ჩვენ ვართ ერთ-ერთ რეგიონული მოვლენა, სადაც არც ნავთობია, არც მსოფლიო მნიშვნელობის გზები გადის ჯერ კიდევ (იმედია, გაიხსნება ოდესმე რკინიგზა და გახდება ეფექტიანი ამ მხრივ). ჯერჯერობით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება, ეს რუსეთის კონტექსტში ჯდება“.

რა შეიძლება იყოს საქართველოს გზა? რამ შეიძლება მოუტანოს მას წარმატება?

„ჩვენ შეიძლება გავიმარჯვოთ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიით და დემოკრატია დაფუძნებულია სიმართლეზე, რასაც ჩვენ გვედავება დასავლეთი და ასე გვეჭიდავება კონგრესი თუ ევროკავშირი. აქაა მთავარი მომენტი, სხვათა შორის. ღებულობენ საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუციებს, რომ გამოგვაფხიზლონ როგორმე. თუ დემოკრატია გავიდა საქართველოდან, როგორც სიცოცხლე გადის სხეულიდან, მსოფლიო კარგავს კავკასიას და მას ბოლომდე ეპატრონება რუსეთი. ეს დაიწყო აგვისტოში და გრძელდება დღემდე, რომ რუსეთი გამარჯვებულია. არც აფხაზებს, არც ოსებდ, არც ქართველებს და არც კავკასიას არანაირი წარმატებისთვის მიუღწევია. სამწუხაროდ, ჩვენი ვიმყოფებით ჯერ კიდევ 2008 წლის 6 აგვისტოს პერიოდში“.

პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა დათანხმებოდა სარკოზის მიერ კრემლთან მოლაპარაკებული გეგმის მეექვსე პუნქტსაც, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამომავლო სტატუსის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდა:

„ცალსახად უნდა დათანხმებოდა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა ამის საფუძველზე აიძულებდა რუსეთს, რომ ერთად განეხილათ სტატუსი, რომელიც ახალი შემოგდებული თემა არ იყო. მანამდე, ივლისში ჩამოსული იყო შტაინმაიერი, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ჩამოიტანა ე.წ. „შტაინმაიერის გეგმა“, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამკალათიანი იყო: პირველი იყო ნდობის აღდგენა და სამშვიდობო პროცესები, მეორე იყო ეკონომიკური განვითარება და მესამე იყო სტატუსის განსაზღვრა და მაშინ საქართველო ამას მიესალმა, ანუ ეს არ იყო ახალი რაღაცა. როცა უკვე სარკოზი წერს ამას თავის ექვსპუნქტიან გეგმაში ის ამას გულისხმობს, რადგან ეს უკვე გავლილი თემაა.

რუსეთი უფრო მეტად იქნებოდა მიბმული ამ დოკუმენტზე, მაგრამ როცა უკვე სარკოზი ადასტურებს ჩემს პოზიციას, რომელიც იმ დღეებშივე ჩამომიყალიბდა, რომ ვიღაც რაღაცას ძალიან მაგრად აფუჭებს შიგნიდან: რუსეთი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს პუნქტი არ გავიდოდა და მედვედევი არც კი შეეწინააღმდეგა სარკოზის.

რუსეთმა გადააბა ერთმანეთს მე-6 და მე-5 პუნქტები. მან გააკეთა აბსოლუტურად უტიფარი და ამორალური განცხადება, რომ საქართველო არ აწერს ხელს. სამწუხაროდ ეს არც პირველი და არც მეორე შემთხვევა იყო. საქართველომ რუსეთს არაერთხელ მისცა საშუალება თავისი დანაშაულები „გაეპრავებინა“ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით. მედვედევმა მაშინ ძალიან უტიფარი, ამორალური განცხადება გააკეთა, რომ საქართველო უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ის აპირებს ომს, ის არ აპირებს საერთაშორისო თამაშებში მონაწილეობას, ამიტომ მე იძულებული ვარ ვაღიარო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაო. ამიტომ მე-5 პუნქტი მიება მე-6 პუნქტს - რაკი საქართველო უარს ამბობს სტატუსის განსაზღვრაზე, ამიტომ მე განვუსაზღვრე ამ ტერიტორიებს სტატუსი, დავიცავი საქართველოს აგრესიისაგან და იქიდან ჯარებს აღარ გავიყვანო. ეს არის აბსოლუტურად ამორალური, იმპერიული განცხადებები, მაგრამ ეს არის რეალობა. ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთი ასპროცენტიანად მუშაობს თავის ფორმატში. რუსეთს ამისთვის სჭირდებოდა მათი აღიარება. რაში სჭირდება, აბა, ამ მართლაც და „უსახელურო ჩემოდნის“ ტარება. ეს არის ტვირთი. აბსოლუტურად შეუძლებელია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იყვნენ დამოუკიდებლები. წაიკითხეთ როგორ დასცინის დღემდე რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს.

იმიტომ აღიარა, რომ ჯარები დაეტოვებინა იქ. მხოლოდ ამიტომ სჭირდებოდა. ამიტომ რუსეთისთვის მე-5 პუნქტს ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ მე-6 პუნქტი დაამატა იმიტომ, რომ კარგად იცოდა - თავისი კაცი ჰყავდა ვიღაც სააკაშვილის გუნდში და ეს კაცი ყველაფერს გააკეთებდა, რომ არ მიეღოთ შტაინმაიერის გეგმა და დათანხმებულიყვნენ ორი-სამი კვირით ადრე მაშინ.

ასეა თუ ისე, სურათი ჩემთვის ძალიან ცხადია და მკაფიო: რუსეთმა ჩაგვითრია თავის საშინელ, ამორალურ, ნეოიმპერიულ პოლიტიკაში. ეს მისი პოლიტიკაა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი სახელმწიფო არსებობს, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებდით?! რატომ ჩავეთრიეთ ამაში?! რატომ მოვყევით ამ მორევში?! რას ვაკეთებდით იმისთვის, რომ ამ მორევში არ მოვხვედრილიყავით?! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ამ მორევში მოვქცეულიყავით! ესაა ჩემი პოზიცია და ამიტომაა, რომ ვერ მიტანს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი“.

„დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ საქართველომ რუსეთთან თავის დაღწევის უხმაურო, შედეგზე ორიენტირებული გზა უნდა აირჩიოს და არა ხმაურიანი კონფრონტაციის. ამასთან, პაატა ზაქარეიშვილი ლაპარაკობს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე - „საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან ნატოს ხსენებაც კი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი:

„ჩემი აზრით, რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შესაძლებელია, ეს არის რუსეთიდან წამოსვლა - არა დედის გინებით, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მშვიდად. როგორც ციხიდან გარბის ადამიანი - ჩუმად, წყნარად და შეიძლება კანალიზაციაშიც კი გაძვრეს, ოღონდ ციხიდან გაიქცეს, ისე ჩვენ იძულებულები ვართ წამოვიდეთ რუსეთისგან, არა ხმაურით, ყაყანით და დედის გინებით. ესაა ჩემი პრინციპული დამოკიდებულება. ამიტომ მიმაჩნია, რომ შეუძლებელი რუსეთთან გარიგება.

ორი გამოსავალი გვაქვს, რომელიც ხელს შეუწყობს, გინდაც 10 წლის შემდეგ , კონფლიქტების მოგვარებას: ეს არის საქართველოს ნამდვილი, რეალური დემოკრატიზაცია, რაზეც ასე გვებღაუჭებიან ჩვენი მეგობრები - ამერიკის კონგრესი და ევროკავშირი და მეორეა ნატოში გაწევრიანება. ეს ორი ფაქტორი გადაარჩენს საქართველოს და თუ ჩვენ ამ ნატოს, როგორც დიდ ქვას შემოვიტანთ კავკასიაში და დავდგამთ „შუა ოთახში“, რომელსაც ხელს ვერავინ ახლებს, სულ სხვა რეალობა შეიქმნება რეგიონში.

30 წელია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხებს ვერ ვაგვარებთ. ნატო ახალ რეალობას შემოიტანს არა საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, რადგან აზერბაიჯანი არის თურქეთის მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე.

ჩემთვის მიუღებელია, რაც დღეს ხდება საქართველოში - არა ის, რომ აფხაზებსა და ოსებს არ ელაპარაკებიან, არამედ ამაზე მიუღებელია, რაც 14 ნოემბერს მოხდა საქართველოში, როცა დაანგრიეს პარლამენტარიზმი, როცა შეარყიეს დემოკრატიის ბურჯები საქართველოში, როცა მოინდომეს შეთანხმებიდან - 8 მარტის შეთანხმებიდან გამოსვლა. ეს ანგრევს ქვეყანას. ამიტომ მე 8 აგვისტო აღარ მაინტერესებს. 8 აგვისტო ჩემთვის უკვე წარსულია. ჩვენთვის დღევანდელი „8 აგვისტო“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს დემოკრატიას არ გადავარჩენთ“.

პაატა ზაქარეიშვილისთვის ცხადია, რომ ჟენევის ფორმატი არ არის შედეგის მომტანი, თუმცა ხაზს უსვამს მისი შენარჩუნების მნიშვნელობას:

„აბსოლუტურად უშედეგოა ჟენევა, მაგრამ ჟენევა სარკესავით არის ჩემთვის. ჟენევა მნიშვნელოვანია, თუნდაც არაფერი არ კეთდებოდეს იქ. თუ სარკეში არ ჩაიხედავ, ვერ დაინახავ ჭუჭყიანი ტანსაცმელი გაცვია თუ სუფთა, მაგრამ სარკე ვერ გაგასუფთავებს და ვერ გამოგიცვლის ტანსაცმელს. შენ უნდა გამოიცვალო.

ანუ, ჟენევაში ჩანს, რომ არაფერი კეთდება. თუ ჟენევა არ იქნება, ჩვენ არ გვეცოდინება რა პერსპექტივები გვაქვს. თუ სადმე შეიძლება რამე გარღვევა მოხდეს (ღმერთმა ქნას!) ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ, რუსეთ-საქართველოს დონეზე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჟენევაში“.

ამასთან კონფლიქტოლოგი კვლავ უბრუნდება აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის მნიშვნელობას:

„ჩვენ ვლაპარაკობთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე და არაფერი კეთდება. ტახტზე ვართ წამოწოლილები.

მთავარია, პოლიტიკური დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რაც საერთოდ გაქრა. ჩემს დროს ვცდილობდი გამეკეთებინა. როგორღაც მოვახერხე დამერღვია „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი და ვთქვი, რომ რუსეთი საშინელებაა, ყოვლად მიუღებელი და ამორალურია, მაგრამ რუსეთი ჩვენთან დგას ორ „ფეხზე“ - ესაა აფხაზური და ოსური საზოგადოებები. მოდით, გამოვაცალოთ რუსეთს ეს ორი ფეხი და ჩვენ ველაპარაკოთ ამ ხალხს. თუ არ ველაპარაკებით, რუსეთი აჟღერებს მათ ინტერესებს.

ჩვენ არ შეგვწევს უნარი განსხვავებული აზრი ავიტანოთ ქართველისგან, აფხაზისგან და ოსისგან ავიტანთ განსხვავებულ აზრს?!

არსებობს უამრავი თემა. პირველ რიგში უნდა მოვათვინიეროთ, გავხედნოთ ის თემები, რომლებიც მათ აწუხებთ. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მემორანდუმი, შეთანხმება დავარქვათ ძალის არგამოყენების შესახებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება. საქართველომ ეს დიდი ხანია აღიარა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს - როცა მიხვდნენ, რომ მიქარეს და შეტოპეს 2008 წელს, შემდეგ „გამოსწორდნენ“ ვითომ.

აფხაზები და ოსები არიან კონფლიქტის მხარეები და როგორც მათთან ჟვანიამ მოაწერა ხელი, როგორც მანამდე შევარდნაძემ მოაწერა ხელი ჩიბიროვთან იქნებოდა თუ არძინბასთან... ჩემთვის ამას მეასე ხარისხის მნიშვნელობა აქვს. მხარეებია და არანაირი სტატუსები არ არის. მთავარია რა ჩაიდება შეთანხმებაში.

ჩვენ ისედაც აღებული გავქვს ვალდებულება მსოფლიოს წინაშე [ძალის არგამოყენებაზე].

რა თქმა უნდა, მართლა უნდათ სტატუსის დაფიქსირება. დავაფიქსირებინოთ, რაც იყო სტატუსი შევარდნაძის დროს, ჟვანიას დროს. რა პრობლემაა?“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG