19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ ერთ-ერთ საკვანძო ტერიტორიაზე, ფერადი ფარდულის მიმდებარედ ხანძრის გაჩენის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. გამოძიებამ 15 ივლისს დააკავა. მას გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავება. ლ.ყ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ლ.ყ. წარსულში ნასამართლევია.
როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან გენერალურ პროკურატურაში, მისი დაკავება, ამ ეტაპზე, არ უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს და გამოძიება ცალკე, 188-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიება იმ ტერიტორიის დაწვის ფაქტზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, 7 ივლისს დაიწყო. თუმცა, ხანძარი იქ 4 ივლისს, დილის საათებში გაჩნდა.
როგორც შსს-მ 7 ივლისს განმარტა, შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დათვალიერების ოქმის თანახმად, ტერიტორიის შესწავლა, სადაც საქმის მთავარი მოწმეები აფარებდნენ თავს, ანუ, ფერადი შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგის შესწავლა, გამოძიებამ ინციდენტის ღამიდან 10 დღის თავზე, 29 ივნისს გადაწყვიტა. ნიადაგის ნიმუშების აღებიდან ხუთ დღეში კი, აღნიშნულ ტერიტორიას ცეცხლი წაეკიდა.
დათვალიერების ოქმში ვკითხულობთ, რომ გამომძიებლებმა ნიადაგის ნიმუშები აიღეს იმ ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის შავი წელის ჩანთა იპოვეს. ასევე იმ ტერიტორიიდან, სადაც იმალებოდა გურამ ამირხანაშვილი. ნიადაგის ნიმუშია აღებული იმ ბუჩქების მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი იმალებოდა და ასევე, მოწმე გიორგი ქათამაძის სამალავი ტერიტორიიდან.
შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.
სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა და დამალვა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.