Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გამოვიდა მოწოდებით, „არააგრესიული“ მეთვალყურეობა გაეწიოს ცხოვრების „არატრადიციული“ სტილის პროპაგანდის მცდელობას  


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ცხოვრების „არატრადიციული“ სტილის პროპაგანდის მცდელობის არააგრესიული მეთვალყურეობა უნდა მოხდეს საზოგადოების მიერ. ამის თაობაზე მან განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემქმნელ სამუშაო ჯგუფთან ვიდეოკონფერენციის დროს 3 ივლისს.

ერთ-ერთი შესწორებათაგანი, რომლებსაც პუტინმა ხელი მოაწერა და ძალაში შედის 4 ივლისიდან, განსაზღვრავს, რომ ქორწინება კავშირია მხოლოდ ქალსა და კაცს შორის, რითაც განმტკიცდა რუსეთში ერთი და იმავე სქესის ადმიანებს შორის ქორწინების აკრძალვა.

რუსეთმა 2013 წელს შემოიღო კანონი, რომელმაც აკრძალა „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“ არასრულწლოვანებს შორის, რომელიც კრძალავს ყოველგვარ შინაარს, სადაც წარმოდგენილია „დამახინჯებული იდეა, რომ ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები თანასწორი სოციალური ფასეულობებია".

3 ივლისს პუტინმა დასცინა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს იმის გამო, რომ გამოფენილი ჰქონდა LGBT-თემის ფერადი დროშა და თქვა, „გამოვლინდა რაღაც იმ ადამიანების შესახებ, იქ რომ მუშაობენო“.

„დიახ, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, „ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობის პროპაგანდას არასრულწლოვანებს შორის. რა მოხდა? გაიზარდონ, გახდნენ სრულწლოვანები და თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვიდეოკონფერენციის დროს, რუსეთის ქალთა კავშირის თავმჯდომარემ პუტინის ყურადღება მაპყრო ნაყინზე, რომლის სამარკო დასახელებაა „რადუგა“ - ცისარტყელა და რომლის სარეკლამო ფერები ადამიანს ირიბად LGBT-თემის დროშის ცისარტყელას ფერებს ახსენებს.

„თუნდაც ირიბად, ეს ჩვენს ბავშვებს აიძულებს მიეჩვიონ ამ ფერებს, ამ დროშას“, თქვა ეკატერინა ლახოვამ, რომელიც ფიქრობს, რომ „კარგი იქნებოდა არსებობდეს კომისია, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ფასეულობები, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციაში განვამტკიცეთ, დაცულ იყოს“. საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ყველას ვერ გააკონტროლებ, ვინ რა ეტიკეტს იყენებს. „თუ არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რაიმე წარმოადგენს ისეთი ფასეულობის პროპაგანდას, რაც ჩვენთვის არატრადიციულია, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებიც იზიარებენ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, შესაბამისად, არააგრესიულად, უნდა დაამყარონ საზოგადოებრივი კონტროლი“, განაცხადა პუტინმა ვიდეოკონფერენციაზე.

ეხო მოსკვისთან ინტერვიუში ნაყინის მწარმოებელი ფირმა „რადუგის“ ვიცე-პრეზიდენტმა, არმენ ბენიამინოვმა უარყო რაიმე კავშირის პროდუქტსა და LGBT-თემის დროშას შორის.

უფლებადამცველების თანახმად, ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული გაიზარდა რუსეთში 2013 წელს კანონის მიღების შემდეგ.

შარშან სანქტ პეტერუბურგში მოკლეს აქტივისტი ელენე გრიგორიევა მას მერე, რაც ჰომოფობიური ჯგუფის, „ხერხი LGBT-ს წინააღმდეგ“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის თანახმად, 4 ივლისს ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG