წელს ეს დღე საქართველოში სახელმწიფო კანცელარიასთან აქციით აღინიშნება. GeNPUD-ის, „ ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“, წევრი სათემო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას უარი თქვას პრაქტიკაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალების მცირე დოზის მოხმარების გამო ხვდებიან პატიმრობაში და ადგილიდან დაძრას პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემუშავებას.
რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თემაზე ისაუბრა სათემო ორგანიზაციის „ახალი ვექტორის“ რუსთავის რესურსცენტრის კოორდინატორმა ლაშა აბესაძემ. მისი განმარტებით, წლის სლოგანია „ჯანმრთელობა სამართლიანობისთვის, სამართლიანობა ჯანმრთელობისთვის“. ლაშა აბესაძე ამბობს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება პრიორიტეტული უნდა იყოს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე თითოეული ოჯახისთვის, თუმცა იმის მიუხედავად, როგორ იმუშავებს თითოეული ინსტიტუცია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ და მათ მიმართ სწორი მიდგომები უნდა შემუშავდეს.
„მათთან ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს სწორი მიდგომები. მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა, რომ დასჯამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. პირიქით, მარტივ მაგალითს ვიტყვი: რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ძალიან რეპრესიული იყო ნარკოპოლიტიკა, ვგულისხმობ აღსრულების მხრივ, სამართალდამცავი ორგანოები ბოლომდე რომ იყენებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს და თითქმის ყველას ციხეში უშვებდნენ, მაშინ მუსირებდა აზრი, რომ თითქმის მოწოდება უფრო ნაკლები იყო, თითქოს ნარკოტიკს ნაკლები ადამიანი მოიხმარდა, მაგრამ არა. პირიქით, შეიძლება ის ტრადიციული ნარკოტიკები აღარ იყო იმდენად ხელმისაწვდომი, მაგრამ მასიურად გავრცელდა კუსტარული ნარკოტიკი, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომები უნდა“, - განაცხადა ლაშა აბესაძემ. მისი შეფასებით, სახელმწიფომ პროცესზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, ოღონდ დასჯასა და რეპრესიებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული:
„სულ სამი ტიპის ადამიანი არსებობს: ადამიანები, რომლებიც ზოგადად არ მოიხმარენ ნარკოტიკებს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის,რომ ეს ადამიანები არ ჩაერთონ ნარკოტიკების მოხმარებაში. არიან მეორე ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს და უნდათ რომ თავი დაანებონ და აქაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ძალიან ბევრი რამე, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს აღნიშნული ქმედების მოშორებაში და ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს და უნდათ რომ გააგრძელონ ნარკოტიკების მოხმარება და აქაც მარტივად შეიძლება რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს, რომ უფრო უსაფრთხოდ, როგორც თავიანთი თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვის გააგრძელონ ამ ადამიანებმა ნარკოტიკების მოხმარება“, - აღნიშნა ლაშა აბესაძემ. მისი თქმით, ნარკოტიკები სენსიტიური თემაა და მასზე საუბრისას ცალსახად უნდა ითქვას, რომ ნარკოტიკების მოხმარება ცუდია, მაგრამ არსებობენ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები და მათი ციხეში ჩასმა გამოსავალი არ არის.
ნარკოპოლიტიკის 3 წლის წინ დაწყებული რეფორმის ჩავარდნის საკითხზე ლაშა აბესაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი ნარკოტიკების მომხმარებელთა სისხლისსამართლებრივი დევნის დეკრიმინალიზების გარდა, მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებსაც მოიცავდა:
„ეს კანონი არ იყო მხოლოდ სისხლის სამართლის კანონი, რომ არ იფიქროს ვიღაცამ, რომ ადამიანებს უნდოდათ თავის თავზე მოერგოთ და შემდეგ მოეხმარათ ნარკოტიკი და არ დასჯილიყვნენ.
რა თქმა უნდა, სისხლისსამართლებრივ დევნაშიც და კანონებშიც ძალიან დიდი ცვლილებები იყო, მაგრამ იყო უმნიშვნელოვანესი პრევენციული ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული“, - განაცხადა ლაშა აბესაძემ, რომლის თქმითაც პრევენციული ღონისძიებებს შედეგისთვის ზოგჯერ 10 წელი სჭირდება და ამიტომ დროის დაკარგვა არ ღირს. მისი თქმით, აღსრულების მიმართულებით ბოლო დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ნარკოტიკების მომხმარებლები სამიზნეს არ წარმოადგენენ, თუმცა კანონის ლიბერალური დარეგულირება თავის მნიშვნელობას არ კარგავს:
„არ მინდა ცუდი მოლოდინები მქონდეს, მაგრამ გამოცდილება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მთლიანად და ბოლომდე ვენდოთ რაღაცეებში სახელმწიფოს იმიტომ, რომ თუ მოინდომა, შეიძლება ძალიან მძიმე ტვირთად დააწვეს ნარკოტიკების მომხმარებლებს. დღეს ვაღიარებ, რომ აღსრულების მხრივ სამართალდამცავი ორგანოებისთვის პრიორიტეტული არ არის მაგალითად ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების დევნა და შეიძლება იმდენ ყურადღებას არ უთმობენ და 5%-ით ხდებოდეს მათი დევნა, ვიდრე 10 წლის წინ იყო, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ რომ ასე გაგრძელდება. შეიძლება რამოდენიმე დღის შემდეგ ასევე მთლიანად გამოიყენონ აღსრულებაში კანონი რაც უდევთ და გამოიწვიოს ის შედეგები, რომ ბევრი ადამიანი ციხეში წავიდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა აბესაძემ. მან „დილის საუბრებში“ ისაუბრა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გავლენაზე ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე:
„სულ მაგაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება რომ ერთი და იგივე ნარკოპოლიტიკაში არსებობდეს ძალიან ბევრი არაკონსტიტუციური სისხლისსამართლებრივი მუხლი და ამან არ მისცეთ ადამიანებს იმის შეგრძნება, რომ ეს თემა მთლიანად გადასახედია. ძალიან მარტივად აჩვენებს ამას ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლო. პირდაპირ ეუბნება, რომ ეს არ არის ის, რისი გულისთვისაც ადამიანი შეიძლება ციხეში დაიჭირო და ამას ეუბნება ძალიან ბევრჯერ და მაინც არ მივდივართ იქამდე, რომ დავარეგულიროთ“, - განაცხადა ლაშა აბესაძემ რადიო თავისუფლების პროგრამაში „დილის საუბრები“.