Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმის ნაცვლად, რომ გააკრიტიკონ, რაც გასაკრიტიკებელი არ არის, პირიქით - გამოიყენონ ეს კვლევა თავისი კამპანიის აგებაში“


ნინო ჯაფარიძე, Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი
ნინო ჯაფარიძე, Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი

„ედისონ რისერჩის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები 16 ივლისს გამოქვეყნდა.

"როცა „ქართულ ოცნებას“ 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ და 3-ის ნაცვლად 5 უნდა ყოფილიყო. პარტია „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელმაც შეიძლება უმრავლესობა მოიპოვოს ყოველგვარი კოალიციების გარეშე", - განაცხადა გასულ კვირაში მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებზე.

„ედისონ რისერჩის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები 16 ივლისს გამოქვეყნდა და პოლიტიკური რეიტინგების გარდა, რაც ტრადიციულად ყველაზე ხმაურიანი შეფასებების საგნად იქცა, მასში მკაფიოდ არის ნაჩვენები გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოს ამომრჩეველი დგას.

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ამერიკული ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტმა, ნინო ჯაფარიძემ 20 ივლისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ასეთი რეაქცია ხშირად მოუსმენია. კონკრეტულ რეპლიკას კი ასე პასუხობს:

“მოვისმინე ტელევიზიით ბატონ კახი კალაძის რეპლიკა, სადაც მან თქვა, რომ „ედისონს“ შეეშალა რიცხვი და 39-ის ნაცვლად 59 უნდა ყოფილიყო.

ვიტყოდი, რომ სასაცილოა, რადგან „ედისონს“ რიცხვები ნამდვილად არ ეშლება არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში. რიცხვები რომ გვეშლებოდეს, 2004 წლიდან მოყოლებული 16-ჯერ არ განახლდებოდა აშშ-ში არჩვენების კვლევებზე კონტრაქტი „ედისონ რისერჩთან“. არადა, კონკურენცია ძალიან მაღალია.

ასე რომ, რიცხვები არ გვეშლება, რადგან ყველა კვლევაში, ჩვენი ყველა კლიენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არის, რომ ვაქვეყნებთ იმ პროცენტებს, რასაც ვიღებთ მოსახლეობისგან იმ მომენტში.

ამჯერად არა მარტო მმართველ პარტიას არ მოეწონა ჩვენი პროცენტები, არამედ ასევე მოვისმინე ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ „ფორმულაზე“, სადაც მან ბრძანა, რომ „ედისონის“ მიერ დადებული შედეგი არის „საბოტაჟი“ საქართველოს მიმართ.

„ედისონი“ არ იკადრებს არც საბოტაჟს, არც რიცხვების გაყალბებას. რეალობა ასეთია. პარტიების და კანდიდატების რეიტინგები ასეთია. რა თქმა უნდა, ზოგს ეს მოსწონს და ზოგს არა, მაგრამ მთავარი, იცით, რა არის: მიხვდეს ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომ ამ კვლევის არსი მდგომარეობს საზოგადოებრივი აზრის გაგებაში და გადმოცემაში გასაგებ ენაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიღრმისეულად შეისწავლონ და იმის ნაცვლად, რომ გააკრიტიკონ, რაც გასაკრიტიკებელი არ არის, პირიქით - გამოიყენონ თავისი კამპანიის აგებაში“.

„ედისონ რისერჩის“ ბოლო გამოკვლევის შედეგებში კი პარტიების და პოლიტიკოსებისთვის სასარგებლო ინფორმაციას, რეიტინგებს მიღმა, წარმოადგენს: ამომრჩევლის მიერ ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეული პრობლემები, მისი ეკონომიკური მდგომარეობა, მისი ნდობის ხარისხი სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი პესიმისტური დამოკიდებულება უახლოესი მომავლისადმი:

„ფაქტი არის ის, რომ ქვეყანაში კოვიდის შედეგად გაიზარდა ფასები. გამოკითხული ადამიანებს 82% ამბობს, რომ საკვები და პირველადი მოხმარების საგნები გაძვირებულია. როცა ვეკითხებით, ხომ არ დაკარგეს ან შეუმცირდათ თუ არა ხელფასი, გამოკითხული ადამიანების ნახევარი ამბობს, რომ შეუმცირდა ხელფასი ან დაკარგა ის. შიში იმისა - შეძლებენ თუ არა, რომ გამოიკვებონ თავი, ელემენტარული პროდუქტი შეიძინონ: უზარმაზარი პროცენტია მოსახლეობის, რომელიც ამბობს, რომ აქვს ან ძლიერი შიში ან ოდნავ მაინც შიში. თითქმის 7 ადამიანი 10-დან საქართველოში ამბობს, რომ ღელავს ამაზე. ეს მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზეც , ყოველდღიურ ყოფაზე.

განწყობებიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან პესიმისტური.

მომავალზე რომ ვეკითხებით, ვთქვათ, კოვიდის პანდემიის ტალღა რომ გადაივლის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპის მიმართ რა მოლოდინი აქვთ, 74% არ მოელის, რომ ეკონომიკა განვითარდება სწრაფად. ამის გარეშე საქართველოში უმთავრესი პრობლემები ისევ იქნება: უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა.

პირველი კვლევა არ არის, რომელიც ამას აჩვენებს. უბრალოდ, ამ კვლევაში გამოჩნდა, რამდენად გაზრდილია უარყოფითი მუხტი, სიდუხჭირე. საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს.

ეს ჩანს უკვე პოლიტიკურ ნაწილში დასმულ კითხვებზე პასუხებშიც. როცა ვეკითხებით აპირებენ თუ არა წასვლას არჩევნებზე, 71% ამბობს, რომ აპირებს დანამდვილებით და მათ შორის, როცა ვეკითხებით, თუ როგორი შედეგი სურთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - იყოს ერთი მმართველი პარტია, ისევ „ქართულ ოცნებას“ დარჩეს ლიდერის როლი - უმრავლესობას ურჩევნია იყოს ოპოზიციური ძალა/ძალები. ეს ჩანს პარტიული რეიტინგებიდანაც.

არ გამოიკვეთა ერთი ძალა რომელიც თავისუფლად შეძლებს 40% ბარიერის გადალახვას, რათა დააკომპლექტოს მთავრობა“.

ამასთან, ნინო ჯაფარიძე აქცენტს აკეთებს გამოკითხულთა 20%-ზე, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება - რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, რა რეიტინგიც ახლა აქვთ, პარტიებმა არ იფიქრონ, რომ ეს არის სტატიკური მდგომარეობა. გაყინულები ნამდვილად არ ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტიისთვის, რომ იმოქმედონ.

ძალიან საინტერესო კითხვა გვქონდა კვლევის დროს ინსტიტუციებზე. სამწუხაროდ, პარტიების მიმართ ნდობა საქართველოში არის ძალიან დაბალი. პარლამენტის მიმართ ნდობაა დაბალი, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი, მთავრობის მიმართ - დაბალი.

პარტიებს დავუბრუნდები - ნდობა პარტიების მიმართ არის დაბალი, ვინაიდან პარტიები არ არიან ხალხთან კავშირში“.

ინსტიტუციების ნაწილში „ედისონ რისერჩმა“, კოვიდის ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, პირველად ჩასვა "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი", რომელმაც ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ჯარისა და ეკლესიის შემდეგ.

„ედისონ რისერჩის“ ვიცეპრეზიდენტი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ „ფორმულის“ დაკვეთით მისი კომპანია ჩაატარებს საზოგადოებრივი აზრის კიდევ სამ გამოკვლევას და არჩევნების დღეს - ექსიტ-პოლს. ამასთან, ნინო ჯაფარიძე ლაპარაკობს თავისი საქმიანობის პროფესიულ მხარესა და სტანდარტის დაცვის მნიშვნელობაზე:

„დღევანდელი კვლევით ნუ განსჯით შედეგებს. ჩვენ კიდევ სამ - 2000-კაციან კვლევას ჩავატარებთ „ფორმულის“ დაკვეთით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აზრს გამოხატავს.

რეპრეზენტატიულობა რომ იყოს დაცული, ამისთვის არის საჭირო მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენება - არა მარტო მათი გაგება და ცოდნა, არამედ რეალიზება.

მე ამ საქმის შესწავლას მივუძღვენი ჩემი ცხოვრების 12 წელი - მხოლოდ განათლებას. პროფესიულად კი 25 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ვატარებ ასეთი ტიპის კვლევებს. ეს არ არის მარკეტინგული კვლევა. ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კვლევა და „ედისონის“ რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ შეცდომები. ძალიან მნიშვნელოვანია საქმის ხარისხი ყველა ეტაპზე: კითხვის დიზაინით დაწყებული, საველე სამუშაოებითა და ჩატარებული ინტერვიუების გაკონტროლებით, მონაცემების ბაზის გაანალიზებით გაგრძელებული.

ეს არის ჩვენი სფერო. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე. ეს ჩვენი ხელობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ცდომილება დავიყვანოთ მინიმუმამდე იმისთვის, რომ გვენდოს ხალხი“.

ნინო ჯაფარიძე იხსენებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისდროინდელ კვლევებს და პარლამენტის სპიკერის მიერ მის „ვინმე ნინო ჯაფარიძე“-დ მოხსენიებას, რომლის კომპანიის კვლევაც ერთადერთი იყო, რომელმაც მეორე ტურის შესაძლებლობა აჩვენა.

„დილის საუბრების“ სტუმარი შეეხო მისი კომპანიის მიერ საქართველოში გამოკვლევის ჩატარების ზოგიერთ ნიუანსს და იმ კითხვებს, რაც ხშირად გაისმის ხოლმე „ედისონის“ მიმართ, იქნება ეს დამკვეთისა თუ ქვეკონტრაქტორის შესახებ:

„საქართველოში ხშირად ისმის კითხვა, თუ ვინ „გვიკეთებს ველს“. პროფესიონალების ამ ჯგუფთან, ვისაც საქართველოში ჩვენ ველს ვუკვეთავთ, ისეთი პროფესიული ურთიერთობა გვაქვს, აი, თუ გაიხსენებთ რეიგანის გამოსვლას - „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“ - არავისთვის გვინდა გულის ტკენა, მაგრამ გადამოწმება ყველა ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სანამ გადაამოწმებ, ადამიანებთან უნდა იმუშაო, უნდა აუხსნა შენი სტანდარტი რა არის. ამას სჭირდება რესურსიც და დროც, რასაც „ედისონი“ არ ზოგავს.

ვინაობას, რომელ პარტნიორთან ერთად ვატარებთ ამ თუ სხვა კვლევას, არ ვამჟღავნებთ, რადგან საქართველოში არის არაჯანსაღი დამოკიდებულება და ზეგავლენების მცდელობა კვლევით ორგანიზაციებზე და როცა იციან როდის ვაკეთებთ ველს და ვინ გვიკეთებს, ეს ქმნის საფრთხეს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ექსცესები, არაკორექტული, არაეთიკური მიდგომა ჩვენი კოლეგების მიმართ მინიმუმამდე იყოს შემცირებული.

რაც შეეხება „ედისონის“ სტანდარტს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროფესიის ეთიკა. ჩვენი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს AAPOR და WAPOR - ეს არის აშშ-ს და მსოფლიოს სოციოლოგიური ასოციაციების სტანდარტებით.

ყოველთვის ვამბობთ ვინ არის ჩვენი დამკვეთი. ბევრჯერ ჩაგვიტარებია კვლევები „რუსთავი2“-სთვის, 2019 წლის ნოემბრიდან კვლევებს ვუკეთებთ ტელეკომპანია „ფორმულას“.

ყოველთვის, როცა ჩვენთან არის საუბარი ასეთ პროფესიულ ურთიერთობაზე, უმთავრესი პირობა არის, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს თვითონ გავუძღვებით, არ იქნება მინიმალური მცდელობაც კი კლიენტისგან ზეგავლენის. ასეთი მცდელობა რომ იყოს, „ედისონი“, ხელმოწერილ კონტრაქტს უარყოფს და ჩვენი ურთიერთობა შეწყდება.

მე პირადად პოლიტოლოგი ვარ და დემოკრატიის განვითარების, კონსოლიდაციის საკითხებზე მაქვს დაცული დისერტაცია ოქსფორდის უნივერსიტეტში და საქართველოს, პოსტ საბჭოთა ქვეყნების, ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ამ კუთხით განვითარება არის ჩემი მთავარი სფერო და ხშირად ვცდილობ, რომ ასეთი ხელწერა ყველა კვლევაში იყოს. საბედნიეროდ, „ფორმულას“ ეს თემატიკა ძალიან აინტერესებს“.

ნინო ჯაფარიძე ძალიან მნიშვნელოვნად თვლის მოსახლეობის განწყობას სოციოლოგიური კვლევების მიმართ:

„მინდა ვთხოვო მოსახლეობას: შეიძლება ნებისმიერ თქვენგანთან იყოს კავშირი და დააკაკუნონ თქვენს ოჯახში. ძალიან გთხოვთ, დაგვთანხმდეთ ინტერვიუზე, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს აზრს გამოხატავთ და არა მარტო ჩვენ გვეუბნებით, არამედ ეუბნებით საქართველოს მოსახლეობას. აზრის გაზიარება ხდება ასეთი პროფესიული კვლევების საშუალებით“.

იმათ პასუხად, ვინც „ედისონ რისერჩის“ გამოკვლევების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს, ნინო ჯაფარიძე აცხადებს:

„სახელს არ გავიფუჭებთ ერთი კლიენტის ან ერთი კვლევის გამო არასოდეს. ჩვენ რომ ვაყალბებდეთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე ვმუშაობდეთ, 16-ჯერ განახლდებოდა საარჩევნო კვლევების კონტრაქტი აშშ-ის უდიდესი ტელეარხების მხრიდან, როგორებიცაა CNN, NBC, CBS და სხვები? საქართველოში ასეთი ფუფუნების საშუალება ჰქონდა „რუსთავი2“-ს, ეს ძვირი დაჯდა მაშინაც და „ფორმულასაც“ ძვირი უჯდება, რადგან ეს იყო პრიორიტეტი ამ არხების, ჩატარებულიყო პროფესიონალური კვლევა“.

გასული კვირის დასასრულს USAID-ის საქართველოს მისიის ხელშეწყობით ჩატარდა ფორუმი „საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვა ანგარიშვალდებულიდა დემოკრატიული მმართველობისათვის“, რომელიც ონლაინ-ფორმატშიც მიმდინარეობდა:

„მოვისმინე ეს ვებინარი და რჩევაც, რომ ეს პრობლემა გადაწყდება, თუ დაარსდება სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციების ქართული ასოციაცია. შეიძლება ეს გავაკეთოთ და ამაში მეც მივიღო მონაწილეობა, მაგრამ ასეთი ასოციაციები არსებობს. არის ევროპისაც, ESOMAR-ი ჰქვია.

ვიტყოდი, რომ საქართველოში არსებული სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციები ძალიან კარგად ერკვევიან თუ რა არის ჩვენი პროფესიული ეთიკის სტანდარტი, ძალიან კარგად იციან თუ რა არის სწორად გაკეთებული და დასმული კითხვები. ყველამ ძალიან კარგად იცის: არსებულმა, კარგა ხანს არსებულმა, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი ამ ფორუმზე.

ვეთანხმები ერთ-ერთ გამომსვლელს: პრობლემა არის ის, რომ არის ზეწოლა პოლიტიკური მოთამაშეებისგან, რადგან მათ არ მოსწონთ, როცა იდება რეიტინგი, რომელიც მათ არ წარმოაჩენს წინა პლანზე. პოლიტიკური ჩარევა, პოლიტიკური ზეწოლა, კორუფციაც - ეს არის პრობლემა და ამას არ უშველის ასოციაციის ჩამოყალიბება. ამაზე დაიხარჯება უბრალოდ დროც თანხაც.

მე პირადად ვურჩევდი USAID-ს, რომ თანხა დახარჯონ დასავლეთის უნივერსიტეტებში მეტი სტუდენტის გაგზავნაში, სადაც სოციოლოგიას ვასწავლით, სადაც პოლიტოლოგიას ვასწავლით და ასევე გაგზავნონ ქართველი სოციოლოგები ESOMAR-ში, AAPOR-ში, რადგან ასეთი კონფერენციები საკმაოდ ძვირი ჯდება“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG