დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვისგან 100 ტონა ფქვილი მიიღო ჰუმანიტარული დახმარების სახით. ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიღების შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესს“ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ალან ჯუსოევის თქმით, ტვირთი პარასკევს განთავსდა თავდაცვის სამინისტროსა და პურ-ფუნთუშეულის კომბინატის საცავებში.
„ჩვენ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ჩეჩნეთის ლიდერის მიმართ. ჰუმანიტარული დახმარება შეჭირვებულ ოჯახებს შორის განაწილდება“, - განაცხადა ალან ჯუსოევმა.
ჯუსოევმა ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთი, 50 ტონა შაქარი, თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ მანამდე მიიღო ყარაჩაი-ჩერქეზეთის დიასპორისგან, რაშიდ ტემრეზოვისა და სხვა მეცენატებისგან.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ჯერ კიდევ 2010 წელს ამბობდა, რომ აგვისტოს ომი იყო ნაწილი დასავლეთის სახელმწიფოთა ანტირუსული შეთქმულებისა, რომელიც მიზნად მთელი კავკასიის დაპყრობას ისახავდა. სააგენტო როიტერს რამზან კადიროვმა ისიც უთხრა, რომ დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის ავადმყოფობაა, რომლის ლიკვიდირებას შეტევა სჭირდება და საამისოდ რუსეთს არმიაც ჰყავს და ტექნოლოგიებიც აქვს.