Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებს სურთ თავად გამოკითხონ მთავარი მოწმეები


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატები მოითხოვენ თავად გამოკითხონ ის ხუთი ახალგაზრდა, რომლებიც 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე, გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. მათივე განცხადებით, თუკი მოწმეები უარს იტყვიან გამოკითხვაზე, მაშინ ისინი მოითხოვენ, რომ მოწმეები მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ.

ბრალდებულების ადვოკატებმა მოწმეებს უკვე გაუგზავნეს უწყებები და მათ ოფისში, 18 ივლისს, 14 საათისათვის ელოდებიან. ხუთი მოწმის გამოსაკითხად ადვოკატებს თითო-თითო საათი აქვთ გამოყოფილი.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქმეში დევს, ბევრ კითხვას აჩენს. განსაკუთრებით, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ნაწილში და ეს კითხვები გამოძიებას აქამდე არ აქვს დასმული.

ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც მოწმეების გამოკითხვას ითხოვს, ვასილ მამულაშვილია:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გამოვკითხოთ მოწმეები და აღნიშნული უფლებამოსილება ჩვენ გაგვაჩნია საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პირებმა ნებაყოფლობით მოგვაწოდონ ინფორმაცია და მიიღონ ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. თუკი ისინი უარს განაცხადებენ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ორი საფუძველი, რომ ეს ადამიანები სასამართლოში გამოიკითხონ. ეს არის პირის უარი და მეორე, რომ შესაძლოა, ისინი ფლობდნენ საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას“.

როგორც ვასილ მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, მოწმეებთან მათ კონკრეტული კითხვები აქვთ:

„კითხვები გვექნება, მაგალითად, ფოტოგრაფთან, რომელიც ჩვენებაში ამბობს, რომ მცხეთიდან წავიდა სახლში, რეალურად კი ის თემქაზე აღმოჩნდა, დაბადების დღის წვეულებაზე. კონსტანტინე ღიბრაძე ჩვენებაში არ ყვება მცხეთაში დაბრუნების დეტალებს, რამდენი მანქანით ჩავიდნენ, რა მანქანებით, სად ეძებეს დაკარგულები. ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების თანახმად, ის ინციდენტის ადგილიდან ტელეფონით მხოლოდ ერთ ადამიანს ელაპარაკა, რეალურად კი მისი სატელეფონო ამონაწერი სულ სხვაზე მეტყველებს. რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილს, ის ამბობდა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, არავისთან ჰქონდა კომუნიკაცია. თუმცა, საქმის ახალი მასალებიდან ცხადი ხდება, რომ ამირხანაშვილი ღამით შაქარაშვილის მეგობარს ესაუბრა. გარდა ამისა, გაურკვეველია, საბოლოოდ, დაინახეს თუ არა მათ, ვინ მისდევდა შაქარაშვილს. ხან ამბობენ, დავინახეთო, ხან ამბობენ, ვერ დავინახეთო. ეს უნდა დადასტურდეს, რა დაინახეს რეალურად. ეს კითხვები ღიად არის დარჩენილი“.

ვასილ მამულაშვილის თქმით, თუკი მოწმეები ადვოკატებთან მისვლაზე უარს იტყვიან, ისინი სასამართლოს ორშაბათს მიმართავენ, რათა მოწმეები მაგისტრატ მოსამართლესთან ერთად დაიკითხონ.

ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე „ტოიოტა კამრის“ მგზავრები არიან. მათთან ერთად, თბილისიდან მცხეთაში „ტოიოტა კამრით“ კიდევ ოთხი ადამიანი მგზავრობს. მცხეთის მაგისტრალზე „ტოიოტა კამრის“ გამოჩენის შემდეგ იკარგება გიორგი შაქარაშვილის კვალი, რომელსაც მაშველები ოთხი დღის შემდენ, მდინარე არაგვში გარდაცვლილს პოულობენ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დარწმუნებულია, რომ სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრები გაუსწორდნენ გიორგი შაქარაშვილს და შემდეგ მდინარე არაგვში ჩააგდეს. ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ „კამრის“ მგზავრებს ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG