Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირება და შექმნას პირობები, რომ იყოს საყოველთაო მხარდაჭერა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი"


მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი
მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი

„გონივრული იქნება, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭიროს მხარი და მართლაც, როგორც დაპირებას იძლევა, გაიტანოს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მათზე, მათ რეიტინგზე და მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, თუკი კიდევ რაღაც სიურპრიზები იქნება ამ პროცესში", - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

„გონივრული იქნება, ხელისუფლებამ არსებულ საარჩევნო სისტემას [საკონსტიტუციო ცვლილებებს] დაუჭიროს მხარი და მართლაც, როგორც დაპირებას იძლევა, გაიტანოს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მათზე, მათ რეიტინგზე და მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, თუკი კიდევ რაღაც სიურპრიზები იქნება ამ პროცესში.

თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელისუფლების იმედად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც მხარი დაუჭირონ, რადგან ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ხელისუფლების ინტერესში შემავალი ცვლილება. ქართული საზოგადოების და ქართული დემოკრატიის ინტერესშია, რომ გვქონდეს ჯანსაღი საარჩევნო სისტემა.

ეს სისტემა შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არის, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი: ის ცალსახა უპირატესობას არ აძლევს არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას. ასევე იძლევა შანსს, რომ მომდევნო პარლამენტი იყოს მეტად პლურალისტული, მრავალპარტიული, იძლევა კოალიციების შექმნის შესაძლებლობას და საერთო ჯამში, ვფიქრობ, არის მეტად კონსენსუსზე ორიენტირებული და უფრო დემოკრატიული გზით შეიძლება მოვახერხოთ სვლა, თუკი ამ სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები“,

- აცხადებს რადიო თავისუფლების ეთერში მიხეილ ბენიძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი.

„დილის საუბრების“ სტუმარი მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას:

„ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შესაძლებელი იყო პირველი მოსმენით გადაწყვეტილების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო და ამიტომ მივესალმებით იმას, რომ საბოლოოდ არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უმრავლესობაც დაესწრო სხდომას და ხმა მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს. არ იქნებოდა ძალიან მოულოდნელი, რომ რაღაც სიურპრიზები კიდევ აღმოჩენილიყო და სულ რამდენიმე ხმა დაკლებოდა ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ, ბუნებრივია, წინ არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოსმენა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ გვექნება უკვე მართლაც გაჯანსაღებული საარჩევნო სისტემა ქვეყანაში 2020 წლის არჩევნებზე.

თუმცა, არის მეორე ასპექტი, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. ეს შეთანხმება, მოგეხსენებათ, ეხებოდა არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, არამედ ასევე მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებისგან თავის შეკავებას და იმ საკითხების და იმ საქმეების გადაჭრას, რომლებიც ტოვებდა და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იქ პოლიტიკურ ჩარევებს ჰქონდა ადგილი. ასეთი კითხვის ნიშნები და მოლოდინი არის, რომ, გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. სავარაუდოდ, არ არის ლაპარაკი საქმის საერთოდ დახურვაზე ან მთლიანად პროცესის შეჩერებაზე, მაგრამ მიმდინარე საქმის ისეთ კალაპოტში გადაყვანაზე, რომ გათავისუფლებული იქნას ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირი“.

8 მარტის შეთანხმების სწორედ ამ ნაწილის - „ერთობლივი განცხადების“ კონტექსტში მიხეილ ბენიძე კიდევ ერთხელ წამოსწევს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხს:

„მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებასთან ერთად, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ის იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ასევე ძალიან მწვავედ გამოჩნდა. არა მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი სასამართლო პრაქტიკულად არასდროს ყოფილა, მაგრამ გასული ერთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სასამართლოს თემა იყო - უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხი.

საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება იმისთვის არის უკეთესი, რომ წესით, უფრო დაბალანსებული, სამართლიანი სისტემით, სადაც ამომრჩეველთა ხმები პროპორციულად აისახება პარლამენტის შემადგენლობაში, ერთმა პარტიამ, ერთმა ძალამ ერთპიროვნულად ვერ უნდა გადაწყვიტოს ყველა პროცესი ქვეყანაში. ბუნებრივად, ამან უფრო მეტად უნდა მისცეს ბიძგი სხვადასხვა აზრების გათვალისწინებას და კონსენსუსს რეფორმების გატარების პროცესში და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება გაჯანსაღდეს, მათ შორის, იგივე სასამართლო სისტემა და სხვა ბევრი ის სფერო, სადაც ბოლო არაერთი ხელისუფლების დროს გადაწყვეტილებები მიიღება ერთადერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებით - როცა რომელია ხელისუფლებაში, მისი კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე.

ამიტომ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ ცვლილებების მიღებას, რადგან 8 მარტის შეთანხმების შესრულება ყველას მიზანი უნდა იყოს და ეს ორივე ასპექტს მოიცავს. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეასრულოს დაპირება და შექმნას ის პირობები, რომ მართლაც საყოველთაო მხარდაჭერა იყოს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი“.

მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების იმ პროცესზე, რომელიც კონსტიტუციის მიღმა საარჩევნო გარემოს მოწესრიგებას შეეხება და რომლებსაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ეხება. რამდენად არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ ცვლილებების აუცილებლობა და დრო მათი განხორციელებისთვის?

„ამის საჭიროებაც არის და დროც საკმარისია. ეს არავისთვის არის მოულოდნელი პროცესი. ჯერ კიდევ შარშან ივნისში დაიწყო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა თავისი შეხვედრები. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ნოემბერში, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ეს პროცესი შეფერხდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაიმე ძვრა არ ყოფილა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმებამ მოიტანა მათ შორის ის, რომ უკვე შესაძლებელი გახდა როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აგრეთვე ჩვენც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დავმსხდარიყავით ონლაინ-კომუნიკაციის რეჟიმში და გაგვემართა რამდენიმე შეხვედრა, სადაც იყო საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მსჯელობა, ანუ იმ საკითხებზე, რომლებიც კონსტიტუციას არ ეხება, მაგრამ საარჩევნო კოდექსის და აგრეთვე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე აქტიური განხილვა მიმდინარეობდა.

ჩვენ ახლა ველოდებით ამ პროცესის შედეგად შედგენილი კანონპროექტის ბოლო სამუშაო ვერსიას, რადგან ბოლო ვერსია - რა შედეგამდე მივედით განხილვების შედეგად - არ გვინახავს. დისკუსიების მიმდინარეობის მიხედვით, არის რიგი საკითხები, სადაც, სხვათა შორის, პოზიტიური ნაბიჯებია მოსალოდნელი. აგრეთვე, თუ შარშან განიხილებოდა საკმაოდ პრობლემური რეგულაციების შემოღება, მაგალითად, მედიის რეგულირების ნაწილში და მისთვის ვალდებულებების დაკისრების ნაწილში, ასევე სიძულვილის ენის ძალიან ბუნდოვნად რეგულირების საკითხში, სადაც პრობლემები იკვეთებოდა და ჩვენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს ვხედავდით, ეს პრობლემური საკითხები ამ განხილვის ეტაპზე ამოღებული იყო. თუმცა, არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ეხება: საარჩევნო დავების სათანადოდ მოწესრიგებას, სოციალურ ქსელებში აგიტაციის საკითხი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრობლემის ბოლომდე გადაჭრა და ა.შ. და რაც მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, რომელზეც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ამ განხილვების შედეგად არ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სათანადოდ იქნებოდა რეგულირებული, თუმცა, ვნახოთ, რა ცვლილებებს შემოგვთავაზებს „ქართული ოცნება“”.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG