Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ნატროშვილი: საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო და ბევრი რამ რეალურად შეიცვალა


ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების პროცესი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და დღემდე მასში რეალურად ბევრი რამ შეიცვალა, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, პროცესს თავს ამ ხნის მანძილზე ბევრი პერიპეტია გადახდა (პროპორციული არჩევნების დაპირება, ამ დაპირების შეუსრულებლობა და სხვა) და, საბოლოო ჯამში, დასრულდა საკონსტიტუციო ცვლილებებითა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტის დამტკიცებით.

ლევან ნატროშვილის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობისას მთავარი ეუთო-ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების უგულებელყოფას. იგი ამბობს, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის ინტერპრეტაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს 27 რეკომენდაციიდან უმრავლესობა კანონში აისახა და მხოლოდ 2-3 რეკომენდაცია დარჩა შეუსრულებელი:

„ზოგიერთზე, რომელზეც ამბობენ, რომ გაითვალისწინეს, რეალურად არ არის გათვალისწინებული. მაგალითად, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილება. ისინი თვლიან, რომ გარკვეული რაღაცეები შეცვალეს, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის მიმართულებით და თვლიან, რომ შეასრულეს ეს რეკომენდაცია, თუმცა ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა არ აღმოიფხვრა, იქ რაც იყო. აქედან გამომდინარე, მოდით რიცხვებს ნუ გამოვეკიდებით, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერპრეტაციას მოვისმენთ. მაგალითად, კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული და დანარჩენი ან ნაწილობრივ არის, ან არ არის. აქ ეხლა გააჩნია, ვინ რას ჩათვლის შესრულებულად“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა. მისი თქმით, ეუთო-ოდირის რეკომენდაციები პრიორიტეტების მიხედვით იყო დაჯგუფებული. მთავარ პრიორიტეტულ რეკომენდაციებში, მისი თქმით, იყო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და პროფესიული ნიშნით კომისიის წევრების შერჩევა, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა:

„ეს ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო და ასევე პრიორიტეტულ რეკომენდაციებში იყო სიძულვილის ენის საკითხი და ეუთოს რეკომენდაციით უნდა დარეგულირებულიყო დამატებით კიდევ საქართველოს კანონმდებლობით ეს საკითხი. ეს არ გაითვალისწინა პარლამენტმა და ჩვენ მივესალმებით, რომ არ გაითვალისწინა და საკმაოდ ბევრიც ვიბრძოლეთ ამისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი დარეგულირებულია უკვე საქართველოს კანონმდებლობით, უკვე არის საარჩევნო კოდექსში, მათ შორის, გარკვეული მუხლები, რომლებიც კრძალავს, მათ შორის, სიძულვილის ენას, ოღონდ რომელსაც საბოლოო ჯამში აქვს პერსპექტივა, რომ შუღლი გააღვივოს, ომის პროპაგანდას შეიცავდეს და ასე შემდეგ. ჩვენთან სიძულვილის ენის მაღალი სტანდარტია. არიან დემოკრატიული ქვეყნები, სადაც სიძულვილის ენა არის უფრო მკაცრად რეგულირებული, არიან ქვეყნები, სადაც უფრო ლიბერალურადაა რეგულირებული. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო ლიბერალური მიდგომები აქვს, ევროპაში უფრო მკაცრი მიდგომები აქვთ. ეუთო-ოდირი რადგანაც ევროპული ორგანიზაციაა, ემხრობა უფრო, როგორც ჩანს, ევროპულ მიდგომას და ისინი ფიქრობენ, რომ არა მარტო მყისიერი საფრთხის არსებობაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად სიძულვილის ენაც არ უნდა იყოს გამოყენებული და აკრძალული უნდა იყოს. ჩვენ ამაში არ ვეთანხმებით, დღეს საქართველოში ეს „ამერიკული სტანდარტი“ მოქმედებს, ლიბერალური, ანუ სიტყვის თავისუფლებას უფრო დიდი პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, ვიდრე რეგულაციების შეზღუდვას და ვფიქრობთ, რომ ეს არის დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის, ასეთი მაღალი სტანდარტი სიტყვის თავისუფლების“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა. მისი თქმით, სიძულვილის ენის ტირაჟირების რეგულირება ტელევიზიებმა შიდა თვითრეგულირების მექანიზმებით უნდა მოახდინონ.

„დილის საუბრებში“ ლევან ნატროშვილმა ვრცლად ისაუბრა საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის შეფერხების რეგულაციაზეც, რაც რეალურად აგიტაციის გაკონტროლების წინააღმდეგ მიღებული ზომაა:

„ყველანი ვაღიარებთ, რომ გარკვეულწილად ეს ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, როდესაც გარეთ ადამიანები დგანან სიებით და მერე ამ სიებში ამოწმებენ, მოვიდნენ თუ არა არჩევნებზე და ურეკავენ და სთხოვენ, რომ მოვიდნენ. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს საკითხი ისეთი ადამიანებისთვის, ვინც, მაგალითად, დასაქმებულები არიან სახელმწიფო სამსახურში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში და მათზე გარკვეული ბერკეტი გააჩნიათ ხოლმე ამ კოორდინატორებს. ეს ცალსახად პრობლემა არის, ოღონდ მისი გადაწყვეტა საკმაოდ რთულია“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა. მისი თქმით, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის შეფერხების რეგულაცია ასევე ეუთო-ოდირის რეკომენდაციაა, თუმცა ამ რეგულაციის შესრულება მარტივი არ იქნება:

„აქ რამდენიმე საკითხია: ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარეთ რომ ადამიანები დგანან, თუნდაც 25 მეტრის მანძილზე შესასვლელიდან, მათ ეს ეკრძალებათ. შეუძლიათ, რომ იდგნენ, უბრალოდ ეს იმიტომ ჩაიწერა, რომ რაღაცა სიგნალი ყოფილიყო, რომ ხელი არ შეუშალონ ამომრჩეველს და მათთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. თუმცა ამის აღსრულება ცოტა წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ უბნის გარეთ არის, პოლიცია ამას ვერ გააკონტროლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უბანია ...ანუ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ცუდი პრაქტიკაა და ამას ნუ იზამთ“, - აღნიშნა ლევან ნატროშვილმა. მისი თქმით, ცვლილება ამ მიმართულებით არა საკანონმდებლო დონეზე, არამედ პარტიების ქცევაში უნდა განხორციელდეს:

„მათი შეთანხმების საგანი უნდა გახდეს, რაზეც იყო საუბარი სხვათა შორის მმართველი პარტიის მხრიდან. რაც ძალიან კარგია და მივესალმებით. პირობა დადო მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, რომ მოდი გავაფორმოთ გარკვეული მემორანდუმი, შევთანხმდეთ პოლიტიკური პარტიები, რომ ამ 25 მეტრის რადიუსში ჩვენი წარმომადგენლები იქ არ იდგებიან...ეს ალბათ ყველაზე გონივრული გზა არის და იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც დათანხმდებიან“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან ისაუბრა ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ იმ ცვლილებებზეც, რომლებსაც იგი ცალსახად პოზიტიურად აფასებს:

„მაგალითად, ეგრეთ წოდებული სიპების და აიპების თანამშრომლები ვეღარ შეძლებენ სამუშაო საათებში შეუზღუდავად აგიტაციაში მონაწილეობას. რაც წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო. სიპები და აიპები არის საჯარო სკოლები, ბაღები. მათი თანამშრომლები, როგორც წესი, ძალიან აქტიურად არიან ხოლმე ჩართულები და მათზე შეზღუდვები არ იყო და კარგია, რომ ეს შეზღუდვები შემოვიდა. დარეგულირდა საკითხები შემოწირულობებთან დაკავშირებითაც, მესამე პირის მეშვეობით ვიღაც რომ ხარჯებს გაწევდა სხვა პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ, იქ ხარვეზი იყო და რეაგირება ვერ ხდებოდა. ასევე აიკრძალა რეკლამის ერთი პარტიის მიერ მეორისთვის გადაცემა, მედიასაშუალებებსაც აეკრძალათ, რომ სარგებელი მისცენ პოლიტიკურ პარტიებს სხვებთან შედარებით, ეს მათ აკრძალულ შემოწირულობად ჩაეთვლებათ... შეიცვალა პარტიების სახელმწიფო დაფინანსების ფორმულა, აქამდე თუ ჩახლართული ფორმულა იყო და ბევრი, მათ შორის რამდენიმე კომპონენტი, იყო არასამართლიანი, ჩვენი აზრით, ეს გასწორდა და გამარტივდა და ეხლა მხოლოდ საარჩევნო ხმაზე მიბმული იქნება ეს დაფინანსება. 15 ლარს მიიღებს თითო მიღებულ ხმაში პოლიტიკური პარტია 50 000 ხმამდე, 50 000-ის ზემოთ კი ხუთ ლარს. ამით რეალურად მათი დაფინანსება იზრდება. სიმულაციას თუ გავაკეთებთ, როგორც წესი, უმრავლესობას პარტიებისას გაეზრდება უმნიშვნელოდ მაინც დაფინანსება. ზოგიერთს მნიშვნელოვნად გაეზრდება. ასევე პოზიტიურად ვაფასებთ ჩვენ გენდერული კვოტირების შემოღების საკითხს, ანუ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წახალისების მექანიზმის ჩადებას“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა „დილის საუბრებში“.

XS
SM
MD
LG