1929-1940 წლებში საბჭოთა კავშირში რამდენჯერმე გატარდა კალენდრის რეფორმა, რომელიც ძირითადად ნაკარნახევი იყო როგორც საწარმოო საჭიროებებით, ასევე საბჭოთა მოქალაქის ცხოვრების განსხვავებული წესით. საქართველოშიც, ძველი კალენდრის მიხედვით, დასვენების დღეს - კვირას - რელიგია განსაზღვრავდა, საბჭოთა კავშირში კი მუშის რეგლამენტირებული შრომა (და დასვენება) პარტიის გენერალური კურსისა და ბრძოლით მოპოვებული უფლებების ნაწილი იყო.
„სულ სხვაა საბჭოთა ქვეყანა. აქ დიდი ხანია რელიგიას აეგო ანდერძი და ცრუმორწმუნეობისგან განიტვირთა ქვეყანა. ამიტომ კალენდრის შეცვლის საკითხი დიდ დავას არ იწვევს“, - ვკითხულობთ ახალი კალენდრის პროექტის დასაბუთებაში, რომელიც 1929 წლის 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.
1929 წლის 26 აგვისტოს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება „საწარმოებსა და დაწესებულებების უწყვეტ წარმოებაზე გადასვლის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, კალენდრის რამდენიმე პროექტიდან არჩევანი შეჩერდა ე.წ. ხუთდღიან სამუშაო კვირაზე, რადგანაც, „სწორედ ეს კალენდარი უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანმა დროზე დაისვენოს კულტურულ მიზნებისა და განვითარების მისაღწევად, ხოლო მანქანამ გამუდმებით იმუშაოს. ამის მისაღწევად კი მხოლოდ 5-დღიანი სამუშაო კვირა იძლევა შესაფერის შესაძლებლობას“ („დროშა“. 1929 წ. N20).
ახალი შრომის რეჟიმით, რომელსაც მორგებული იყო კალენდარი, ადამიანი ოთხი დღე მუშაობდა, მეხუთეზე ისვენებდა, შაბათი და კვირა კი აღარ არსებობდა, თუმცა იმისათვის, რომ ყველას ერთად არ დაესვენა და წარმოების რიტმი არ დარღვეულიყო (ტყუილად კი არ შეარქვეს ამ კალენდარს „непрерывка“) მუშები დაყვეს ხუთ ჯგუფად და, ერთმანეთისგან გასარჩევად, ამ ჯგუფებს განსხვავებული ფერები მოარგეს. შესაბამისად ქარხნები შედგებოდა ყვითელ, ვარდისფერ, წითელ, იისფერ და მწვანე ჯგუფებად დაყოფილი მუშებისგან. ყოველ ჯგუფს ჰქონდა თავისი საკუთარი დასვენების დღე, როგორც უკვე ვთქვით, კვირის ხუთი დღიდან ერთი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ კალენდრით ადამიანი მეტს, ექვს დღეს ისვენებდა თვის განმავლობაში, ნაცვლად 4 დღისა, როგორც ეს 7-დღიანი კვირის შემთხვევაში იყო. ამგვარი, ერთი შეხედვით, უპირატესობის მიუხედავად, კალენდარმა პოპულარობა ვერ მოიპოვა იმის გამო, რომ დასვენების დღეების აცდენამ (ერთი ოჯახის წევრებს სხვადასხვა დროს უწევდათ დასვენება) ბევრს გაურთულა როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრება.
ძველი კალენდრის მსგავსად, ახალშიც 12 თვე იყო, ერთი თვე კი 30 დღისგან შედგებოდა (ამ მხრივ გამონაკლისი არც თებერვალი იყო), თუმცა განსხვავებული იყო კვირების რაოდენობა როგორც თვეში (6 კვირა), ასევე წელიწადში - 72 კვირა. კალენდარში არ შედიოდა 5 უქმე (სადღესასწაულო) დღე, რომლებიც რჩებოდნენ ურიცხვოდ, ისევე როგორც ნაკიანი წლის ზედმეტი ერთი დღე.
უქმე (სადღესასწაულო) დღეები:
- ლენინის დღე - მოსდევდა 30 იანვარს
- შრომის დღეები - 2 დღე. მოსდევდნენ 30 აპრილს
- ინდუსტრიული დღეები - 2 დღე. მოსდევდნენ 7 ნოემბერს
შრომის ორგანიზებისა და აღრიცხვის თვალსაზრისით, ახალი კალენდარი, მისი შემქმნელების აზრით, უნაკლო იყო: ყველა თვე იდენტურია, ამბობდნენ ისინი, რაც აადვილებს ყოველნაირ გამოთვლას. გარდა ამისა, ეკონომიურიც არის, რადგან მისი ყოველწლიურად დაბეჭდვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
1929 წლის ახალმა საბჭოთა კალენდარმა, როგორც უკვე ითქვა, გააუქმა შაბათი და კვირა. პროექტის ავტორების სურვილი იყო შეცვლილიყო სხვა დღეების სახელწოდებებიც:
პირველი დღე ყოფილიყო ვარსკვლავი, მეორე - ნამგალი, მესამე - ჩაქუჩი, მეოთხე - ძნა, მეხუთე - დროშა, ნაცვლად ორშაბათის, სამშაბათის, ოთხშაბათის, ხუთშაბათის და პარასკევისა.
- ორშაბათი - ვარსკვლავი
- სამშაბათი - ნამგალი
- ოთხშაბათი - ჩაქუჩი
- ხუთშაბათი - ძნა
- პარასკევი - დროშა
ასევე განიხილებოდა თვეებისათვის სახელების შეცვლის საკითხი. ერთ-ერთი ვარიანტი ასე გამოიყურებოდა:
- იანვარი - ლენინის თვე
- თებერვალი - მარქსის თვე
- მარტი - რევოლუციის თვე
- აპრილი - სვერდლოვის თვე
- მაისი - მაისის თვე
- ივნისი - საბჭოთა კონსტიტუციის დღე
- ივლისი - მკათათვე
- აგვისტო - მშვიდობის თვე
- სექტემბერი - კომინტერნის თვე
- ოქტომბერი - ენგელსის თვე
- ნოემბერი - დიდი რევოლუციის თვე
- დეკემბერი - სტალინის თვე
„თავისთავად ცხადია, ეს კალენდარი მარადიული იქნებაო“, - წერდა მაშინდელი საბჭოთა პრესა, მაგრამ სულ რაღაც 2 წელიწადში, 1931 წლის 21 ნოემბერს, სახალხო კომისართა საკავშირო საბჭომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შრომითი კოლექტივები გადავიდნენ ექვსდღიან კვირაზე და დასვენების უცვლელ დღეებად დაუწესდათ თვის შემდეგი რიცხვები: 6, 12, 18, 24 და 30, თუმცა რამდენიმე წელიწადში ეს კალენდარიც შეიცვალა.
1940 წლის 26 ივნისს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა განკარგულება „საწარმოების და დაწესებულებების თვითნებურად დატოვების აკრძალვის, 8-საათიან სამუშაო დღესა და 7-დღიან კვირაზე (6 სამუშაო და 1 უქმე დღე) გადასვლის შესახებ“.
საბჭოთა კავშირში, 40-იან წლებში სამუშაო კვირა იწყებოდა კვირა დღით, მოგვიანებით კვირის პირველ დღედ ორშაბათი გამოცხადდა. ამ დროიდან გაჩნდა გამოთქმა, ორშაბათი მძიმე დღეა (ამ სათაურის მხატვრული ფილმიც კი გადაიღეს 60-იან წლებში), თუმცა რომელი დღე არ იყო რთული საბჭოთა კავშირში?!
რაც შეეხება კვირაში ორი უქმე დღის (შაბათ-კვირის) შემოღებას. საბჭოთა მოქალაქეები ამ სიახლის გამო დიდად უმადლოდნენ ლეონიდ ბრეჟნევს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ახალ გენერალურ მდივანს, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის 1 წლისთავზე, 1967 წლის 7 მარტს ქვეყანა ახალ კალენდარზე გადაიყვანა: ამ დღიდან მოყოლებული სამუშაო კვირა იწყებოდა ორშაბათს და მთავრდებოდა პარასკევს. შაბათ-კვირას კომუნიზმის მშენებლობით დაქანცული საბჭოთა მოქალაქე, როგორც წესი, ისვენებდა. თუ როგორ ისვენებდა, ეს ცალკე საუბრის თემაა...
საბჭოთა "სიგიჟეების" კრებულიდან წაიკითხეთ ასევე: