Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს


იური ლომაძე
იური ლომაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოზურგეთში ხუთი პირი დააკავეს: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მათ ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი იური ლომაძეა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG