Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დეპუტატ კობა კობალაძის შვილს


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძეს და მასთან ერთად დაკავებულ 5 მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ზვიად შარაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების ან ალტერნატივის სახით 2 000, 5 000, 10 000 ლარი გირაოს შეფარდების შესახებ.

პროკურატურის ვერსიით, დავით კობალაძე სხვა 5 პირთან ერთად, შურისძიების მოტივით, თავს დაესხა 23 წლის მამაკაცს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დეპუტატის შვილმა და სამმა დაკავებულმა ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ორმა დაკავებულმა კი ცივი იარაღით დააზიანა. გარდა ამისა, გამოძიება ერთ პირს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.

საგამოძიებო უწყებებმა ამ საქმეში მონაწილე პირების დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ანონსში გავიდა. ეს ინფორმაცია თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

საქმეზე დაკავებულია სულ 6 პირი, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული. დეპუტატის შვილსა და კიდევ ერთ დაკავებულს სამართალდამცავები ჯგუფურ ძალადობას (სსსკ-ის 126-ე მუხლი, პირველი პრიმა პუნქტი, "ბ" ქვეპუნქტი) ედავებიან, რომლისთვისაც ჯარიმა ან ორ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ერთ პირს იმავე მუხლისა და ცივი იარაღის ტარებას (სსსკ-ის 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი) ედავებიან, რისთვისაც 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. პროკურატურამ განზრახ მძიმე დაზიანების (სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი) მუხლით წაუყენა ბრალი ორ დაკავებულს. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით (სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი) ერთ დაკავებულს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

23 წლის მამაკაცი თბილისის ცენტრში 24 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე 6 პირი კი საგამოძიებო უწყებამ 11 ივლისს ამ თემაზე მომზადებული მასალის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG