Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განიხილავენ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების გახანგრძლივების კანონპროექტს



საქართველოს პარლამენტი დღეს განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

კანონპროექტს, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარდგენამდე დღეს ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტით ხანგრძლივდება მისი მოქმედების ვადა, სხვა მუხლობრივი და პრინციპული ცვლილებები კი მასში არ შედის:

„ჩვენც ისევე, როგორც სხვა ქვეყნები უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს კრიზისი მართოს სწორად, ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ვადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს ახალ წლამდე იმისთვის, რომ მთავრობამ შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მთავრობას კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუძლია. კანონპროექტს 81 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო.

ამ კანონის თანახმად, მთავრობას 15 ივლისის ჩათვლით აქვს უფლება დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების შესახებ.

ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი.

XS
SM
MD
LG