Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი განცხადებას აქვეყნებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება”, - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკების შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედება მათ შორის, იტყობინება Eurasianet-ი.

მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში. ორივე მხარემ მძიმე არტილერია აამოქმედა.

ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG