„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები.
კონსორციუმის ინფორმაციით, სარჩელი ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში მთავრობის ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები 29 ივლისს შეიტანეს და პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.
კონსორციუმის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და შეადგენს კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ეს დანაკარგი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიისა, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი ამ დრომდე არ ჩაუტარებია.