პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მედიისთვის წარდგენიდან, დაახლოებით, ერთ საათში განცხადებას ავრცელებს, რომ შეცდომა დაუშვეს. პარტიის განმარტებით, მოქალაქეთა მხარდაჭერა ვებგვერდზე არსებულმა სისტემამ არ ასახა.
"ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიამ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით 2 საათში სია გასწორებული იყო. თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ჩავთვალეთ, რომ დღეისთვის დაგეგმილი პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ", - აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ განახლებულ სიას მოგვიანებით გაავრცელებენ.
პარტიის 10-ეული, რომელიც მედიას დღეს გააცნეს, ასეთი იყო: ზურა ჯაფარიძე, ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, სანდრო თარხან-მოურავი, ამირან ტორონჯაძე და გიორგი ლომინაძე. როგორც "გირჩში" ითქვა, ისინი "პრაიმერისით" შეარჩიეს.
კანდიდატებისთვის ხმის მიცემა შეეძლო იმ ადამიანებს, რომლებიც "გირჩის" ვებგვერდზე იყო რეგისტრირებული. მათი ხმის მოცულობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა კონტრიბუცია ჰქონდა პარტიისთვის გაწეული.