10 ივლისს საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა „ექსპერტის დასკვნა N0034802220“, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხება. ცხრაგვერდიანი დოკუმენტის დასკვნით ნაწილში წერია, რომ „გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით”.
დასკვნაში აღწერილია გიორგი შაქარაშვილის გვამზე არსებული მრავალრიცხოვანი დაზიანება, რომლებიც „რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით“ არის მიყენებული და „იზოლირებულად აღებული ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია. განვითარებული არიან სიკვდილისწინა ახლო პერიოდში“.
ექსპერტიზის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის ჭრილობა. დოკუმენტში აღწერილია სიკვდილის შემდგომი დაზიანებებიც.
პროკურატურის განცხადების ნაწილში აღნიშნულია, რომ „მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი“.
პროკურატურისავე თანახმად, უწყებამ „მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება“.
ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების მიმართ იყო დიდი მოლოდინი, რომ მას უნდა გაეცა პასუხი მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რაც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებებს ეხება. სწორედ ამ ნაწილშია ვაკუუმი დღემდე 16 ტომად შეგროვებულ საქმის მასალებში, რომლებსაც ყოველდღიურად ეცნობა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი და საყურადღებო დეტალებს აცნობს რადიო თავისუფლების აუდიტორიას. თითოეული ტომი 500-700 გვერდისგან შედგება.
ნინო თარხნიშვილი 10 ივლისს, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამდე მცირე ხნით ადრე „დილის საუბრებში“ ყვებოდა:
„შემიძლია თქვა, რომ ამ ეტაპზე იმ საქმეში, რასაც გავეცანი - 16 ტომს, გარდაცვალების გარემოებებზე, ცხადია, არც ერთი სიტყვა არ არის, რადგან გამოკვეთილი არაფერია. ერთ ადგილას უჩინარდება გიორგი შაქარაშვილის კვალი, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვევით, როგორც ერთ-ერთი მოწმე - ახვლედიანი ამბობს, ვინც ბოლომ დაინახა გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მასზე ხუთი ნაბიჯით წინ გარბოდა. ეს არის ბოლო წერტილი, სადაც ამ საქმეში საერთოდ ჩანს გიორგი შაქარაშვილი. მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.
განსხვავებული ჩვენებებია იმაზე, რამდენი კაცი მისდევდა მას, მისდევდა თუ არა - ესეც ბუნდოვანია, რადგან ამ საქმეს ახასიათებს სწორედ ის, რომ ეს მოწმეები ძალიან ხშირად თავიანთი ჩვენებების ინტერპრეტაციას აკეთებენ. ვიცით, რომ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გიორგის ბავშვობის მეგობარს - გურამ ამირხანაშვილს ოთხი ჩვენება ჰქონდა აქამდე მიცემული. გუშინ მეხუთე ჩვენება ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მოითხოვა მისთვის დამატებითი კითხვების დასმა, რადგან, როგორც ჩანს, იმ ოთხ ჩვენებაში ვერ ამოიკითხა, რაც უნდა ამოეკითხა და დამატებით გამოკითხეს. სხვა მოწმეებიც გამოკითხულები არიან ორ-ორჯერ, სამ-სამჯერ.
ის, რისი შედარებითი ანალიზიც გავაკეთე, მათი ჩვენებები ნამდვილად ტოვებს იმ განცდას და აჩენს საფუძველს, რომ მოწმეები თავიანთი ჩვენებების ინტერპრეტაციას აკეთებენ: თუკი ერთ ჩვენებაში ამბობენ, რომ დაინახეს როგორ გარბოდა შაქარაშვილი და როგორ მისდევდნენ მას, მეორე ჩვენებაში ამბობენ, რომ ვერ დაინახეს. თუკი ერთ ჩვენებაში ამბობენ მკაფიოდ, მაგალითად, იმას, რომ მოგვდევდნენ გინებით, მეორე ჩვენებაში ნაკლებია ეს მკაფიოობა და ა.შ.. ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ სიმართლე ბოლომდე არ ან ვერ ითქმება ამ ეტაპზე“.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი „დილის საუბრებში“ რამდენიმე საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. ნინო თარხნიშვილის მონათხრობიდან ერთ ნაწილს გთავაზობთ:
„ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც ბოლოს აღმოვაჩინე და შეეხება შავი ფერის მანქანას, „ჰიუნდაის“, რომელიც აღმოჩნდა, რომ იმ ღამეს იქ იყო და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. შავი ფერის „ჰიუნდაი“ გამოჩნდა ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან. ეს არის ტაქსის მძღოლი, რომელიც ამბობს, რომ როცა მოჰყავდა იქიდან დაზარალებული მოწმეები - 6-დან ორი ბიჭი, მან დაინახა, რომ მისი მანქანის უკან იდგა მათი ნაცნობი და უყურებდა უბრალოდ სიტუაციას, თითქოს ათვალიერებდა.
ამ ტაქსის მძღოლმა ეს ჩვენება მისცა 2 ივლისს. გუშინ წავაწყდი ამ ამბის გაგრძელებას: 4 ივლისს გამოკითხულია გამომძიებელი, რომელიც ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, შავი ფერის „ჰიუნდაის“ მძღოლი დეტალურ ინფორმაციას ფლობს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითო. შემდეგ წერს პატაკს და მიმართავს ამ პატაკით ასევე მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსს. გუშინდელი მდგომარეობით, ეს ადამიანი გამოკითხული არ იყო.
ასეთ დეტალებს ხშირად ვაწყდებით - ადამიანები, რომლებიც ყველა ლოგიკით გამოკითხულები უნდა იყვნენ ამ საქმეზე, რატომღაც არ არიან გამოკითხულები.
გუშინდელი მასალებიდან გამოჩნდა კიდევ თეთრი ფერის „ტოიოტა“-„პრიუსი“. მანქანები ჩნდებიან, ამოდიან პერიოდულად და ირკვევა, რომ იმ სიტუაციაში ფიგურირებს არა ორი მანქანა, როგორც თავიდან იყო - „მერსედესი“ და „ტოიოტა“, არამედ კიდევ ამოდიან და ამოდიან რაღაც მანქანები“.
ნინო თარხნიშვილი ხაზს უსვამს ერთს:
„არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს ბრალს. სამი მუხლით არის აღძრული საქმე: 126-ე - ძალადობის, 225-ე - ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით და არც ერთი არ მიემართება შაქარაშვილის გარდაცვალებას“.