Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ემპათია” ექსპერტების და ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის დევნასა და უკანონო თვალთვალზე საუბრობს


მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი
მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი

ცენტრ „ემპათიის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლემონჯავა ამბობს, რომ უკანასკნელ ხანში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. უფლებადამცველისა და ექსპერტების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ ცენტრ „ემპათიაში“ საგანგებო განცხადება 28 ივლისს გაკეთდა. ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მიმდინარე პროცესს გახმაურებულ საქმეებთან მათ კავშირს უკავშირებს.

„უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიასა“ და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს, ყველა ზემოხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ასობით რეგისტრირებული მომხმარებლის, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მიერ კოორდინებულ, არაავთენტურ ქცევას, რომლთა მიზანია ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია. ყოველივე ზემოთხსენებულზე დაყრდნობით გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე მიმდინარე ზეწოლა“, - განაცხადა ლემონჯავამ.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ამგვარი თვალთვალი, ზეწოლა, დაშინება და ცრუ ინფორმაციის ნაკადი ფსიქოლოგიური ზეწოლაა და აღიქმება, როგორც თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე.

„ასეთი ქმედება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას. ამგვარი მეთოდებით მოქმედებს სპეცსამსახურები რუსეთში, ამგვარი მეთოდებით მოქმედებდნენ საბჭოთა კავშირში, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს”, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლემონჯავა საზოგადოებას ახსენებს, რომ „ემპათიაც” და გიორგი რამიშვილიც ჩართულები არიან არაერთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეში, რომელთაგან ცენტრისთვის უახლესია გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეები, ასევე ცენტრი სწავლობს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცველების მიერ გამოყენებული საშუალებების კანონიერების საკითხს, მიხეილ რამიშვილის სახელი კი, თამარ ბაჩალიაშვილის საქმემდე დაკავშირებული იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან. ადვოკატი ამბობს, რომ ზეწოლა და ცრუ ინფორმაციის ნაკადი მის წინააღმდეგ, დეკანოზის საქმეზე მუშაობის დროსაც მიმდინარეობდა.

„ემპათიაში“ განმარტავენ იმასაც, რომ ბოლო დროს მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლა პირველი არ არის. გიორგი ლემონჯავას თქმით, „2019 წელს ცენტრ ემპათიას მიმართ ადგილი ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ ზეწოლის ფაქტს. 2019 წლის 20 აგვისტოს ამ სააგენტოს თანამშრომლების მიერ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევით განხორციელებული არაგეგმიური ვიზიტის მიზანი ცენტრ ემპათიას უკანონო დაჯარიმება გახლდათ. საქმე ეხებოდა ცენტრ ემპათიას სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზიის პირობების შესრულებას“. ცენტრმა საქალაქო სასამართლოში მოიგო დავა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წინააღმდეგ, ბოლოდროინდელ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით კი ისინი აპირებენ მიმართონ დიპლომატიურ კორპუსს და მიაწოდონ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, იძლევა თუ არა 28 ივლისს ცენტრ „ემპათიაში“ გაკეთებული განცხადება უკანონო თვალთვალის, გადაღების და ზეწოლის შესახებ, გამოძიების დაწყების საფუძველს და მათ პასუხს ჩვენს კითხვაზე მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

XS
SM
MD
LG