ის ხაზს უსვამს, რომ ახალში მხოლოდ ასაკობრივად ახალ თაობას არ გულისხმობს:
„ეს არჩევნები, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სახიფათო არჩევნებია. სახიფათოს როცა ვამბობ, ვგულისხმობ მის მნიშვნელობასაც და ზემნიშვნელობასაც.
დღეს საქართველოში დგას პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და სახელმწიფოებრიობის საკითხი - ანუ, საქართველო შეინარჩუნებს თავის სრულ სახელმწიფოებრიობას და გააგრძელებს სვლას იმ გამჭვირვალე, ადამიანის უფლებების კუთხით დაცული სამყაროსკენ, სადაც თავისუფლება ღირებულია, თუ ეცდება, უკან დაბრუნდეს და დარჩეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სახელმწიფოებრიობის კუთხით ამ დამყაყებულ სივრცეში.
ამიტომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ორიენტირებულმა პარტიებმა და, ზოგადად, დასავლეთზე ორიენტირებულმა პარტიებმა ბევრი უნდა იფიქრონ ამაზე და უფრო სხვა სახე მისცენ ამ საარჩევნო კამპანიას - არა დაძაბვის კუთხით, არამედ მოქმედების და პოლიტიკური სიახლეების კუთხით“.
არინა თავაქარაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიებმა უფრო გულისყურით უნდა შეარჩიონ კანდიდატები:
„პოლიტიკურ პარტიებს მართებთ მეტი ყურადღება და მეტად გაცნობა იმ კანდიდატებისა, რომლებიც მათ სიაში იქნებიან ან მათგან იქნებიან მაჟორიტარებად დასახელებული, რომ კრიტიკულ დროს მათ შეინარჩუნონ პოზიციის სიმყარე, გაუძლონ ზეწოლებს და დარჩნენ პრინციპების ერთგულები“.
არინა თავაქარაშვილი „დილის საუბრებში“ ხსნის ახალი სახეებისთვის პოლიტიკური ასპარეზის გახსნის მნიშვნელობას. ახალ სახეებში ის მოიაზრებს არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში დაბადებულ თაობას, არამედ პოლიტიკური შინაარსით ახალ სახეებს:
„პოლიტიკური სპექტრის გადახალისება კი არა, ახალ-ახალი სახეებით გაძლიერება უნდა მოხდეს.
ერთი ნაწილი ნამდვილად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკურ ბომონდად. ვთვლი, რომ ისინი ძალიან ნიჭიერები, ძალიან გონიერები არიან და მათთვის მინიჭებულ ტრიბუნას კარგად იყენებენ, მაგრამ სხვებისთვის გასასვლელი გზა ნაკლებად არის. იქნებ, მათთვისაც მიგვეცა ასპარეზზე გამოსვლის საშუალება, რომ მათაც გააცნონ თავიანთი შეხედულებები ამომრჩეველს, მოქალაქეებს. ერთი და იგივე სახეები კარგად ჩამოყალიბდნენ და მოერგნენ ამ ტელე- და ინტერნეტსივრცეს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, მაგრამ ნაკლებად ვხედავთ ახალ სახეებს. ანუ, ვთვლი, რომ პოლიტიკური კარები ღია არ არის“.
„დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ მისი თაობის იმ ნაწილის ოცნება, რომელიც „რუსთაველის გამზირზე წრფელად გამოდიოდა და ვისთვისაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება უმნიშვნელოვანესი იყო“, ვერ ასრულდა, რადგან პოლიტიკური ასპარეზი „მხოლოდ და მხოლოდ სოვიეტიკურ სისტემაში არსებული ადამიანების შვილებისა და საახლობლოსთვის იყო განსაზღვრული. დასავლური ღირებულება კი ზუსტად ის არის, რომ ადამიანები თავიანთი გონებრივი შესაძლებლობებით, თავიანთი პროგრესული აზროვნებით კონკრეტულ დროს გამოწვევებზე თავიანთი პასუხებით უნდა მოხვდნენ პოლიტიკურ სპექტრში. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა“, - ამბობს არინა თავაქარაშვილი და ასევე ეხება საქართველოში მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ გამოცდილებას:
„ჩვენთან მაჟორიტარული არჩევნები უკავშირდება ძალიან მდიდარ, შეძლებულ და ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანებს, მაგრამ თუ საინიციატივო ჯგუფების პოლიტიკურ კულტურას შემოვიტანთ, ეს პროცესი თანდათანობით დატოვებს ამ პოლიტიკურ სივრცეს.
სამწუხაროდ, ესეც არ იყო ხელშეწყობილი პოლიტიკური სპექტრის მიერ. თქვე დალოცვილებო, ასეთი ადამიანები როცა მოვლენ, ერთ ადამიანად ხომ არ დარჩებიან?! - ასეთი ადამიანი თავისი შეხედულებებისა და თავისი პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით ფრაქციაში გაწევრიანდება, რომელიმე პარტიას დაუახლოვდება და უფრო გაძლიერდება პარტია. მაგრამ ხელშეწყობილი რადგანაც არ არის, რისკის ფაქტორი ძალიან დიდია. ეს უკავშირდება ფინანსებს და ამაზეა დამოკიდებული, მეტად შეხვდები ამომრჩეველს თუ ნაკლებად. მეტად გექნება რეკლამა თუ ნაკლებად“.
არინა თავაქარაშვილი „დილის საუბრებში“ ჰყვება, რომ, მისი ინფორმაციით, საქართველოს ემიგრაციას ჰქონდა იდეა დამოუკიდებელი კანდიდატების დასახელების, მაგრამ შემდეგ ისევ არსებული პარტიების განაწყენებას მოერიდა.
ოკუპაციის თემა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ უყურადღებობა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც რადიო თავისუფლების სტუმარი ხედავს, მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტში:
„რაც შეეხება შიდა ქართლს, სადაც ორი საარჩევნო ოლქია და ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სპექტრი ამაზე უნდა ფიქრობდეს. მე ამას ხმამაღლა და ღიად ვამბობ. ჩვენი თავისუფლება და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ყველაფერთან ერთად, გადის შიდა ქართლზე - იმ ტერიტორიაზე, სადაც სეპარატიზმი ააყვავა საბჭოთა კავშირმა, გააგრძელა რუსეთმა; საბჭოთა კავშირი დანგრეული არ იყო, როცა დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გამოყოფაზე საუბარი. შემდგომ შიდა პროცესების ნაკლებად სახელმწიფოებრივი მართვა კარგად გამოიყენა რუსეთმა და სეპარატიზმს მეტად შეუწყო ხელი. გავიარეთ გზა რუსეთ-საქართველოს ომამდე, რომელიც მშვენივრად გამოიყენა დამპყრობელმა ქვეყანამ.
გაძლიერდა მცოცავი ოკუპაცია, მოედინება ოკუპანტი ჩვენს მიწაზე და მას უაპელაციოდ და ზედმეტი ხმაურის გარეშე იპყრობს. ამ ყველაფერს დაემატა ირედენტიზმის პრობლემა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რთულად არის იტალიასა და საქართველოში, სადაც ამ პრობლემამ პიკს მიაღწია.
ქვეყანას აკლია ისეთი კანდიდატი, რომლის სწორებაც იქნება მაღალ პოლიტიკურ კულტურაზე და მკაცრად დარჩება დასავლურ ღირებულებებზე და ჩვენი თავისუფლებისათვის თავისი ხმით იბრძოლებს ტრიბუნასთან, ისეთი კანონმდებლობის მიღებას შეუწყობს ხელს და იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომლებიც სახელმწიფოს წაადგება.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდ პრეზენტაციებზე ამ სახელებმა ვერ გაიჟღერეს. ალბათ, შეეცდებიან ამის გამოსწორებს, მაგრამ გულმოსაკლავია, როცა კონფლიქტისპირა მცხოვრები მოსახლეობა მოისმენს, რომ ჯერ მათთვის კანდიდატი არ დასახელდა.
დღევანდელ კანდიდატებს უმძიმესი ტვირთი ელოდებათ - როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება“.
არინა თავაქარაშვილი ქვეყნის განვითარებისა და კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვან პირობად თვლის იმას, რომ საჯარო მოხელეები არ მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში:
„თუნდაც გერმანული მოდელი რომ ავიღოთ - მათ კატეგორიულად უარი თქვეს შესვენებაზე, შვებულების ხარჯზე, საღამოს ხარჯზე, გართობის ხარჯზე საარჩევნო პროცესში მონაწილეობაზე. საკუთარ თავს ნუ დავუმალავთ და ნუ მოვისხამთ ამ კანონმდებლობას იმ კოსტიუმად, რომელიც ხიბლს ვერ გვმატებს: შესვენებაზე, შვებულების ხარჯზე ჩვენი საჯარო მოხელეები ყველა ხელისუფლების დროს მონაწილეობენ არჩევნებში. ამას, რა თქმა უნდა, ემატება სამუშაო საათებში მონაწილეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით. ეს ჩვენს ქვეყანას ვერ წაადგება. რატომ მიისწრაფვიან ჩვენი მოქალაქეები გერმანიისნაირ ქვეყანაში, რატომ მოსწონთ? - იმიტომ, რომ იქ კანონია და ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი კანონის საფუძველზე. საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები არ განაგებენ არჩევნებს“.
„დილის საუბრების“ სტუმარი ქართული პოლიტიკის კიდევ ერთ მანკიერებაზე - ცენტრალიზებულობაზე ლაპარაკობს:
„გამოსავალი უნდა იყოს რეგიონული პარტიული სიები: ბატონებო, თუ ასეთი ძლიერი პარტიები გაქვთ, მაშინ მხოლოდ თბილისში შეკრებილი პოლიტიკური სპექტრი კი არ უნდა იფანტებოდეს არჩევნებზე სხვადასხვა ოლქებში ხმების მისაღებად, არამედ რეგიონებში უნდა იყვნენ ლიდერები. ის პარტია გახდება ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი და ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ამას მოახერხებენ“.
არინა თავაქარაშვილის სურვილი ამომრჩეველს:
„მინდა ვუსურვო ჩვენს საზოგადოებას ისეთი არჩევნის გაკეთება, სადაც ღირებულება იქნება თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის არა უბრალოდ გადარჩენა, არამედ ერთიანობის დაწყება“.
სურვილი პოლიტიკოსებს:
„იყავით პოლიტიკურები და ამომრჩეველზე ორიენტირებულები. უპასუხეთ გამოწვევებს!“.