Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს პასუხი, თუ რატომ ვერ შლის საიტებიდან ბავშვთა პორნოგრაფიის კადრებს


ბავშვთა პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან ერთი წლის თავზე, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-და ვიდეომასალის ნაწილი, რომელზეც 5-დან 16 წლამდე გოგოები არიან აღბეჭდილნი და რომლის დამზადებისა და რეალიზაციისათვის, ჯამში, 21 პირია დაკავებული, კვლავაც არსებობს ინტერნეტში.

პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო- და ვიდეომასალა წაშლილია იმ რამდენიმე ქართული დომეინიდან, რომელთა მისამართებიც ბავშვთა პორნოგრაფიის 13-ტომიან საქმეში დევს. თუმცა, ფოტო- და ვიდეომასალა ინტერნეტში მაინც არსებობს.

ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც მოზარდები პოზირებენ, ხელმისაწვდომი გახდა ჟურნალისტთა ნაწილისთვისაც. რამდენიმე დღის წინ, ეს კადრები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით, ე.წ. დაბლარული ფორმატით, იმ მოტივით გავიდა, რომ ჟურნალისტებს შესაბამისი უწყებების ყურადღება მიეპყროთ, რათა დროულად მომხდარიყო რეაგირება და ფოტო-ვიდეომასალა ინტერნეტიდან წაშლილიყო.

24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალის გარკვეულ ინტერნეტსაიტებზე არსებობის საკითხს. განცხადება უწყების ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ფეისბუკის გვერდზე დაიდო.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების დამზადება ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა ინტერნეტსაშუალებებით, რამაც ხელი შეუწყო დიდი მოცულობის ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელთა ხელში მოხვედრას.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების მომხმარებლები თავადაც ახდენენ მსგავსი შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის რეალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა მათი გავრცელება საეჭვო რეპუტაციის მქონე ვებ-გვერდებზე. რაც შეეხება იმ ვებ-გვერდებს, რომელზეც დღესდღეობით სავარაუდოდ განთავსებულია საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების ფოტოები, მათი დომეინები არ არის საქართველოში რეგისტრირებული, რაც საკმაოდ ართულებს აღნიშნული მასალის დაბლოკვის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაშიც, მასალა, რომელიც ტელევიზიაში გასულ სიუჟეტში იქნა ნაჩვენები, ატვირთული იქნა უცხოურ საიტზე, რომელიც, სავარაუდოდ, გაიყიდა გამოძიების დაწყებამდე ან/და მიმდინარეობის დროს. ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მასალა ხელმისაწვდომი არ გამხდარა სისხლის სამართლის საქმიდან და შესაბამის საიტებზე არ ატვირთულა საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება უცხოური სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რითაც მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას“, - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელევიზიით გადაცემული კადრები ნახეს იმ სოფლის მცხოვრებლებმა და ოჯახებმა, საიდანაც ამ საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები არიან:

„ასე ზრუნავს სახელმწიფო და ასე ზრუნავთ თქვენ ამ ბავშვების უფლებებზე, რომლებიც ისედაც სტრესში არიან და ახლა ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოალაგეთ? ერთ-ერთმა ბავშვმა იცით რა თქვა? იქ რომ ჩემი ფოტოები აჩვენონ, თავს მოვიკლავო. ჩემი შვილის სასამართლოზე არ მიშვებენ, დახურული სხდომებიაო და ასე შეიძლებოდა ამ კადრების „გაღიავება?“, ეს არის ბავშვების დაცვა? თქვენ რა იცით, ეს ბავშვები რა დღეში არიან, კიდევ ეს უნდათ?!“

ასე ეხმაურება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ტელევიზიით გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალას, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში დაზარალებული 12 წლის გოგოს ბებია.

მისი შვილი და რძალი იმ 21 პირს შორის არიან, რომლებიც გამოძიებამ არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, გასული წლის აგვისტოსა და დეკემბერში დააკავა. მათმა ნაწილმა, 8 პირმა, დანაშაული აღიარა და რამდენიმე კვირის წინ, სასამართლომ საპროცესო შეთანხმებაც დაამტკიცა.

სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმებას მოაწერენ ხელს დარჩენილი ბრალდებულებიც, რაკიღა, როგორც ადვოკატები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ გამოძიებას სათანადო მტკიცებულებები არ აქვს, ის მსჯავრდებულები, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება უკვე გააფორმეს, დანარჩენი ბრალდებულების წინააღმდეგ მისცემენ ჩვენებებს, მათი დაცვა გაჭირდება და ბრალდებულებს მინიმუმ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამ საქმეში ბრალდებულ კიდევ სამ პირს, მათ შორის, ავსტრალიის მოქალაქეს, 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ბრალდებულთა უმრავლესობა მშობლები არიან. გამოძიების თანახმად, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ბრალდება ამბობს, რომ მშობლები საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეომასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი, გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიულ მასალას ამზადებდა, ასაღებდა და ასევე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა აწ უკვე მსჯავრდებული, ავსტრალიის მოქალაქეც. მისი ბინის ჩხრეკისას, გამოძიებამ ამოიღო ფოტო და ვიდეომასალა, სადაც არასრულწლოვნები არიან აღბეჭდილნი.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფოტო და ვიდეომასალა კვლავაც ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში, რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი, სალომე კალაიჯიშვილიც. მისი თქმით, ის ამ საკითხზე არაერთხელ ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, თუმცა, მათი განმარტებით, პორნოგრაფიული შინაარსის მასალის ინტერნეტსივრციდან სრულად გაქრობა, რთული იყო:

„გავესაუბრე კიბერდანაშაულის სამსახურის სამმართველოს უფროსს, იქ მომუშავე პირებს და მათ ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ვებსაიტების ნაწილი კი დაბლოკეს, მაგრამ ახლაც არის შესაძლებელი ამ მასალის ნაწილის მოძიება. ვერ ვბლოკავთ, რადგან ჩვენი დომეინი არ არისო, აი, ასეთი განმარტება მომცეს“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ, 24 ივნისს მიმართა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელებაზე დროული რეაგირების მოთხოვნით. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილია ბავშვთა მიმართ დანაშაული და თუკი მოზარდები ამას მოისურვებენ, ორგანიზაცია მზად არის მათი უფლებები დაიცვას:

„ჩემთვის საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ეს კონკრეტული საიტები, საიდანაც შეიძლება კადრების მოძიება, საქმეში დევს. როგორც ჩანს, ორი რამ მოხდა - ან ტექნიკურად ვერ დაბლოკეს ეს საიტები, ან არ მიაქციეს ყურადღება, რაკი უცხოური საიტებია. თუკი საქმეში დევს საიტი, რომელიც ჟურნალისტმაც კი ნახა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას და გამოძიებასაც აქვს ინფორმაცია ამ საიტების შესახებ. და თუკი ეს ასეა, მაშინ, რეალურად, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვების წინაშე ჩადენილია დანაშაული. ჩვენ მზად ვართ და შევუთვალეთ კიდეც ბავშვებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ დავეხმარებით. სახელმწიფოს მოვალეობა იყო, რომ სასწრაფოდ დაებლოკათ ყველა წყარო, სადაც კი შეიძლებოდა დანაშაუალის შედეგი დამდგარიყო. მათ კი რა გააკეთეს? დანაშაული დადგინდა, საქმე გახსნეს და მთავარი პრობლება, ზიანის წყარო, დატოვეს“.

ანა აბაშიძის თქმით, „ლანსაროტის კონვენცია“, რომელიც სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვას ეხება და რომლის რატიფიცირებაც საქართველომ ჯერ კიდევ 2007 წელს მოახდინა, ქვეყანას აკისრებს ვალდებულებას, რომ ამ ტიპის დანაშაულის შემთხვევაში, აქტიურად ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფოსთან და იღებენ ვალდებულებას, რომ ამ ფაქტების შესახებ მიაწოდონ სრული ინფორმაცია კომპეტენტურ სამსახურებს:

„ტრეფიკინგი საერთაშორისო დანაშაულია. გვითხრან, რა გააკეთეს, მისწერეს სხვა ქვეყნების უწყებებს დახმარების თხოვნით და არ ეხმარებიან? ის მაინც თქვან, რომ თანამშრომლობის პრობლემაა. ცოტა დაუჯერებელია, რომ ამ კადრების დაბლოკვა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს“.

კომპანია CyberHouse-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით აღნიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რაც შესაძლოა სახელმწიფომ ამ საქმის გამოძიების პროცესში დაუშვა, ის არის, რომ დასაწყისშივე არ უზრუნველყო ვიზუალური მასალის ინტერნეტსივრციდან წაშლა. მისი თქმით, ამ მასალის სრულად წაშლა დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო გართულდება და შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს. მით უმეტეს, თუკი მასალებმა უკვე გადაინაცვლა ე.წ. „დარქ ვების“ (DARK WEB) სივრცეში:

„როდესაც საქმე ეხება ქართულ დომეინზე ატვირთულ მასალებს, ამ მასალის წაშლა სამართალდამცავებისთვის ძალიან მარტივია, რადგან ადვილად მოსაძიებელია დომენის მფლობელები და მათზე პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ ჰოსტინგ პროვაიდერებს და ამისათვის არსებობს უამრავი სამართლებრივი ბერკეტი. თუმცა, სხვა, უცხოური დომეინების შემთხვევაში, სიტუაცია გაცილებით რთულია და ეს პროცესი დროში იწელება. და თუკი ასეთი ტიპის მასალები უკვე „დარქ ვებში“ ხვდება, იქ სპეცსამსახურების მუშაობაც ძალიან შეზღუდულია, რადგან იქ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და რთულდება იმის დადგენა, ვინ გადმოიწერა, შემდეგ სად ატვირთა, როგორ გაავრცელა და ა.შ. თუკი ამ პროცესის შეკავება საწყის ეტაპზევე არ მოხდა, მაშინ, საქმე ძალიან რთულდება. მთავარი პრობლემა ამ სიტუაციაში ის არის, რომ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადინების პრევენცია დასაწყისშივე არ მოხდა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მასალის დისტრიბუციის შესაძლებლობები წარმოუდგენლად დიდია და მისი შეკავება, პრაქტიკულად შეუძლებელი“.

დავით აღნიაშვილის თქმითვე, პრობლემაა ისიც, რომ როგორც ჩანს, გამოძიების მასალები სათანადოდ არ არის დაცული თავად საგამოძიებო უწყებებში:

„როგორ მოხდა ეს კადრები ჟურნალისტებთან? ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო უწყებებში არ არის დაცული ინფორმაციული უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებამდე მივიდოდა, ის მანამდე სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო და რაც მთავარია, სავარაუდოდ, ისევ და ისევ საგამოძიებო უწყებებისგან“.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის საგამოძიებო პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართული იყო ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებები.

XS
SM
MD
LG