Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჭაკუას 21 დღის განმავლობაში მოათავსებენ პენიტენციური სისტემის საკარანტინო სივრცეში


სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ დავით ჭაკუას თავდაპირველად მოათავსებენ პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინო პერიოდის შემდეგ, მას გადაიყვანენ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის სასჯელს.

დავით ჭაკუას გერმანიიდან საქართველოში ექსტრადიცია დღეს, 3 ივლისს მოხდა. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიის სასამართლომ მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით.

პროკურატურის განცხადებით, ჭაკუაზე ძებნა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იყო გამოცხადებული. კერძოდ: „პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის „ციხის ბუნტისა“ და 2012 წლის „ციხის კადრების“ საქმეებთან. ამასთან, პირველ შემთხვევაში, დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. „ციხის კადრების“ საქმეს, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და საქართველოს პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ძებნილის ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG