თუმცა, ის ჩამოთვლის არაერთ საკითხს, რომლის მოუგვარებლობასაც პრობლემურად თვლის. ISFED-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის ერთწლიან პროცესს - შესრულებული და შეუსრულებელი რეკომენდაციებით:
„დიდი ხანი ველოდით და ვითხოვდით საარჩევნო რეფორმას, თუმცა 2016-2017 წლებში ხელისუფლებამ არ გამოიჩინა მისი განხორციელების პოლიტიკური ნება და შარშან ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების ძალისხმევით მოხერხდა ამ სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს პარლამენტში. ეს პროცესი დაიწყო გასულ წელს და წელს, აპრილ-მაისში დასრულდა.
ეს შეხვედრები საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და სისტემასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გავლენა მოახდინა ამ პროცესზე. როცა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ჩიხში შევიდა, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა ავტომატურად გაჩერდა რამდენიმე თვით. ძალიან პოზიტიური ფაქტია, რომ ეს პროცესი დასრულდა.
უნდა აღვნიშნო, რომ არის პოზიტიური სიახლეები ნამდვილად, მათ შორის, ჩვენი რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ დავაკვირდებით, როგორ მოხდება ამ ცვლილებების აღსრულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში“.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც წლებია პრობლემურად ითვლება, არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ელენე ნიჟარაძე „დილის საუბრებში“ ჰყვება როგორც გათვალისწინებულ, ისე გაუთვალისწინებელ რეკომენდაციებზე:
„მოკლევადიან პერსპექტივაში, გვინდოდა, შეცვლილიყო დაკომპლექტების წესი და ყოველ პარტიას ერთი წევრის დანიშვნის უფლება ჰქონოდა. ახლა „ქართული ოცნება“ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ნიშნავს 3 წევრს პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული 6 წევრიდან. გვინდოდა ეს წესი შეცვლილიყო და კითხვის ნიშნები საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური მიკერძოების შესახებ მოხსნილიყო დღის წესრიგიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ცვლილება არ განხორციელდა. პოლიტიკური ნება არ გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან.
საოლქო კომისიების წევრების შერჩევაში ინტერესთა კონფლიქტის საკითხი იყო გათვალისწინებული. ეს ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა გასულ არჩევნებზე. საოლქო კომისიის წევრები, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტი ექნებათ კანდიდატებთან, არ მიიღებენ მონაწილეობას შერჩევის პროცესში.
და მეორე: ის კანდიდატები, რომლებიც გასულ არჩევნებზე დანიშნულები იყვნენ კომისიებში როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, კონკურსის საფუძველზე ვერ დაინიშნებიან როგორც პროფესიული წევრები. ეს ორი საკითხი მოგვარდა, თუმცა აქ დიდ თემას წარმოადგენს თვითონ კონკურსების ჩატარება საუბნო კომისიებში, რომლებიც არის ძალიან ზედაპირული და გაუმჭვირვალე, ფორმალური. წინასწარ დგება ხოლმე სიები და წელსაც იქნება იგივე პრობლემა, რაც იყო გასულ არჩევნებზე“.
ელენე ნიჟარაძის თქმით, კვლავაც პრობლემური იქნება გარკვეული ტიპის საჩივრებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების საკითხი:
„პრობლემა ყველა არჩევნებზე არის ის, რომ არ ხდება საოლქო კომისიების მიერ მასალების გადასინჯვა, თუ, მაგალითად, საჩივრებია წარდგენილი, რომ შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დგება, რაღაც გადასწორებულია და ა.შ., ან როცა უფრო მძიმე ხასიათის დარღვევებია. ზედაპირულად იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე.
გვქონდა ძალიან კონკრეტული რეკომენდაცია, განსაზღვრულიყო ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა საოლქო კომისიები სავალდებულოდ გადახედავდნენ, გახსნიდნენ მასალებს და ხელახლა გადათვლიდნენ ხმებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტო ჩვენი რეკომენდაცია, სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებიც ითხოვდნენ, „ქართული ოცნება“ კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამ მხრივ რაიმე სიახლე შემოგვეტანა კანონმდებლობაში. ეს პრობლემატური საკითხი იქნება არჩევნების შემდგომ შემაჯამებელი ოქმების განხილვისას“.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაცია რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად. ელენე ნიჟარაძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს ერთ სიახლეს:
„სკოლის მასწავლებლები, ბაგა-ბაღების პედაგოგები არიან ხოლმე ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე აიპ-ების თანამშრომლები. ძირითადად ეს ხდება ხოლმე მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მივაღწიეთ ცვლილებას საარჩევნო კოდექსში და ამ პირებს, საჯარო მოხელეების მსგავსად, აეკრძალათ სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა“.
გადაუჭრელი რჩება სოციალურ ქსელებში საარჩევნო კამპანიის რეგულაციის საკითხი:
„სოციალური ქსელების მნიშვნელობა არჩევნების კონტექსტში ძალიან გაიზარდა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. სოციალური ქსელები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საარჩევნო კამპანიის წარმოების და ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის.
ჩვენდა გასაკვირად, გადაწყვეტილების მიმღებების პოზიცია იყო, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან უცნაური მიდგომა იყო. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მაგალითებიც მოიყვანეს ამ საკითხის მოგვარების.
სამწუხაროდ, ძალიან ზედაპირულად და ზერელედ მიუდგა „ქართული ოცნება“ ამ საკითხის რეგულირებას და მოხდა იმ პრობლემის იგნორირება, რაც ჩვენთან დაფიქსირდა - საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში სოციალური ქსელების გამოყენება ძალიან აქტიურად ხდება. არგუმენტი იყო, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი თემა და გავლენას არ ახდენს არჩევნებზე. ეს არის პრობლემის არაღიარება. მით უმეტეს, ახლა, კოვიდპანდემიის ფონზე“.
საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის პროცესში განხილული იყო მედიასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ზოგიერთ მათგანზე ამახვილებს ყურადღებას:
„ჩვენი რეკომენდაცია იქნა ერთ შემთხვევაში გათვალისწინებული, რომ, მაგალითად, საარჩევნო სუბიექტები სხვა საარჩევნო სუბიექტისთვის ვერ გამოიყენებენ მათთვის მინიჭებული უფასო პოლიტიკური რეკლამის დროს. ეს პრობლემას წარმოადგენდა და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სარჩევნო სუბიექტებს.
ასევე: წინა არჩევნებზე ავტომატიზებულ შეტყობინებებს ვღებულობდით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებით. კანონში ჩაიდო რეგულაცია, რომ აკრძალული იქნება არჩევნების დღეს მსგავსი შეტყობინებების გაგზავნა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის წარმოებისთვის მედიას მოეთხოვება, შეამოწმოს, ამ კვლევის სანდოობა რამდენად აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც, ჩვენი აზრით, არის გაუმართლებელი, რადგან შეუძლებელია მედიასაშუალებებმა კომპანიისთვის შეკვეთილი კვლევა გადაამოწმონ. ამის მიზანი რა არის, ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ ის, რომ მეტი კონტროლი იყოს მედიის მიერ შეკვეთილი კვლევის განხორციელებაზე“.
გასულ კვირაში „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა აგრეთვე გამოკვლევის შედეგები, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ანაზღაურების დინამიკას 2016-2019 წლებში. ელენე ნიჟარაძის თქმით, განსხვავებული იყო 2016-2017 და 2018-2019 წლების პრაქტიკა:
„2016-2017 წლებში არის შემთხვვევები, როცა თანამდებობრივ სარგოსთან (ხელფასთან) ერთად სისტემატურად ხდება დანამატის ან პრემიის გაცემა. არის შემთხვევები, როცა ორივე თანხა ერთდროულად გაიცემა. დანამატისა და პრემიის ერთდროულად გაცემის რამდენიმე შემთხვევა იყო, რაც აჩენს კითხვებს - რა ასეთი მასშტაბის ან ხასიათის სამუშაოს შესრულებასთან გვქონდა საქმე, რომ ორივე თანხის გაცემა გახდა საჭირო. ოდენობებიც პრობლემურია - ისინი იცვლება. არის შემთხვევები, როცა ოდენობა შეადგენს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს ან კიდევ უფრო მეტს. მაგალითად, გვაქვს შემთხვევები, როცა დანამატი და პრემია თანამდებობრივი სარგოს 150%-ს ან 240%-საც კი შეადგენს. ეს ეხება როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდს. საარჩევნო პერიოდში გაცემული მთლიანი ანაზღაურება არასაარჩევნო პერიოდში გაცემული თანხის 240-250%-საც კი შეადგენს ხოლმე.
2018-2019 წლებში ტენდენცია შეიცვალა. მაგალითად, 2018 წლიდან მოხდა ზოგადად თანამდებობრივი სარგოს ზრდა. ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში დაახლოებით 55%-ით გაიზარდა, მოადგილისა 68%-ით, მდივნისა 69%-ით. აქ პრობლემა ის არის, რომ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები და პერიოდულობა, რის მიხედვით ხდება ამ თანამდებობრივი სარგოს ზრდა. რაც შეეხება შტატით დასაქმებულ პირებს, გაიზარდა, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო 67%-ით. ყველაზე დაბალი მატება იყო 33%, თუმცა პრობლემა აქაც ანალოგიურია - არ არის განსაზღვრული, რის მიხედვით ხდება მომატება. კანონდებლობით არ არის დადგენილი კრიტერიუმების განსაზღვრის ვალდებულება და ეს არის სწორედ ჩვენი რეკომენდაციაც - კანონმდებლობით ან სხვა სამართლებრივი აქტებით გაიწეროს, რა პერიოდულობით ხდება თანამდებობრივი სარგოს ზრდა და რა პროცენტით“.