Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა: ხელშეკრულების თანახმად 2020 წელს უნდა გვქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის ბობ მეიერის მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელების შეტანას.

თურნავა პასუხისმგებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აკისრებს. „ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წელს. ახლა არის 2020 წელი, როდესაც ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ უნდა გვქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ კონსორციუმმა, სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას. პირველ რიგში ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია, ეს არის საკითხის პოლიტიზების მცდელობა და ასევე მცდელობა, რომ მთავრობას ხელი შეუშალოს ახალი ინვესტორის მოძიებაში.

ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ, ვმუშაობთ საინვესტიციო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები 29 ივლისს შეიტანეს და პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.

კონსორციუმის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და შეადგენს კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ეს დანაკარგი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიისა, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში.

საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი ამ დრომდე არ ჩაუტარებია.

XS
SM
MD
LG