Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 წლის ფეხბურთელი დაკრძალეს - კითხვებს კითხვები ემატება


19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 25 ივნისს დაკრძალეს. საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელი, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და 126-ე, ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. გამოკითხულია და კვლავაც იკითხება ათეულობით მოწმე, მიმდინარეობს ექსპერტიზები, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. საქმე აღძრულია ორი მუხლით, 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და 126-ე, ძალადობის მუხლებით. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამოძიებას სავარაუდო ბრალდებული არ ჰყავს.

ექსპერტიზის საბოლოო პასუხს ელოდება გიორგი შაქარაშვილის ოჯახი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა გიორგის ცხედარს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები. პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ 19 წლის ფეხბურთელს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის, მოტეხილობები და დაზიანება თავის არეში, რომელიც, სავარაუდოდ, ბლაგვი ზედაპირის ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული.

კითხვები - რატომ და როგორ გაუჩინარდა გიორგი?

  • რამდენი კაცი მიდიოდა გზაზე? - ანუ, საავტომობილო ტრასაზე, საიდანაც 19 ივნისის ღამეს, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის კვალი გაუჩინარდა?
  • რამდენი მანქანა ფიგურირებს 19 ივნისის ღამეს, საავტომობილო ტრასის იმ მონაკვეთზე, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა?
  • ვინ ისხდნენ ავტომობილებში?
  • რატომ გაიქცნენ გზაზე მიმავალი ახალგაზრდები სხვადასხვა მიმართულებით?
  • რომელი ავტომობილის გამოჩენისას იკარგება გიორგი შაქარაშვილის კვალი?
  • გაუსწორდნენ თუ არა ფიზიკურად გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს მანქანებით მისული პირები?
  • აკავშირებთ თუ არა ერთმანეთთან რაიმე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებული ორი ავტომობილის, „მერსედესის“ მარკისა და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებს?
  • რა ინტერვალებით ჩნდებიან ეს ავტომობილები ტრასის იმ მონაკვეთზე, სადაც ახალგაზრდები მიდიან?
  • ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ბრალდებული ან ბრალდებულები?

იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყებიდან არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, ინფორმაციის მოძიება, თუ რა მოხდა 19 ივნისის ღამეს მცხეთის ერთ-ერთ აგარაკზე, წვეულებაზე და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები საავტომობილო ტრასაზე, ჟურნალისტებს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, საქმეზე გამოკითხული მოწმეებისა და მათი ადვოკატების მეშვეობით უწევს, რაც საქმის დეტალებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის და 19 ივნისის ღამეს, საავტომობილო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის არაერთ ვერსიას აჩენს.

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარებისა და გარდაცვალების ვერსიებს, 24 ივნისს კიდევ ერთი ვერსია შეემატა. თუმცა, არც ეს ვერსია ჰფენს ნათელს იმას, თუ რა მოხდა 19 ივნისის ღამეს, თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო ტრასაზე.

თუკი გამოძიების პირველ დღეებში, მედიისთვის ცნობილი იყო, რომ 19 ივნისის ღამეს, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე აგარაკიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე იმყოფებოდა და საიდანაც აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, ორ მეგობართან ერთად წამოვიდა, 24 ივნისს ირკვევა, რომ ის დაბადების დღიდან ხუთ ადამიანთან ერთად წამოვიდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა ინფორმაცია საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ.

მოწმე საინფორმაციო სააგენტოს ფრაგმენტულად უყვება საავტომობილო ტრასაზე განვითარებულ მოვლენებს. იაკობ ბრეგვაძის თქმით, აგარაკიდან წამოსული 6 ახალგაზრდა ტრასაზე ტაქსის გასაჩერებლად გამოვიდა, თუმცა, ტაქსით ვერ წამოვიდნენ და გადაწყვიტეს, თბილისში ე.წ. ავტოსტოპით წამოსულიყვნენ. ამ დროს მათ წინ ჩერდება ავტომობილი, საიდანაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, გადმოდის ხუთი ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხელში რკინის ხელკეტი უჭირავს:

„ამათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იქ იყვნენ (აგარაკზე), არადა საერთოდ სხვა "სასტავი" ვიყავით, არაფერ შუაში ვიყავით. ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე ღობეზე გადავხტი, მიტოვებულ მშენებარე შენობაში, მეორე სართულზე ავედი და დავრეკე პოლიციაში. პოლიციაში რომ დავრეკე, ვუთხარი, რაც მოხდა, როგორც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით-მეთქი და სადააო. "კაროჩე", როცა მორჩა ყველაფერი, მერე მოვიდნენ“...

იაკობ ბრეგვაძე ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მანქანა წავიდა, გამოვიდა სამალავიდან, რათა ნაცემ ახალგაზრდას დახმარებოდა, თუმცა, ამ დროს ტრასაზე მეორე მანქანა ჩნდება:

„ტრასაზე იყო ორი ბიჭი, ჩვენები და ერთი ნაცემი იყო. ჩავდიოდი, რომ მენახა, დავხმარებოდი და უცებ მეორე მანქანა მოვიდა. მეორე მანქანა რომ მოვიდა, იქიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები, თქვენი დედაო, "კაროჩე" ესენი სცემეს. სხვა მანქანა იყო, სავარაუდოდ, არ ვიცი. პირველი მანქანა რომ წავიდა, ორ ან სამ წუთში მოვიდა მეორე მანქანა და ესენი სცემეს. მე ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე“.

იაკობის სიტყვებით, უკვე ღამის ორის წუთები იყო, როცა სამალავიდან გამოვიდა. ამ დროს საავტომობილო ტრასაზე აღარავინ ჩანდა, ავიდა ტყეში და იქიდან კვლავ დაურეკა პოლიციას, თუმცა, მისი თქმით, ამჯერად უკვე გამოძახების გასაუქმებლად:

„დავურეკე, აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ გააუქმოთ-მეთქი. იქიდან რომ ჩამოვედი, მერე მოვიდა პოლიცია, მოვუყევი ეს ყველაფერი და მეთქი, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი თუ შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი და წამიყვანეს თბილისში“.

იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ მას არ დაუნახავს, სად გაიქცა გიორგი შაქარაშვილი.

უცნობია, როგორ და ვინ ჩამოიყვანა თბილისში, ინციდენტში მონაწილე სხვა ახალგაზრდები, მათ შორის ის ახალგაზრდა, რომელიც იმ ღამეს მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ერთ-ერთი მათგანი, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გუკა ამირხანაშვილი, მეტროს სადგურ დიდუბემდე, ინციდენტში მონაწილე "ტოიოტას" ფირმის ავტომანქანამ ჩამოიყვანა.

როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც იაკობმა პოლიციას ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა? რა ღონისძიებები ჩაატარა პოლიციამ ცხელ კვალზე? მაშინვე დაათვალიერა თუ არა პოლიციამ ინციდენტის ადგილი? - ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა, როგორც უწყებაში განგვიმარტეს, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სხვა ინფორმაციის გავრცელება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

საქმეში მონაწილე ავტომობილები

საავტომობილო ტრასაზე მომხდარ ინციდენტში ორი ავტომობილი, „მერსედესის“ მარკისა და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები ფიგურირებს.

ამ მანქანებით, ინციდენტის ღამით, საავტომობილო ტრასაზე, გადაადგილდებიან ის პირები, რომლებიც აგარაკზე, დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებმა, სავარაუდოდ, დახმარების მიზნით, თბილისიდან დაიბარეს. ამ ორ მანქანაში მსხდომი პირები ერთმანეთს იცნობენ. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომი ორი პირის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ისინი ერთი უბნელები არიან“.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, „ტოიოტაში“ მყოფი პირები ტრასაზე მხოლოდ ოთხ ახალგაზრდას ხედავენ, რადგან, მისი ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მაშინ გაიქცა, როდესაც 10 წუთით ადრე, საავტომობილო ტრასაზე ამ ახალგაზრდებს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი წამოეწია:

„ჩვენს მანქანაში იჯდა ექვსი ადამიანი. მათ ტრასაზე მხოლოდ 4 ახალგაზრდა დაინახეს. მანქანა რომ დაამუხრუჭეს, სამი გაიქცა და ერთი დარჩა. არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს და არც სხვებს, ეს ახალგაზრდები არ უცემიათ. არანაირი რკინის ხელკეტი ჩვენგან არ ამოუღიათ. ის ერთი ახალგაზრდა, რომელიც ტრასაზე დარჩა, ჩაისვეს მანქანაში და თბილისში წამოიყვანეს, თან ამშვიდებდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, გიორგი შაქარაშვილი არ დაუნახავთ. რაც შეეხება „მერსედესს“, ჩემი ინფორმაციით, ამ მანქანაში, სავარაუდოდ, იჯდა ოთხი ადამიანი. ვადასტურებ, რომ „ტოიოტასა“ და „მერსედესში“ მსხდომი პირები ერთმანეთს იცნობენ. ეს ორი მანქანა თბილისიდან მცხეთაში სიტუაციის განსამუხტად ჩავიდა“.

ვინ იჯდა „მერსედესში“?


„მერსედესს“, რომელსაც, სავარაუდოდ, საავტომობილო ტრასაზე მიმავალი ახალგაზრდები გაექცნენ, საქმის ერთ-ერთი მოწმის მამის, ხვიჩა ბარბაქაძის თქმით, მართავდა ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ჭაბუკებს შორის, გიგა ტატიაშვილი. მისი თქმით, გიგა ტატიაშვილი აგარაკზე, დაბადების დღის სუფრაზე იმყოფებოდა.

როგორც ხვიჩა ბარბაქაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც აგარაკზე დაპირისპირება დაიწყო, მისი ვაჟი და გიგა ტატიაშვილი „მერსედესით“ თბილისში წამოვიდნენ და მცხეთაში მალევე, მეგობრებთან ერთად დაბრუნდნენ:

„თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წავიდა. მეგობრებს ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? "ნახალოვკიდან" ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. ტატიაშვილიც დაბადების დღეზე იყო, ის ჩემ შვილთან ერთად თბილისში ვერცხლისფერი "მერსედესით" ჩამოვიდა, ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან ორი ადამიანი წამოიყვანეს“, - მოწმის მამის კომენტარს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

კიდევ ორი მანქანა


19 ივნისის ღამეს, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი იკარგება, გამოძიება ინტერესდება კიდევ ორი ავტომობილით. ამ ავტომობილების მძღოლების ადვოკატი, მუხრან ღურწკაია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მისი სიტყვებით, ისინი ინციდენტის ღამეს გადაადგილდებოდნენ საავტომობილო გზაზე, სადაც „ჭკვიანმა კამერებმა“ დააფიქსირეს და აქედან გამომდინარე ისმის მათთან კითხვები. აღსანიშნავია, რომ 24 ივნისის ღამეს, გამოძიებამ ავტომობილში მსხდომი პირების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა, რასაც მუხრან ღურწკაია უკანონო ქმედებას უწოდებს:

„ღამის სამის ნახევარზე ჩაატარეს ჩხრეკა. მიგვაჩნია, რომ ეს ჩხრეკა იყო უკანონო, რადგან თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა იყო, შეეძლოთ ჩხრეკა ჩაეტარებინათ 3-4 დღის წინ, როცა ეს ადამიანები დაიკითხნენ მოწმის სტატუსით. ცხადია, რომ ამ პირების მიმართ ისმის კითხვები, რადგან ინციდენტის დროს გადაადგილდებოდნენ ზუსტად იმ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პირებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ არც აგარაკის ინციდენტთან და არც საავტომობილო გზაზე განვითარებულ მოვლენებთან. ერთადერთი ის არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებიც და ის პირებიც, რომლებიც ინციდენტში ფიგურირებენ, „ნახალოვკაში“ ცხოვრობენ. ცხადია, ჩვენ დაგვისვეს კითხვები, ვიცნობთ თუ არა იმ ადამიანებს, თუმცა, ამ კითხვებსა და პასუხებზე ახლა პასუხს ვერ გაგცემთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმყოფებოდნენ თავის საქმეზე. კამერები აფიქსირებენ, რომ ერთი მანქანა ჩერდება, ელოდება მეორე მანქანას, მერე ისევ გადაადგილდებიან. სადაც ფაქტი მოხდა, იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე არც კი ჩნდებიან. ჩვენი მანქანები გამოძიებას არ დაულუქავს. მხოლოდ ბიოლოგიური მასალა აიღეს ექსპერტიზისთვის“.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის სტრუქტურას ხორავას ქუჩის საქმეს ადარებს და მიმართავს გარდაცვლილის ოჯახს, რომ თუკი მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დროულად არ ტარდება, სახალხო დამცველის ოფისი მზადაა, ჩაერთოს საქმის გამოძიების პროცესში.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG