Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გადის


საქართველოში პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას. 12 წლის წინ, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 12 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივლენ პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები.

რუსულ აგრესიას და ოკუპაციას გააპროტესტებენ ცხინვალთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გამართავს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელზეც მიწვეულნი არიან პოლიტიკოსები, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლებს საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“. მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე შეაფასებენ რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. საუბარი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. კონფერენციას გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. გამომსვლელთა შორის არიან ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG