Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სანამ ფინანსების 80% და ქონების 90% იქნება ცენტრში და ცენტრის გარეშე ადგილზე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, ავტორიტარულ სისტემაში ვიცხოვრებთ"


ირაკლი მელაშვილი, თვითმმართველობის ექსპერტი
ირაკლი მელაშვილი, თვითმმართველობის ექსპერტი

საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობა - რა როლს ასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლებები?

საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობა - რა როლს ასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლებები და რა გაწყვეტდა მანკიერ ჯაჭვს, რომელიც მუდმივად მმართველი პოლიტიკური ძალის სამსახურშია? რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამ საკითხებზე ისაუბრა თვითმმართველობის ექსპერტმა, ირაკლი მელაშვილმა. მასთან ინტერვიუ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებზე კომენტარით დაიწყო:

„დაახლოებით მოსალოდნელი იყო, რომ სიაში ძირითადად იქნებოდნენ ბიზნესმენები და ყოფილი ძალოვანები, რომლებიც დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობენ. ამან აჩვენა, რაზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება - მაჟორიტარებად ძირითადად ის ხალხი უნდა გავიდეს, ვინც პოლიტიკურად აქტიური არ იქნება პარლამენტში.

სულ რამდენიმეა - ირაკლი ჩიქოვანი, სოზარ სუბარი, კახა კახიშვილი, ვისაც შეიძლება პოლიტიკური სახეები უწოდო“.

ირაკლი მელაშვილი გამოეხმაურა მიმდინარე წელს თვითმმართველობის მაღალჩინოსანთა „გადადგომების“ სერიას. ბოლო ამ რიგში ბათუმის მერის გადადგომა იყო. როგორც წესი, თანამდებობის არჩეული პირები არ ასახელებენ გადაწყვეტილების მიზეზებს. ბათუმის ყოფილი მერის შემთხვევაში ნიშანდობლივი იყო მისი გადადგომის თარიღიც:

„15 ივლისამდე თუ გადადგებოდა, ოქტომბერში გაიმართებოდა რიგგარეშე არჩევნები და ბათუმს ახალი მერი ეყოლებოდა. გადადგა 16 ივლისს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ, რადგან თვითმმართველობის არჩევნების წელი მოდის, მაისში აღარ გაიმართება და იქნება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. ანუ, წელიწადზე მეტი დროით მერმა დატოვა ქალაქი არჩეული თანამდებობის პირის გარეშე, რაც, უბრალოდ რომ ვთქვათ, ძალიან უსინდისო საქციელი იყო მისი მხრიდან.

მერიები წარმოადგენენ საარჩევნო შტაბებს ცენტრალური ხელისუფლებისთვის და დაიწყეს „შტაბებში“ წესრიგის დამყარება. თვითმმართველობების სხვა ფუნქციას ხელისუფლება არჩევნების პერიოდში ვერ ხედავს ხოლმე.

მერების მოვალეობის შემსრულებლები დანიშნეს იმ პრინციპით, ვინ იქნებოდა იქ მაჟორიტარობის კანდიდატი. გარდა ამისა, გათავისუფლდნენ არცთუ ისე პოპულარული მერებისგან.

თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მერს უზარმაზარი ფუნქცია აქვს და თვითმმართველობასაც. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამას არ აქცევს ხშირად ყურადღებას, მაგრამ საარჩევნო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პროცესის წარმართვა თავიდან ბოლომდე არის ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია, იქნება ეს: წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის ტერიტორიის გამოყოფა, მათი ჩატარება, გარე რეკლამა, წესრიგის უზრუნველყოფა ამ შეხვედრებზე.

ძირითადად, რითაც მიმდინარეობს კამპანია, ყველაფერი არის მერების გასაკეთებელი. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემაა, 80% მოდის რეგიონებზე. თვითმმართველობას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არჩევნებში.

მანამდე არ გვექნება ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, სანამ გვექნება ეს სიტუაცია თვითმმართველობებში, როცა დაწყებული მთავრობის თავმჯდომარიდან, დამთავრებული 3300-ე სოფლის რწმუნებულით - ყველა იქნება ერთი პარტიის და ერთი ვერტიკალის წევრი.

ასეთ ვითარებაში ადმინისტრაციული რესურსის შეჩერება არის საკმაოდ რთული და სჭირდება ის რევოლუციური მუხტი, რომელიც 2012 წელს, როცა ამ რესურსმა ვერ იმუშავა. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს რესურსი უზრუნველყოფს არჩევნებში გამარჯვებას. სწორედ ამაზე აქვს აქცენტი მმართველ პარტიასაც - რომ მოქოქოს მანქანა - „თვითმმართველობა“.

ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენების საკითხს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც. რამდენად შესაძლებელია ამ საკითხის კანონმდებლობით რეგულირება?

„ჩვენ გვინდა, საკანონმდებლო აკრძალვებით დავხუროთ პრობლემა, რომელიც სხვა ტიპის პრობლემაა. რაც უნდა აკრძალო, თუკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაცია არის ერთპარტიული, ადმინისტრაციული რესურსი იმუშავებს.

პრობლემა არის სხვა რამეში - ეს სისტემა არ უნდა გვქონდეს. გარე განათება რომ გაკეთდეს რომელიმე სოფელში, იქაც ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენ აბსოლუტურად ავტორიტარულ სისტემაში ვცხოვრობთ ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

შეიძლება, ამ ავტორიტარიზმს ისე ვერ ვგრძნობთ, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, რადგან იქ უბრალოდ სიტყვიერად გამოიხატებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვინც მუშაობს და საქმეს აკეთებს, მან ძალიან კარგად იცის, რომ თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე და რამდენიმე კაცის კეთილგანწყობაზე, ვისაც სამეურნეო საქმეებთან აქვს შეხება.

სისტემური ცვლილების გარეშე, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით რაიმეს გამოსწორება ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით არის შეუძლებელი.

სულ ვამბობ, მსოფლიო რეკორდსმენები ვართ - 30 წლის განმავლობაში 5-ჯერ შევცვალეთ კონსტიტუცია და სულ ვცვლით ცენტრალურ ხელისუფლებაში მმართველობის მოდელს - საპრეზიდენტო, საპარლამენტო... ვიძახით, რომ იმ მოდელს ავტორიტარიზმისკენ მივყავართ და მერე აღმოჩნდება, რომ ამ მოდელსაც ავტორიტარიზმისკენ მივყავართ. სინამდვილეში, სანამ ის ძალაუფლება და სანამ ის ფინანსები, რაც დღეს ცენტრალურ ხელისუფლებაშია, იქ დარჩება, გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა პრემიერ-მინისტრი, გინდა რაიმე სხვა ფიგურა მოვიგონოთ, სანამ ფინანსების 80% და ქონების 90% იქნება ცენტრში, ანუ ცენტრის გარეშე ადგილზე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, მუდმივად ავტორიტარულ სისტემაში ვიცხოვრებთ.

პოლიტიკოსების 90% არ იბრძვის ამ სისტემის შესაცვლელად, პირიქით - ისინი იბრძვიან, რომ ამ სისტემაში მოვიდნენ, მობრუნდნენ ხელისუფლების სათავეში და ყველა ბერკეტი ისევ საკუთარ ხელში ჰქონდეთ. ეს სისტემა ხომ 2005-2008 წლებში შეიქმნა საქართველოში.

ეს ცენტრალიზებული სისტემა ხელს უწყობს იმასაც, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიებიც ზუსტად იგივე სისტემით არის აგებული, როცა არსებობს ცენტრალური ორი-სამი კაცი და დანარჩენი პარტია არის უბრალოდ შემსრულებელი პარტიის ხელმძღვანელების ნების. როგორც სახელმწიფო სისტემა გვაქვს ცენტრალიზებული და არაეფექტიანი, ისეთივეა პარტიული სისტემაც. ყველას იმის ილუზია აქვს, რომ მოვა ამ სისტემაში, დაჯდება და მთელი ბერკეტები და ფული მის ხელში აღმოჩნდება“.

„დილის საუბრების“ სტუმარი კორუფციის საკითხსაც ეხება და სვამს კითხვას:

„როგორ შეიძლება, ფინანსების განაწილება იყოს 80%-20%-ზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ქონება - 90%-10%-ზე და კორუფციის ფაქტები, რომლებსაც იძიებს და ხსნის სამართალდამცავი სტრუქტურა, 100%-ით იყოს ადგილზე?“.

ამასთან, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ფინანსური ცენტრალიზაციის სასარგებლოდ არის ის, რომ რეგიონებში კორუფციის პრევენციას ახდენს.

„ვხედავთ შეუსრულებელ, ცუდად გაკეთებულ პროექტებს, ვხედავთ ფირმებს, რომლებიც წლიდან წლამდე აფუჭებენ საქმეს, მაგრამ წლიდან წლამდე იმარჯვებენ ტენდერებში და ა.შ. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა უმთავრესი ამოცანა, თუ გვინდა ქვეყნის აშენება, არის ის, რომ ეს ძალაუფლება ნელ-ნელა ქვევით უნდა წამოვიდეს“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი „დილის საუბრებში“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG