აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედია Haqqin.az ახალ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. რედაქცია წუხს, რომ ოფიციალურმა პირებმა საქართველოში გამოცემის კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს და საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შესაძლო ტრანზიტის ისტორიას ახალ დეტალებს ამატებს.
Haqqin-ის მტკიცებით, სომხეთში შეიარაღების გასაგზავნად, საქართველომ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა სლობოდან ტესიჩს, იარაღით მოვაჭრეს, რომელიც სანქცირებულია აშშ-ის კონგრესის მიერ. ტესიჩი შეყვანილია „მაგნიტსკის აქტში”, რომელიც შეზღუდვებს უწესებს ადამიანის უფლებების დამრღვევ და კორუფციაში ჩართულ ადამიანებს.
19 ივლისის სარედაქციო წერილში Haqqin.az ამტკიცებდა, რომ სერბეთმა და რუსეთმა საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდა. ეს საქართველოში დეზინფორმაციად შეაფასეს.
საპასუხოდ გამოცემა ორ ფოტოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მათზე ჩანს კამაზის ტიპის რუსული ავტომობილები, რომელთაც საქართველოს სახმელეთო გზით, სომხეთის მიმართულებით შეიარაღება გადააქვთ.
გამოცემის ინფორმაციით, სერბეთიდან სომხეთში შეიარაღება საჰაერო გზით ჩავიდა. საქართველოს ტერიტორიაზე კი ის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანილმა სლობოდან ტესიჩმა გაგზავნა.
„Haqqin-ის რედაქციის ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სერბეთიდან ნაღმმტყორცნები სერბულმა კომპანიამ Vectura Trans D.O.O გაგზავნა, მიმღები კი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა. „Ventura Trans აშშ-ის სანქცირებულთა სიაში, ე.წ. მაგნიტსკის აქტში ფიგურირებს”, - წერს Haqqin და განაგრძობს: „შეიარაღება სერბეთის ქალაქ ნიშიდან საჰაერო გზით გაიგზავნა, დსთ-ის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ავიახაზებით”.
ვინ არის სლობოდან ტესიჩი?
ტესიჩი 2017 წლის შემდეგ ამერიკული სანქციების ქვეშაა. მას 10 წლის განმავლობაში მოგზაურობა შეზღუდული ჰქონდა გაეროს მიერ, ლიბერიაში იარაღის უკანონო ექსპორტირების გამო. ამერიკის ხაზინის ინფორმაციით, ქრთამის და ფინანსების მეშვეობით, ტესიჩი აზღვევდა კონტრაქტებს სხვადასხვა ქვეყანასთან. ის, ასევე, გარეული იყო ლიბიაში იარაღის გასაღებაში.
აშშ-ის ხაზინის ინფორმაციით, Vectura Trans DOO-ს მფლობელი და მმართველი დირექტორი, პირდაპირ ან არაპირდაპირ მართულია სლობოდან ტესიჩის მიერ.
„ტესიჩი ამ კომპანიას იყენებდა დამტკიცებული ლიცენზიების მისაღებად, იარაღის გარიგებების დასადებად და უცხო ქვეყნების ხელისუფლებებთან ხელშეკრულებების დასადებად”.
რატომ (არ) არის სამხედრო ტვირთის გატარება პრობლემა?
„სანქცირებულ პირებთან ურთიერთობა, როგორც წესი, ასბოლუტური უკიდურესობის პირობებში შეიძლება და ისიც შენი სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესებისთვის და არა სხვა, მესამე მხარისთვის”, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ზოგადად სამხედრო ტვირთის ტრანზიტში პრობლემას ვერ ხედავს.
თუ საქართველო სომხეთს იარაღის მიღებაში დაეხმარა, ეს პრობლემა არაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ - თანაბარ პირობებში - აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი იარაღიც გაატარა, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას ამ თემის კომენტირებისას.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს პასუხი თავდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს, რადგან ამ ტიპის ტვირთის გატარებაზე ნებართვას სწორედ ეს უწყება გასცემს.
„არ გვითხრან, რა იარაღი გაატარა და ა.შ. მაგრამ თავისთავად გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ ჩვენ სერიოზულ სკანდალში შეიძლება აღმოვჩნდეთ აზერბაიჯანთან”, - ამბობს იგი.
თინა ხიდაშელი ჰყვება, რომ 2016 წელს - როცა ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მორიგი ესკალაცია მოხდა - მაშინაც იყო ამ კონფლიქტში საქართველოს გარევის მცდელობა:
„აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ველაპარაკე - მან საჯარო კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიისთვის. პრესამ დაწერა, რომ მე დავურეკე მინისტრს და წარმატებები ვუსურვე. ზუსტად 5 წუთის შემდეგ დავდეთ ჩვენ ჩემი სატელეფონო საუბარი სომეხ მინისტრთან. არც ერთი საუბრის შინაარსი მე არ მომიყოლია. მათ [თავდაცვის სამინისტროს] შეუძლიათ ინფორმაცია ისე მიაწოდონ საზოგადოებას, რომ გასაგები გახდეს ყველაფერი”.
თინა ხიდაშელი, ასევე, ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ რუსეთიდან გაგზავნილი სამხედრო ტვირთი ნამდვილად სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი და არა რუსული ბაზისთვის.
რა გამოცემაა Haqqin.az?
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რამდენიმე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ Haqqin პროსახელისუფლებო პორტალია, რომელიც ძირითადად ოფიციალური ბაქოს პოზიციას ახმოვანებს და, როგორც წესი, მოვლენებს აზვიადებს.
მართალია, ხელისუფლება ამ მედიას ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს, - უთხრა ალიევის დიდი ხნის ოპონენტმა და გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ რადიო თავისუფლებას, მაგრამ იქვე ეჭვი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის თემაზე მასალების გამოსაქვეყნებლად Haqqin-ს ხელისუფლების მითითება დასჭირვებოდა.
„არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რატომაც ამას საქართველოს მთავრობა დათანხმდებოდა. [ხელისუფლებას ამ ბრალდებას მე ვერ წავუყენებ, რადგან არ მჯერა, რომ სიმართლეა, მაგრამ თუ ეს დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსული სცენარი, იმიტომ, რომ ორი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ მიდიხარ, საერთაშორისო წესების დარღვევით“, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
სარედაქციო წერილის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სერბეთის ელჩი. შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ დადასტურებულად იცის, რომ სერბეთიდან სომხეთში იარაღის მსხვილი პარტია გაიგზავნა. ამის შესახებ ბაქო ბელგრადისგან განმარტებას ითხოვს.
რადიო თავისუფლებამ განმარტების თხოვნით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს. არც ერთი უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.