თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა განახლებულ ჭავჭავაძეზე შეცვლილ სატრანსპორტო სისტემაზე საუბრით დაიწყო. მან იმ ადამიანებს მოუხადა ბოდიში, ვინც ამ ახალი სქემის ამოქმედების დღეს საცობში იდგა.
"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ ავტომობილს, ვინც ამ დღეს [შაბათს] გადაადგილდებოდა ამ დღეს ჭავჭავაძეზე, მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია საცობში დგომა. მეც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ მანქანას და თქვენს ადგილზე, მეც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ", - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ახალი სისტემა არ ნიშნავს, რომ მერია ებრძვის კერძო ავტომობილებსა და მის მძღოლებს. მან აღნიშნა, რომ ამ ახალი რეგულაციებით ყველაზე თანაბრად იქნება მორგებული სისტემა.
"თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილზე, ვინც გაღიზიანდით სამართლიანად, რას გააკეთებდით? "მოდი, ნუ ავიტკიებ თავს" - ეს დამოკიდებულება გექნებოდათ?! მე არ მაქვს ეს დამოკიდებულება და არ მინდა ჰქონდეს ჩემს თანამშრომლებსაც", - დასძინა მან.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესები შაბათიდან შეიცვალა. ამ დროიდან გზის სავალი ნაწილის შუაში მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და მანქანებისთვის მხოლოდ ერთი ზოლი დარჩა.