Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დრო ითხოვა ქვეყნის გასაძლიერებლად


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა „მხარდაჭერისა და ნდობისთვის“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში და დრო ითხოვა ქვეყნის გასაძლიერებლად.

პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი დრო არ გასულა და თანამედროვე რუსეთი ფორმირების სტადიაში იმყოფება. „ჩვენ შიდა სტაბილურობა და დრო გვჭირდება ქვეყნისა და მისი ყველა ინსტიტუტის გასაძლიერებლად,“ მოჰყავს ტასს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ ესმის იმათიც, ვინც შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ვინაიდან ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გადაუჭრელი პრობლემა, ხალხი კი ხშირად აწყდება უსამართლობას. პუტინის თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეთა ნდობა უნდა გაამართლოს.

2 ივლისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრის ოქმების 100% დამუშავებულია. ცესკოს თანახმად, შესწორებებს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 77,92%-მა , წინააღმდეგი იყო 21,27%.

რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის ინიაციატორი პრეზიდენტი პუტინია. 2020 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ ცვლილებები ხალხმა უნდა მოიწონოს საყოველთაო კენჭისყრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებული არ არის.

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებს შორისაა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის "განულება", რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს კენჭი ისევ იყაროს, პრეზიდენტის ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდა და საერთაშორისო სამართალზე უფრო პრიორიტეტულად რუსეთის კონსტიტუციის გამოცხადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG