Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის პერიოდში საქართველოში რუსული დეზინფორმაციის 7 მიმართულება გამოვლინდა - GRASS


ანგარიშების სერიის „დეზინფომეტრის“ ფარგლებში „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) ორი ანგარიში გამოაქვეყნა. მათი მიზანია, დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიების (როგორც ონლაინ, ისე „ფეისბუკის” გვერდების) მთავარი გზავნილები და მათ დისკურსში არსებული ტენდენციები გამოკვეთოს. ანგარიშები ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის გზავნილებს მიმოიხილავს.

„დეზინფომეტრის“ მარტი-აპრილის საანგარიშო პერიოდი საქართველოში პრორუსული და ანტიდასავლური მედიის გზავნილებს ძირითადად კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში აანალიზებს. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში კრემლი და ანტიდასავლური და პრორუსული მედია COVID-19-სა და მასთან დაკავშირებულ თემატიკას პროპაგანდისტული მიზნებით, კერძოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მისი მანიპულირება, საზოგადოებაში დაბნეულობისა და უთანხმოების, პოლარიზაციის გაღრმავება და ა.შ., აქტიურად იყენებდა.

„დეზინფომეტრის“ მარტი-აპრილის მონიტორინგის შედეგად შვიდი ძირითადი მიმართულება გამოვლინდა, რომელთა ფარგლებშიც ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაცია მანიპულაციურ გზავნილებს ავრცელებდა, ესენია:

NATO აგრესორია

  • NATO მსოფლიო პანდემიის ფონზეც აგრესიულად იქცევა და შავ ზღვაში წვრთნებს მართავს.
  • პანდემიის დროს NATO-ს მიერ საქართველოს მიმართ ყურადღება და სამხედრო ალიანსის გემების ფოთის პორტში შემოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს კი არ სჭირდება NATO, არამედ NATO იყენებს საქართველოს თავისი საჭიროებებისთვის.

აშშ- ვირუსი შექმნა და მას მოწინააღმდეგეებთან ბრძოლისთვის იყენებს

  • კორონავირუსი აშშ-ის მიერ ჩინეთთან სავაჭრო ომში გამარჯვებისთვის ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.
  • უჰანში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა კორონავირუსი ჩინეთში ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში გაავრცელეს.
  • ვირუსი ამერიკელების მიერ შექმნილი „ბაქტერიოლოგიური იარაღია“ და ის იმ ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს, რომლებიც, პენტაგონის დასკვნის თანახმად, აშშ-ისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ესენია: საფრთხე №1 - ჩინეთი, საფრთხე №2 - რუსეთი და საფრთხე №3 - ირანი.

ევროკავშირი სუსტია და იშლება

  • ევროკავშირი იტალიას არ დაეხმარა და მიატოვა, ხოლო იტალიის მეგობრები მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი აღმოჩნდნენ.
  • შენგენის ზონა აღარ არსებობს, რაც ევროკავშირის დაშლას ნიშნავს. ევროკავშირი ვერც პანდემიის შემდეგ აღდგება, ამიტომ საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში შესვლისკენ აღარ უნდა ისწრაფვოდეს.
  • კორონავირუსის მიმართ ევროკავშირის უსუსურობის გამო, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის დამოკიდებულება ევროკავშირთან მიმართებით ნეგატიური ხდება.
  • რუსეთისა და ირანისთვის დაწესებული სანქციებით, ევროკავშირი ამ ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში ხელს უშლის.

საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტურ-კომუნისტური სახელმწიფოების მოდელები უფრო ეფექტიანია

  • საბჭოთა კავშირში ჰიგიენა დაცული იყო, ხოლო ჰომოსექსუალობა დაგმობილი, რაც პანდემიების გავრცელებას ხელს უშლიდა.
  • ევროპის საგანმანათლებლო სისტემის სისუსტის გამო ევროპული სახელმწიფოები პანდემიას თავს ვერ ართმევენ, ხოლო საქართველო და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის რუსეთიც, საბჭოთა მედიცინის წყალობით, კორონავირუსს წარმატებით უმკლავდებიან.
  • პანდემიის შეჩერებაში სოციალისტური და ჩინური მოდელი ეფექტიანია, ხოლო დასავლური, დემოკრატიული და კაპიტალისტური სისტემები წარუმატებელი აღმოჩნდა.

ლუგარის ცენტრი სახიფათოა

  • ლუგარის ცენტრში ამერიკის შეიარაღებული ძალების საიდუმლო ლაბორატორია მდებარეობს, რომელშიც საშიში პათოგენებისა და ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ.
  • ლუგარის ლაბორატორიის ქართული ხელმძღვანელობა არაკომპეტენტურია და მას ვირუსთან დაკავშირებით რეალურ ინფორმაციას ამერიკული მხარე არ აწვდის.

ლიბერალები ეკლესიას უტევენ

  • არასამთავრობო ორგანიზაციები კორონავირუსის გამოყენებით ეკლესიებში წირვა-ლოცვის აკრძალვასა და პატრიარქის დისკრედიტაციას ცდილობენ.
  • დასავლეთი საქართველოს „ეკლესიასთან ბრძოლის“ სანაცვლოდ ეხმარება.
  • მმართველ ლიბერალურ ელიტებს ანტიეკლესიური კურსი აქვთ და ეკლესიას ებრძვიან.
  • მთავრობა აღდგომის შემდეგ მასობრივი ტესტირებების დაწყებას გეგმავდა, რათა ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი ეკლესიისთვის გადაებრალებინა.
  • აღდგომის ღამეს 5G ანძების ტესტირება იგეგმებოდა, რაც ეკლესიაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებდა და ეს საბოლოოდ ეკლესიას დაბრალდებოდა.

დასავლეთი საქართველოს არ ეხმარება

  • საქართველოს ევროპა და ამერიკა არ სჭირდება, რადგან მისი „სასიცოცხლო არტერია“ რუსეთზე გადის.
  • კორონავირუსი გვაჩვენებს, რომ საქართველოს რუსეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
  • აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის მიზერულია.
  • საქართველომ სამედიცინო დახმარება არა დასავლეთისგან, არამედ ჩინეთისგან მიიღო. ქართველ ექიმებს დახმარების იმედი რუსი კოლეგებისგანაც უნდა ჰქონდეთ.

ანგარიშის სრულ ვერსია.

„დეზინფომეტრის“ პირველი გამოცემა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდს მიმოიხილავს და პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების მთავარ გზავნილებსა და დისკურსის ტენდენციებს გამოკვეთს. დეკემბერ-თებერვლის პერიოდის მონიტორინგის შედეგად ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის რვა ძირითადი მიმართულება გამოვლინდა. დეზინფორმაციის ძირითადი სამიზნეები ამ შემთხვევაშიც აშშ, NATO და ევროკავშირი იყვნენ. აქვე საინტერესოა, რომ პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაცია აქტიურად აშუქებდა შიდა პოლიტიკურ საკითხებს. თვალშისაცემი ტენდენცია გამოვლინდა, კერძოდ, ანტიდასავლური და პრორუსული მედია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის დარღვევას საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და ოპოზიციური პარტიების თავდასხმით გამოეხმაურა. ისინი აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ და, ამასთანავე, მკითხველის მაჟორიტარული სისტემის უპირატესობაში დარწმუნებას ცდილობდნენ.

XS
SM
MD
LG