რა არის შედეგი და რა უშლის ხელს C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნის მიღწევას?
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამის დირექტორი მაკა გოგია რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ თავდაპირველი სამიზნე იყო ამ პროგრამაში 128 ათასი ადამიანის ჩართვა და განკურნება, დღემდე 70 ათასზე ცოტათი მეტია ჩართული და მათი დიდი უმრავლესობა, 98%-ზე მეტი, განკურნებულია:
„პრობლემა, რაც გამოვლინდა და წლიდან წლამდე დასტურდება, არის არცოდნა ამ პროგრამის არსებობის შესახებ. ადამიანები არ იტარებენ ტესტირებას მიუხედავად იმისა, რომ ზოგად პოპულაციაში ამ ინფექციიის გავრცელება საკმაოდ მაღალია.
ჩაიტარა ტესტირება 2 მლნ 300 ათასმა ადამიანმა, რომელთაგან 300 ათასი არის არასრულწლოვანი, ბავშვი და მოზარდი, 2 მილიონი კი - ზრდასრული. ამ ორ მილიონში 7,8% იყო ინფიცირებული C-ჰეპატიტით. საკმაოდ დიდი რიცხვია და საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის მონდომებაც“.
მაკა გოგიას თქმით, იმათ შორის, ვინც მკურნალობაში ჩაერთო, უდიდესი ნაწილი 40 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცები არიან. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტემპი არაერთმა ფაქტორმა შეაფერხა:
„პროგრამას თავიდან არ ჰქონდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, პირველი სამი წლის განმავლობაში იყო ფინანსური ბარიერებიც, ანუ თანაგადახდა იყო დიაგნოსტიკის და არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანი ვიბრძოდით, რომ ყველანაირი ბარიერი მოხსნილიყო და მაქსიმალური დეცენტრალიზაცია მომხდარიყო პროგრამის, რადგან საქართველოს 65 ქალაქში არ იყო ხელმისაწვდომი ეს პროგრამა, არ იყო ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. პროგრამას აქვს ის თავისებურება, რომ პაციენტი ყოველ 28 დღეში უნდა მივიდეს კლინიკაში წამლის წამოსაღებად. სამთვიანი დოზის ერთიანად გატანება არ ხდება მედიკამენტის სიძვირის გამო.
დღეს უკვე დეცენტრალიზებულია იმ დონეზე, რომ 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, 32 ქალაქშია ხელმისაწვდომი. თავიდან რამდენიმე დიდ ქალაქში იყო მხოლოდ. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს, დაინტერესდეს, ჩაიტაროს სკრინინგი და თუკი საჭირო გახდება, მას ჩართავენ მკურნალობაში და ყველანაირი გვერდითი ეფექტის გარეშე ხდება ადამიანების განკურნება. სამწუხაროდ, არსებობს მითები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს, მივიდნენ და ჩაერთონ C-ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში”.
რა ინტერესი ჰქონდა კომპანია „გილეადს“?
„კომპანიას უნდოდა, დაენახებინა მსოფლიოსთვის, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში, რომელსაც მაღალი გავრცელება ჰქონდა С-ჰეპატიტის, შეძლებდა ამ ვირუსის ელიმინაციას.
2015 წელს უნდა დაწყებულიყო ამ პრეპარატის აქტიური დანერგვა მსოფლიოში და ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ელიმინაციის პროგრამები სხვა ქვეყნებში, როცა საქართველო აირჩიეს საპილოტე ქვეყნად. 2016-ში, 2017-სა და 2018 წელს შემოუერთდნენ სხვა ქვეყნები. აქ იყო ჩადებული „გილეადის“ კომერციული ინტერესი, რომ დაენახებინა მსოფლიოსთვის რამდენად შთამბეჭდავი შედეგების მოტანა შეეძლო მათ მედიკამენტს. მაშინდელი მედიკამენტი - სოფოსბუვირი იყო ინოვაციური. ის 2012 წელს დაპატენტდა. C-ჰეპატიტის მკურნალობა ძალიან ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ, გული გვწყდება, რომ ადამიანები არ ინტერესდებიან ამ პროგრამაში ჩართვით“.
დღეს რთულია იმის თქმა, მეორეჯერაც გახანგრძლივდება თუ არა პროგრამა საქართველოში:
„პროგრამის განხორციელებაზე ხელშეკრულებას თავის დროზე ხელი მოაწერეს: საქართველოს მთავრობამ, „გილეადმა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. კონტრაქტით, 5-წლიანი უნდა ყოფილიყო პროგრამა.
მხარეებმა სამ წელიწადში გადახედეს პირობებს და მხარი დაუჭირეს მის გახანგრძლივებას კიდევ ხუთი წლით. არ ვიცით, კიდევ გაგრძელდება თუ არა და მოვუწოდებთ ადამიანებს, სანამ ხელმისაწვდომია, ჩაერთონ მასში“.
C-ჰეპატიტის პროგრამა დღეს პოლიტიკური დისკუსიის საგნად იქცა. რეალურად, რა ფაქტორებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მის წამოწყებაში?
„ვერ ვიტყოდი, რომ ერთ პიროვნებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგადად შეფასდა მთლიანად მდგომარეობა: რამდენად შეეძლო ქვეყანას გამკლავებოდა ამ პრობლემას, თუკი მას უფასოდ მიაწვდიდნენ მედიკამენტს. შეფასდა ჯანდაცვის სისტემის, სამედიცინო რესურსისა და ინფექციონისტების მზაობა. „გილეადს“ სჭირდებოდა აგრეთვე ერთობლივი მხარდაჭერა, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, ისე სამთავრობო სტრუქტურების. ეს ერთობა დაინახეს მათ. [ჯანდაცვის] მინისტრი ძალიან აქტიური იყო. ვერაფერს ვიტყვი მის საწინააღმდეგოდ. მის საქმიანობაში ერთ-ერთი წარმატებბული პროექტი იყო C-ჰეპატიტის პროგრამა”.
არსებობს მითები, რაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უჩენს განცდას, რომ C-ჰეპატიტი მისთვის აქტუალური არ არის, რაც, მაკა გოგიას შეფასებით, მცდარი მიდგომაა:
„ერთგვარი მითია, რომ C-ჰეპატიტი არის დაკავშირებული მხოლოდ ნემსთან და ნარკომანიასთან. ამის საპირწონედ ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ინფიცირებულებს შორის, რა თქმა უნდა, იყო ნარკომომხმარებლების გარკვეული წილი, მაგრამ იყო მოსახლეობის სხვა არაერთი ჯგუფიც, რომელიც სხვადასხვა გზებით დაავადნენ, როგორიცაა, მაგალითად, არასტერილური სამედიცინო მანიპულაციები. გახსოვთ, 1990-იანების შემდეგ როგორი კოლაფსი იყო ჯანდაცვის სისტემის, არ კონტროლდებოდა სამედიცინო სერვისის ხარისხი, არ ხდებოდა სტერილიზაცია. ფაქტობრივად, იმ წლებში ვისაც სამედიცინო მანიპულაცია ჰქონდა ჩატარებული, უმრავლესობას აღმოაჩნდა C-ჰეპატიტი. არ იყო უსაფრთხო სისხლის დონაციის პროგრამა. ზოგადი გავრცელება 8%-მდეა, მაგრამ არის რეგიონები - მაგალითად, სამეგრელო, სადაც 15%-მდეა გავრცელება. იმერეთსა და აჭარაში იყო მაღალი, თბილისშიც - 10 პროცენტამდე“.
დღეისთვის ერთ-ერთ ბარიერად მაკა გოგია ასახელებს რეინფიცირების შემთხვევაში დიაგნოსტირების ხარჯებს:
„ვითხოვთ, რომ ესეც გახდეს უფასო. C-ჰეპატიტის ვირუსს აქვს რამდენიმე შტამი და არსებობს რეინფიცირების შანსი”.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ 28 ივლისს საქართველოს ათზე მეტ ქალაქში მობილური ამბულატორიების საშუალებით ატარებს C-ჰეპატიტსა და აივ/შიდსზე უფასო ტესტირების კვირეულს.