მარიამ ჯანიაშვილმა („ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC)), მერაბ ქართველიშვილმა („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია)) და ნანა გოჩიაშვილმა („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“) „დილის საუბრებში“ ილაპარაკეს გამოწვევებზე, რომლებზეც ერთობლივ ანგარიშში გაამახვილეს ყურადღება.
დოკუმენტი მოიცავს 2015-2020 წლების პერიოდს და მასში შეფასებულია სოციალური და ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის ხარისხი საქართველოში. 2006 წლიდან არსებობს უნივერსალური პერიოდის მიმოხილვა, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყნების შემოწმება ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. საქართველოსთვის ეს მესამე ციკლია, მესამე „შემოწმება“, თავად განხილვა გადაიდო 2021 წლის იანვრისთვის.
საიას ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი, მერაბ ქართველიშვილი:
„აუცილებელია, პარლამენტმა დროულად გაზარდოს შრომის ინსპექტირების მანდატი და მას ჰქონდეს მეტი ხელმისაწვდომობა უფლებების დაცვის ნაწილში. მეორე მხრივ, უნდა გააუმჯობესოს უფლებრივი მდგომარეობა და ამაზეა აწყობილი ჩვენი ანგარიში, ამას ეფუძნება ჩვენი რეკომენდაციები. 2019 წლის მაისიდან დაიწყო შრომის კოდექსის ცვლილებაზე მუშაობა. ამის შემდეგ პირველადი ვერსია იყო ძალიან კარგი, თუმცა შემდგომ პარლამენტში დაინიცირებისას ამოაკლდა კონკრეტული მუხლები, როგორიც იყო, მაგალითად, დეკრეტული შვებულების დროს ქალისთვის იგივე ხელფასის გადახდა, რაც მას აქვს და ისევ დარჩა 1000-ლარიანი ზედა ლიმიტი, რაც არ არის ნორმალური მდგომარეობა.
დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არის ძალიან დიდი დისბალანსი. ეს დამოკიდებულებაშიც იგრძნობა. დასაქმებულების უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა და ეფექტიანი საშუალება მათ დასაცავად არ აქვთ. რის გამოც მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებებს, არის ის, რომ შრომის ინსპექციის მანდატი იზრდება“.
EMC-ს პროექტის კოორდინატორი - მარიამ ჯანიაშვილი:
„ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილება, ყურადღება გაგვემახვილებინა სწორედ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, განაპირობა იმ გამოწვევებმა, რომელთა წინაშეც უამრავი ადამიანი წლიდან წლამდე დგას სახელმწიფოში. ამ ნაწილში აქტიურად ვადვოკატირებთ მას შემდეგ, რაც EMC შეიქმნა, თუმცა რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა და სახელმწიფოს უმოქმედობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოწყვლად ჯგუფებს. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებზზე, რომლების შესრულებაზე პასუხისმგებლობაც აქვს სახელმწიფოს. მათ შორის არის პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლის უფლება. ეს უფლება არ არის მხოლოდ რაღაც ფიზიკური განზომილება, არამედ გულისხმობს სამართლებრივ და სოციალურ განზომილებასაც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ოთხი კედლით უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება სახელმწიფოს ვალდებულება“.
ნანა გოჩიაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი:
„ჩვენი თემა უშუალოდ იყო ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა. უამრავი პრობლემაა და, რა თქმა უნდა, სულ ვართ არჩევნის წინაშე, რომელ მათგანზე გავაკეთოთ აქცენტი, თუმცა, არჩევანი ბოლოს გავაკეთეთ იმ თემებზე, რომლებიც ეხება სისტემურ პრობლემებს და რომელთა გადაჭრის გარეშეც ვერც ერთი სოციალური მდგომარეობის მქონე ბავშვზე ვერ ვიტყვით, რომ მისი უფლებები არის დაცული. გამოვყავით ერთიანი ხედვის არარსებობა სოციალური დაცვის სისტემაზე და ჯგუფებზე, რომლებზეც ეს ყველაზე მწვავედ აისახება. გამოვყავით სამი ძირითადად ჯგუფი: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები (აქაც რამდენიმე ქვეჯგუფია), ასევე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები და ბოლოს, რაც პირდაპირ მიუთითებბს ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სისტემის კრიზისზე - ეს არის ბავშვების ცხოვრება დიდი ზომის დაწესებულებბებში, რომელთა დიდი ნაწილი არ არის ლიცენზირებული. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან ზუსტად ისიც არ ვიცით, რამდენი ბავშვია ასეთ დაწესებულებებში და როგორია მათი უფლებრივი მდგომარეობა. ყურადღება გავამახვილეთ ასევე განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ცალკე ვიმსჯელეთ ბავშვების ჯანმრთელობის უფლებაზე“.