Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი თვით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ხელისუფლებამ 13 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის გამო ერთი თვით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა მარტში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გრძელდება სომხეთში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიოში.

საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, დააწესოს საზოგადოებაში პირბადეების სავალდებულო ტარება, ასევე ვირუსის წინააღმდეგ მიმართული სხვა ზომები.

საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მოქმედი კანონმდებლობა მთავრობას სხვა არჩევანს არ უტოვებს ინფექციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის.

მიუხედავად ამისა, ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობა გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის 12 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას საგანგებო ვითარების ხელახლა გაგრძელების გარეშე.

საგანგებო ვითარების საკითხზე იმსჯელებს პარლამენტი, სადაც ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ უმრავლესობას ფლობს.

სომხეთში, რომლის მოსახლეობა 3 მილიონამდეა, აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 32 ათასი შემთხვევა.

13 ივლისის მონაცემებით, COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 573-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG