გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე გამოკითხვის ოქმი, საქმის ბოლო ტომებში არ დევს.
რატომ ვერ მოხვდა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება საქმის ახალ მასალებში, ამის გარკვევა რადიო თავისუფლებამ, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.
გურამ ამირხანაშვილი საგამოძიებო უწყებაში 9 ივლისს მეხუთედ გამოკითხეს. მისი გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოსგან შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მოითხოვა.
გამოძიებას გურამ ამირხანაშვილს რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა უნდა დაესვა:
- შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას რა თანმიმდევრობით გადაადგილდებოდნენ გაქცეულები, რა ტრაექტორიით, ვინ სად დაიმალა;
- თავდამსხმელები რა თანმიმდევრობით გამოეკიდნენ, ეკავათ თუ არა რაიმე საგნები და რა ქმედებები განახორციელეს;
- ვინ გამოეკიდა გიორგი შაქარაშვილს და რა მანძილი იყო შაქარაშვილსა და მდევრებს შორის?
- ბოლოს სად დაინახა გიორგი შაქარაშვილი და მისი მდევრები?
- რას ხედავდა, რა ხმები ესმოდა, ხომ არ გაიგო ავტომანქანის ხმა, წყალზე რაიმეს დაცემის ანდა ბუჩქებში ადამიანის გაქცევის, დაცემის, ასევე დახმარების სათხოვნელად ყვირილის ამ ტკივილისა და შიშისგან გამოწვეული კვნესის და ნებისმიერი სხვა ხმა, რაც საინტერესო იქნებოდა გამოძიებისთვის.
- თავდამსხმელთაგან ვინ იპოვა გურამ ამირხანაშვილი;
- რას საუბრობდნენ გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით, როგორც შემთხვევის ადგილზე, ისე ავტომობილში?
- გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვით, ასევე დადგინდეს, ჰყავდა თუ არა შეყვარებული გოგონა გიორგი შაქარაშვილს და უკავშირდებოდა თუ არა ის რაიმე ფორმით ვახტანგ ჩიქოვანს?
აღსანიშნავია, რომ საქმის ბოლო, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე ტომები აერთიანებს 8-14 ივლისის საქმის მასალებს, თუმცა, გურამ ამირხანაშვილის 9 ივლისით დათარიღებული ოქმი, საქმეში არ დევს.
გურამ ამირხანაშვილი 19 ივნისიდან მოყოლებული ხუთჯერ გამოიკითხა. გამოკითხვის ოქმებისა და კამერების ჩანაწერების თანახმად, ის თბილისში, „ტოიოტა პრიუსის“ მგზავრებმა, ანუ, თავდამსხმელებმა წამოიყვანეს.
გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ „ტოიოტას“ მგზავრებმა ის ბუჩქებში დამალული იპოვეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და თბილისში წამოიყვანეს, მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული და თუკი მოითხოვდა მანქანიდან გადასვლას, „ტოიოტას“ მგზავრები მას გაუშვებდნენ, მესამე და მეოთხე ჩვენებებში კი კვლავ იმას ამბობს, რომ ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს მანქანაში, მგზავრობისას სთხოვა, რომ მანქანიდან გაეშვათ, მაგრამ მათ მკაცრი უარი უთხრეს.
18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, მას შემდეგ მიმართა რაც მათ დილით, გურამ ამირხანაშვილი დაუკავშირდა და იკითხა, დაბრუნდა თუ არა გიორგი სახლში. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
ფეხბურთელის ოჯახი მოითხოვს, რომ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვსივე პირს ბრალი წაეყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამისათვის გამოძიებას ორკვირიანი ვადა აქვს მიცემული.
შაქარაშვილის საქმის 18 ტომში, ამ დრომდე არ დევს არცერთი მყარი მტკიცებულება, რაც გამოკვეთს „ტოიოტას“ მგზავრების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისსაა დანიშნული.