არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) იტყობინება, რომ გამოავლინა 34 „ფეისბუკ“-გვერდი, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენენ და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია „ალტ-ინფო”-სთან არიან დაკავშირებული.
გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ „ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი - ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.
გამოკვლევის თანახმად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა, რომ „ალტ-ინფო“ აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და „ფეისბუკ“-გვერდის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის - DFRLab-ის შეფასებით, „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.
გამოკვლევის მიხედვით, „ფეისბუკზე“ საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება „ალტ-ინფო“-მ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ფეისბუკმა“, როგორც „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, „ალტ-ინფოს“ და მასთან დაკავშირებული, სიძულვილის ენით გამორჩეული ე.წ „ალფა დომინანტის“ გვერდები დაბლოკა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიუთითებს, რომ მას შემდეგ ხელახლა შეიქმნა მათი ამჟამინდელი ოფიციალური გვერდი - Alt-Info • ალტ-ინფო, მას მალევე მოჰყვა მასთან დაკავშირებული ახალი ტიპის გვერდების გამოჩენა.
გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ალტ-ინფოს“ მიზანია გამომწერების დივერსიფიცირება და, შესაბამისად, ზოგიერთ ახალ გვერდს შენიღბულად გასართობი შინაარსი მიეცა. მათი დასახელების სტილი ერთგვაროვანია და ქსელურ კავშირზე იმთავითვე მიუთითებს.
„სამართლიანი არჩევნების“ გამოკვლევის მიხედვით, „ალტ-ინფო“-სთან მჭიდროდ დაკავშირებულ გვერდებს შორის, ასევე არიან ანტილიბერალური ნარატივების აქტიურად გამავრცელებელი გვერდები: Geo Pepe, Alpha Dominant და „ქართული მარშის“ ყოფილი წევრი ამჟამად კი, „ალტ-ინფო“-სთან დაკავშირებული ახალი ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოს“ თავმჯდომარის, კონსტანტინე მორგოშიას „ფეისბუკ“-გვერდი.
გამოკვლევის ავტორები ცალკე გამოყოფენ, მათი შეფასებით, „ალტ-ინფოს“ ფარულ გვერდებს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, „ალტ-ინფო“-ს კონტენტის გამავრცელებელი გვერდების კიდევ ერთი ქსელი ფარულად მიბმულია „ალტ-ინფო“-სთან და შენიღბულად ემსახურება ორგანიზაციის ხედვების მეტი მომხმარებლისთვის მიწოდებას. „სამართლიანი არჩევნები“ მიუთითებს, რომ შესწავლილი გვერდების სახელწოდებები გასართობი და შემეცნებითი ხასიათისაა, ისე, რომ მომხმარებელი „ალტ-ინფო“-სთან რაიმე კავშირს ვერ წარმოიდგენს.
„ალტ-ინფოს“ კონტენტი
გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ალტ-ინფოს“ გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით, ხოლო, მათი „ფეისბუკ“-აქტივობაც ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას ემსახურება.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „ალტ-ინფო“-ს პოსტებსა თუ ვიდეოგადაცემებში ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი მიმართვები სექსუალური უმცირესობების, ქალების და ემიგრანტების მიმართ. მათი ნარატივი მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენას მოიცავს. გვერდზე ხშირია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და ქალთა უფლებადამცველების დისკრედიტაცია.
გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ პარალელურად, „ალტ-ინფო“ ცდილობს რუსეთისადმი კეთილგანწყობის შექმნას. მაგალითად, 2020 წლის 10 ივლისს, „ალტ-ინფო“-ს გადაცემაში მოწვეული იყო ალექსანდრ დუგინი, ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი და რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი. გადაცემაში დუგინი განმარტავს, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის პროდასავლურ მისწრაფებებზე და ნეიტრალური კურსს აირჩევს , მაშინ, რუსეთი მის ტერიტორიულ მთლიანობას მიესალმება. დუგინთან ინტერვიუ „ალტ-ინფო“-ს ქსელში ჩართულ 26 გვერდზე გავრცელდა. ვიდეო ასევე გაზიარდა ალექსანდრ დუგინის „ფეისბუკ“- ჯგუფში და მის პროფილზე.
გამოკვლევაში მითითებულია, რომ „ფეისბუკის“ პოლიტიკა ეწინააღმდეგება მის პლატფორმაზე კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, რაც მოიცავს ქმედებას, როდესაც გვერდები ან ადამიანები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები საკუთარი საქმიანობის და იდენტობის შესახებ. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოში მოქმედი კოორდინირებული ქსელები „ფეისბუკის“ მიერ უკვე 2-ჯერ წაიშალა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ დაასკვნა, რომ „ანტიდასავლური და ანტილიბერალური იდეების გასავრცელებლად „ალტ-ინფო“-ს არაორგანული აქტივობა „ფეისბუკზე“ სწორედ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ნიშნებს შეიცავს და მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაცია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას შენიღბულად ცდილობს. მსგავსი ფარული და პროპაგანდისტული მეთოდები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული და შესაძლოა, რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ალტ-ინფოს“ გუნდის წევრს ზურაბ მახარაძეს, რომელიც ადასტურებს, რომ გამოკვლევაში აღნიშნული გვერდების ნაწილი მათი გაკეთებულია, ნაწილის ადმინისტრატორები და მფლობელები კი იზიარებენ „ალტ-ინფო“-ს პოზიციას და მათ კონტენტს ნებაყოფლობით აზიარებენ. „ჩვენ გვქონდა მოწოდება მხარდამჭერების მიმართ (აღნიშნული ვიდეო ახლაც დევს გვერდზე), რომ ვინც იზიარებს ჩვენს პოზიციას და აქვს დიდი გვერდები და ჯგუფები მოეცათ ჩვენთვის იქ ჩვენი კონტენტის გაზიარების უფლება. ბევრმა ამგვარი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ბევრიც უბრალოდ თვითონ აზიარებს. სხვათა შორის ასეთები უმრავლესობაა“, - აღნიშნავს ზურაბ მახარაძე.
არსებობს გამოცდილება, რომ ადგილობრივ ანგარიშზე დაყრდნობით, „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ „ქართული წარმოშობის“ „ფეისბუკის“ გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. შეკითხვაზე, თუკი თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება, რას მოიმოქმდებთ? ზურაბ მახარაძე პასუხობს: „ბევრჯერ წაგვიშალეს გვერდი. აზრი არ აქვს. ერთ კვირაში იგივე ეფექტურობის ახალი გვერდი გვექნება, რადგან ერთგული აუდიტორია გვყავს, ვინც ჩვენს იდეოლოგიას იზიარებს“.
„ალტ-ინფოს“ გუნდის წარმომადგენელი არ იზიარებს „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებას საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის შენიღბული მცდელობის შესახებ. „ბრალდება რომ ფარულად ვეწევით ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო და „ანტიელგებეტე“ პროპაგანდას, სასაცილოა. ჩვენ ამას სრულიად ღიად და დეკლარირებულად ვაკეთებთ. ეს ჩვენი, როგორც კონსერვატიული ჯგუფის ღია პიზიციაა და სწორედ, ამიტომ გვიყურებს ხალხი. რაც შეეხება ანტიდასავლურ პროპაგანდას, საინტერესოა, რომ კვლევის ავტორებმა ჩვენს არხზე მხოლოდ დუგინის ინტერვიუ შენიშნეს და ამერიკელი კონგრესმენები ან ებრაელი მაღალი რანგის პოლიტიკოსები ან ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ვერა“, - მიიჩნევს ზურაბ მახარაძე.
უახლოესი წარსულის გამოცდილებით, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე Facebook-მა წაშალა ქართული წარმოშობის ასობით ყალბი გვერდი, ანგარიში, ჯგუფი და ინსტაგრამპროფილი.
წაშლილი ყალბი ანგარიშები თავს ასაღებდნენ ოპოზიციის ლიდერებად, ჯანდაცვის სპეციალისტებად, არარეალურ ადამიანებად, ახალი ამბების დამოუკიდებელ ორგანიზაციებად. ყალბი ანგარიშების პოსტების რეკლამაში, საერთო ჯამში, 54 ათასამდე ამერიკული დოლარი დაიხარჯა.
წაშლილი ანგარიშების უმრავლესობა საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ყოფილი პიარტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის ორგანიზაცია „ეS პერსონას“ უკავშირდებოდა. მცირე ნაწილი კი - ოპოზიციურ პარტიასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ ადამიანებს. ორივე პარტია უარყოფს რაიმე კავშირს წაშლილ გვერდებთან.
ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა სოციალური მედიის გიგანტმა გამოააშკარავა და წაშალა - რასაც თავად უწოდებს - „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ (CIB) ქსელს. 2019 წლის დეკემბერში პლატფორმიდან წაიშალა სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი.