რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსითაა გამოკითხული გამომძიებელი ილიკო მამულია, რომელიც 4 ივლისს მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ მის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, შავი ფერის "ჰიუნდაის" მძღოლი დეტალურ ინფორმაციას ფლობს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
4 ივლისსვე, გამომძიებელი პატაკით მიმართავს შს სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს და წერს:
„ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს პირი ფლობს დეტალურ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, 2020 წლის 18 და 19 ივნისის მომხდარ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე“.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია შავი ფერის „ჰიუნდაისა“ და მისი მძღოლის შესახებ თავდაპირველად იმ ტაქსის მძღოლის ჩვენებაში გამოჩნდა, რომელმაც ინციდენტის ღამეს, არაგვის ხიდიდან საქმის მთავარი მოწმეები, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე წამოიყვანა.
ის ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მანქანაში ვახტანგ ახვლედიანი და საქმის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი ქათამაძე ჩაისვა, შენიშნა შავი ფერის „ჰიუნდაი“ , რომელსაც მათი ნაცნობი და „უბნელი“ მართავდა.
ჩვენება, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ტაქსის მძღოლმა გამოძიებას ინციდენტიდან ორი კვირის თავზე, 2 ივლისს მისცა:
„ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ“.
გამომძიებლის კითხვაზე, გამოელაპარაკეთ თუ არა თქვენს ნაცნობს, რომელიც შავი ფერის „ჰიუნდაის“ მართავდა, ტაქსის მძღოლი პასუხობს:
„ვუთხარი მე მას, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავს სახლში, რაზეც მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და განვაგრძე გზა“.
გამომძიებლის პატაკი და ჩვენება 4 ივლისითაა დათარიღებული, თუმცა, შავი ფერის „ჰიუნდაის“ მძღოლი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ დრომდე გამოკითხული არ არის.
ტაქსის მძღოლისა და გამომძიებლის ჩვენებების თანახმად, ირკვევა, რომ 19 ივნისის ღამეს, ინციდენტის ადგილას, მცხეთის მაგისტრალზე, ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონიდან, ე.წ. ნახალოვკიდან ჩასული პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მცხეთის მაგისტრალზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს, მათ შორის ვახტანგ ახვლედიანს, გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს, არამედ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, საბურთალოს რაიონიდან ჩასული ავტომობილიც, შავი ფერის „ჰიუნდაი“. საქმის მოწმეები, ვახტანგ ახვლედიანი და კონსტანტინე ღიბრაძე სწორედ საბურთალოს რაიონში ცხოვრობენ.
აღსანიშნავია, რომ შავი ფერის „ჰიუნდაის“ შესახებ, არაფერს ამბობს საკუთარ ჩვენებებში ვახტანგ ახვლედიანი.
საქმის მასალების თანახმად, მცხეთის აგარაკზე, დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ნაძალადევსა და საბურთალოზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა.
18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, მისი ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ, 10 ივლისს უნდა იყოს.