Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია იძულებული შეიქნა, გაეუქმებინა მიტინგები მინსკსა და სხვა ქალაქებში


მინსკში გააუქმეს ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციონერ სვიატლანა ციხანოუსკაიას მიტინგი. კანდიდატის შტაბი მის ჩატარებას ხუთშაბათს საღამოს გეგმავდა „მეგობრობის პარკში“.

შტაბმა მიტინგის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა იმავე დროს და იმავე ადგილზე სარკინიგზო ჯარების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულის ჩატარება. ციხანოუსკაიამ მიტინგის შესახებ 1 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, მინსკის საქალაქო აღმასკომმა კი დღესასწაულის თაობაზე 3 აგვისტოს გამოაცხადა.

ციხანოუსკაიას პრესმდივანმა, ანა კრასულინამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას უარი უთხრა სხვა ალტერნატიულ მოედნებზე მიტინგის ჩატარებაზე, ამასთან, არა მარტო მინსკში, არამედ სხვა ქალაქებშიც. ციხანოუსკაიას შტაბში ამ ქმედებას „აბსოლუტურად უკანონო“ უწოდეს და საჩივრები შეიტანეს გენერალურ პროკურატურასა და ცესკოში. მიუხედავად ამისა, მათი თქმით, არ მოახდენენ ხალხის პროვოცირებას და არ მოუწოდებენ მათ არასანქცირებულ აქციაზე გამოსვლისკენ.

დღესვე ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ციხანოუსკაიას შტაბის უფროსი მარია მოროზი და გააფრთხილეს ის „არასანქცირებული ღონისძიებების მოწყობის“ პასუხისმგებლობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG