19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, დაბადების დღეზე მყოფმა ახალგაზრდებმა, ინციდენტიდან მალევე, სავარაუდოდ, ერთ საათში შეიტყვეს.
ამას ადასტურებს საქმის ახალ მასალებში არსებული 24 წლის ქალის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მცხეთის აგარაკზე დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა.
გამოკითხვის ოქმის თანახმად, მცხეთის აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ახალგაზრდები სამი მანქანით გაემართნენ ლისის ტბის ტერიტორიისკენ წვეულების გასაგრძელებლად. თუმცა, ნუცუბიძის პლატოსთან, მათ ტელეფონით დაუკავშირდა მეორე მანქანაში მჯდომი მეგობარი ბ.უ., ინციდენტის შესახებ შეატყობინა და მიაწოდა ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ:
„ჩვენ გეზი ავიღეთ ლისის ტბის მიმართულებით. ადგილზე [მცხეთაში] დარჩა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი და ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ სამი საბურთალოელი პირი. როდესაც მივუახლოვდით ნუცუბიძის პლატოს, ჩვენ დაგვიკავშირდა მეორე მანქანაში მჯდომი ბ.უ. და გვითხრა, რომ მცხეთაში დარჩენილ ბიჭებს მოუვიდათ ჩხუბი იუბილარის ნახალოვკელ მეგობრებთან და ამის გამო, მათ აღარ სურდათ წვეულების ლისის ტბაზე გაგრძელება. მან ასევე თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული. ამჟამად ვეღარ ვიხსენებ, რომელ ჩვენგანს დაუკავშირდა ბ.უ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ავსულიყავით თემქაზე, ანას ერთ-ერთ იქ მყოფ ნათესავთან“.
საქმის მასალების თანახმად, ბ.უ., რომელმაც მეგობრებს გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინა, იმ ავტომობილში იჯდა, სადაც ინციდენტისას დაშავებულმა ვახტანგ ახვლედიანმა დარეკა. თუმცა, გამოკითხვის ოქმში, ბ.უ. არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მან გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ იცოდა და ეს ამბავი მეგობრებსაც უთხრა:
„ცემის ფაქტის შესახებ შევიტყვე ლუკა ბეჟანიშვილისგან, როდესაც ვიმყოფებოდით ლისის ტბის მიმდებარედ. მას ტელეფონზე დაურეკა ვახტანგ ახვლედიანმა...19 ივნისის დაახლოებით 01:00 საათი იყო. გზაში ჩემი ტელეფონი გამომართვა ლუკა ბეჟანიშვილმა, რომელმაც დარეკა ვახო ახვლედიანთან და ჰკითხა, რა მდგომარეობაში იყო, ვისთან მოუვიდა ჩხუბი, სად იმყოფებოდა და რა სჭირდებოდა. მანქანაში მსხდომებს გვითხრა, რომ ვახო მცხეთის მაგისტრალზე სცემეს იმ პირებმა, რომლებთანაც ჩემს მეგობრებს მოუვიდათ კონფლიქტი დაბადების დღეზე.“.
შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.