Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიროსიმაში აღინიშნა მსოფლიოში ატომური ბომბის პირველად ჩამოგდების 75-ე წლისთავი


6 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ზარების რეკვით აღინიშნა მსოფლიოში ატომური ბომბის პირველად ჩამოგდების 75-ე წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები შეზღუდული ფორმით გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო.

ცერემონიას, როგორც ყოველთვის, ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი კენძო აბე, მაგრამ უცხოელ სტუმართა რაოდენობა მცირე იყო. მთლიანობაში მემორიალურ ცერემონიას დაახლოებით ათჯერ მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ. სკამებს შორის დიდი მანძილი იყო დატოვებული, მონაწილეთა უმეტესობას პირბადე ეკეთა.

ქალაქის „მშვიდობის პარკში“ ხალხის შეშვება მკვეთრად შეიზღუდა. ცერემონიაზე დასწრება ძირითადად კატასტროფას გადარჩენილებმა და მათი ოჯახის წევრებმა შეძლეს.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ დაბომბვის დიდმა მნიშვნელობამ, რომლის დროსაც 140 ათასი ადამიანი დაიღუპა, უკარნახა მას, რომ ცერემონია მაინც გამართულიყო პანდემიის მიუხედავად.

1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 8:15-ზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა B-29-მ ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი მეტსახელად „პატარა ბიჭუნა“, რომელმაც დაანგრია 350 ათასიანი ქალაქი. ათასობით ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა ჭრილობებისა და რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებებისგან.

ჰიროსიმის დაბომბვიდან სამი დღის შემდეგ დაიბომბა ქალაქი ნაგასაკი, რის შედეგადაც 75 ათასი ადამიანი დაიღუპა. ექვსი დღის შემდეგ იაპონია დანებდა, რითიც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG