Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულები არიან, განახორციელონ ღონისძიებები, რომ დაიცვან მოქალაქეთა უსაფრთხოება ამ ტერიტორიაზე"


ალეკო ცქიტიშვილი, კამპანიის "იცურე მშვიდად" ერთ-ერთი ინიციატორი
ალეკო ცქიტიშვილი, კამპანიის "იცურე მშვიდად" ერთ-ერთი ინიციატორი

21 ივლისს გავრცელდა ამბავი თბილისის ზღვაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. არაერთი საათი ძებნის შედეგად მაშველებმა ზღვაში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

თბილისის ზღვაზე მსხვერპლისა და მაღალი საფრთხის შემცველი ადგილების არსებობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ისე მოხდა, რომ ადამიანების უმრავლესობა ტრაგიკულ შემთხვევებს გარემოებათაგან იზოლირებულად აღიქვამს.

ალეკო ცქიტიშვილმა სამი წლის წინ, მისი ოჯახის თავს დატეხილი უბედურების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა იბრძოლოს თბილისის ზღვაზე და საქართველოს სხვა ადგილებში არსებულ წყლის ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომ ელემენტარული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდეს არსებული რისკები:

„ჩემთვის, როგორც კამპანიის - „იცურე მშვიდად“ ერთ-ერთი ინიციატორისთვის, ძალიან მტკივნეულია ყოველი ასეთი შემთხვევა, ვინაიდან, თავიდან, როცა ეს კამპანია დავიწყეთ, არ გვქონდა ასეთი მოლოდინები, რომ ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ასე გაჭიანურდებოდა.

ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებზეა ზოგჯერ ლაპარაკი, ვთქვათ, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი აბრების განთავსების შესახებ ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბანაობა არ არის დაშვებული ან აკრძალულია სასტიკად, ვინაიდან საშიში ზონებია.

ამ კონკრეტულ ადგილს რაც შეეხება, სადაც ბოლოს ორი მოზარდი დაიხრჩო თბილისის ზღვაზე, არ გვაქვს ინფორმაცია, აქვს თუ არა რაიმე სტატუსი. როგორც წესი, სანიტარულ ზონებში ექცევა ისეთი ნაგებობები, როგორიც იქ დგას - ის ე.წ. კოშკი, რომელიც არის წყალგამანაწილებელი ან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომლებიც დაცული უნდა იყოს და იქ არ უნდა იყოს დაშვებული ბანაობა.

ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ უნდა შესწავლილიყო ეს ადგილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (სწორედ მერია აგებს პასუხს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის ობიექტების მართვაზე) - რამდენად შესაძლებელია, რომ იქ არსებობდეს პლაჟი ზაფხულობით თბილისის ზღვის მთელ პერიმეტრზე უამრავი ადამიანი ისვენებს.

კოშკის მხარეს სანაპირო ტოვებს პლაჟის შთაბეჭდილებას. თითქოს საშიშროება არც არის ერთი შეხედვით. იქ მისულ დამსვენებლებს არც არავინ უშლის იმ ტერიტორიაზე ყოფნას. თუკი ეს ადგილი არის გამოსადეგი პლაჟისთვის, უნდა მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი, რაც გამოიწვევს პლაჟის ინფრასტრუქტურის მოწყობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, დასუფთავებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ მაშველების ყოფნას.

თბილისის ზღვაზე მხოლოდ ერთადერთი ადგილია, თემქაზე, სადაც მაშველები არიან, რადგან ეს არის ერთადერთი ოფიციალური პლაჟი. იქ არც ერთი უბედური შემთხვევა არ ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ, სადაც მაშველები არიან, იქ დაცულია მოქალაქეთა სიცოცხლე“.

ალეკო ცქიტიშვილი შენიშნავს, რომ, როგორც წესი, წყლის ობიექტებზე უბედური შემთხვევების გამოძიება ერთგვაროვნად - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს და გამოძიება არ მუშაობს ხოლმე სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით:

„ამას აბსურდამდე მივყავართ. საგამოძიებო ორგანოებმა იციან, რა პროცედურები უნდა გაიარონ და იციან, რით დასრულდება გამოძიება. ისინი ირგვლივ არ იყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული არიან, რომ ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულები არიან, განახორციელონ ღონისძიებები, რომ დაიცვან მოქალაქეთა უსაფრთხოება ამ ტერიტორიაზე. არ ხდება სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით საგამოძიებო ვარაუდების დაყენება“.

კამპანიის „იცურე მშვიდად“ წამომწყები „დილის საუბრებში“ ჰყვება სამართლებრივ პროცესზე, რომელიც მან უბედური შემთხვევის კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახთან ერთად წამოიწყო:

„ჩვენ მაშინვე დავიწყეთ აქტიური ქმედებები სამართლებრივი მიმართულებით. მანამდე დაზარალებულ ოჯახებს არ მიუმართავთ სასამართლოსთვის და არ დაუყენებიათ სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი.

ჩვენ ამ კამპანიის საწყის ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ სამართლებრივი მიმართულებით მუშაობის დაწყება, როცა ორი დაზარალებული ოჯახის სახელით (ერთ-ერთი ჩემი ოჯახია) „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამ ადგილას ქმედების განხორციელება, რაც გულისხმობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თემქის მხარეს, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, სადაც ჩემი შვილი და კიდევ ერთი მოსარჩელის 15 წლის შვილი დაიხრჩო.

ჩვენ - ორი ოჯახი, ვითხოვდით ამ ადგილას ბარიერების და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას თბილისის მერიის მიერ და აგრეთვე წყალგამანაწილებელი კომპანია GWP-სგან, რომლის ტერიტორიაც ამ წყლის არხის მეორე მხარეს არის, მოვითხოვდით მისივე ტერიტორიის დაცვას, რაც, რომ იტყვიან, არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. კომპანია GWP-ს სოციალური პასუხისმგებლობის ნატამალი არ აქვს და თავის ტერიტორიასაც არ იცავს, სადაც გადადიან მოქალაქეები, საფრთხეში იგდებენ თავს და კერძო საკუთრებასაც არღვევენ. იქ ბანერზე წერია, რომ დაცვის პოლიცია იცავს და სანიტარული ზონაა, მაგრამ როცა ბანერი არ მუშაობს, საჭიროა სხვა ღონისძიებების გატარება. ამიტომ, დაახლოებით ორი თვის წინ უკვე სამოქალაქო წესით შევიტანეთ სამოქალაქო სარჩელი ცალკე GWP-ს წინააღმდეგ, რომლითაც მოვითხოვთ, რომ GWP-ს მხარეს, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დამონტაჟდეს ვიდეოთვალები, რომლებიც მიერთებული ექნება დაცვის სამსახურს და ეფექტიანად განახორციელებს ამ ტერიტორიის მართვას. აგრეთვე შესაძლებელია, აქ მოეწყოს საგუშაგო და დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ფიზიკურად იყოს იქ, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლეც და კერძო საკუთრებაც.

ამაზე სარჩელის დაწერა არც უნდა დაგვჭირვებოდა. თვითონ კომპანიას უნდა გაეაზრებინა, რასთან გვაქვს საქმე. სრულიად გაუგებარია, რა არის ამ სიჯიუტის მიზეზი. ერთმანეთს აბრალებენ: GWP ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევები მერიის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ტერიტორიიდან შედიან იმ საშიშ ზონაში მოქალაქეები, და მერია კი დარწმუნებულია, რომ ეს ტერიტორია GWP-მ უნდა შემოღობოს და მიაქციოს ყურადღება, ვინაიდან ის წყალი GWP-ს ტერიტორიიდან გამოდის ამ არხში და გარკვეული ლოგიკა მერიის ამ პოზიციაშიც არის. ასე ერთმანეთისთვის გადაბრალებით არც ერთი და არც მეორე არ აკეთებს იმას, რაც ელემენტარულად შეიძლებოდა, რომ თუნდაც ერთად გაეკეთებინათ, ხარჯიც გაეყოთ. არაფერ დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული იმ ქმედებების განხორციელება, რასაც ვითხოვთ. ძალიან უცნაური და პრობლემური პოზიცია აქვთ მათ“.

ალეკო ცქიტიშვილი ჰყვება, რომ თბილისის ზღვაზე, იმ ე.წ. ჩანჩქერის ადგილზე იმყოფებოდა საქმის მოსამართლე და თავად დაათვალიერა ადგილი:

„მოსამართლემ იქვე მოუწოდა თბილისის მერიას მოლაპარაკებისკენ ჩვენი - დაზარალებულების ოჯახების და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონაწილეობით. სულ ორ-სამ თვეშია შესაძლებელი ამ ადგილის დაცვის სქემის მოფიქრება, მაგრამ ამჯობინებენ სასამართლოში დავას, უნდათ, რომ ბოლომდე იდავონ. კი, ბატონო, ჩვენი მხრიდანაც სტრასბურგის სასამართლომდე მივალთ. სამწუხაროდ, ეს გამოიწვევს იმას, რომ დავკარგავთ წლებს, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს დაცვის ღონისძიებები იქნება ასე, როგორც ახლა გვაქვს, სამწუხაროდ.

მათი მიდგომაა დროის გაყვანის პოლიტიკა. როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად ძალიან წამგებიანი პოზიცია აქვს თბილისის მერიას“.

ალეკო ცქიტიშვილი „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს აგრეთვე კანონმდებლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მთელ საქართველოში არსებულ წყლის ობიექტებზე გატარდეს უსაფრთხოების ზომები და მკაფიოდ განისაზღვროს მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა:

„ჩემთვის ყველა შემთხვევა, თბილისის ზღვაზე იქნება თუ წყლის სხვა ობიექტებზე, ძალიან მტკივნეულია ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე და იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რომ მას გარკვეული შედეგი ჰქონდეს“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG