რუსეთის ფედერაციამ 1 აგვისტოდან გახსნა „საზღვარი“ ოკუპირებულ აფხაზეთთან, რომელთანაც, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის მიმოსვლა შეჩერებული იყო 8 აპრილიდან.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია „როსპოტრებნადზორის“ და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის დასკვნის საფუძველზე, რაც ეფუძნება აფხაზეთში შექმნილი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების და ტურისტების მისაღებად ინფრასტრუქტურული ობიექტების მზადყოფნის შეფასებას“, - მოჰყავს "კავკაზ რეალიის" ამონარიდი კორონავირუსთან ბრძოლის რუსეთის ოპერატიული შტაბის განცხადებიდან.
ცნობილია, რომ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, 30 ივლისს მოსკოვში ჩავიდა სამუშაო ვიზიტით, რომლის მთავარი საკითხი იყო მოლაპარაკება საზღვრის გახსნის შესახებ.
შეხვედრის დროს ითქვა, რომ როგორც კი მოსკოვი მიიღებდა თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას, იმავე დღეს „საზღვარს“ რუსეთთან სოხუმიც გახსნიდა.
რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, აღიარა.
ამ დღიდან მოყოლებული, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნეს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ, ვანუატუმ და სირიამ.
მაგრამ 2013 და 2014 წლებში ვანუატუმ და ტუვალუმ გააუქმეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.