„სუპერუმრავლესობას თან სდევს ტრადიციული ცდუნება, რომ ის გამოყენებული იყოს ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა 19 ივნისს გამართულ ონლაინკონფერენციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეკითხვაზე პასუხისას.
ევროკომისიისა და „გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ონლაინკონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს ეძღვნებოდა. ეკა გიგაურის შეკითხვა კი შეეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და საკუთრივ საქართველოში პოსტკოვიდის კრიზისის პერიოდის გამოწვევებს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში; აგრეთვე რისკებს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს: მთავრობების მიერ კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სტანდარტების შესუსტებაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციის ზრდაში. ეკა გიგაურის შეკითხვა იყო - „ხომ არ ფიქრობთ, რომ გონივრული მიდგომა იქნებოდა უფრო გამიზნული ზომების მიღება შესაბამის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამრღვევებისა და კორუფციაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, ვიდრე მთელი ქვეყნის მიმართ?“.
ანდრიუს კუბილიუსი თავის პასუხში გასცდა საქართველოს კონტექსტს:
„დიდწილად ვეთანხმები პოზიციასა და შეკითხვას. საკმაოდ ჩართული ვიყავი დისკუსიაში მმართველი პარტიისა და მთავრობის დასარწმუნებლად, რომ შესრულებულიყო 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები. ეს საბოლოოდ ნაწილობრივ შესრულდა.
ზოგადად კი, ვხედავთ გარკვეული სახის ტენდენციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში იმას, რომ არჩევნებს მოაქვს, რასაც ეწოდება სუპერუმრავლესობა, რაც არც ისე ცუდია რეფორმების განხორციელებისთვის, თუმცა სუპერუმრავლესობას თან სდევს ტრადიციული ცდუნება, რომ ის გამოყენებული იყოს ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ყოველთვის დიდად დემოკრატიული გზით არ მიმდინარეობს ხოლმე. ეს შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზაციას და ა.შ.. ამის გარკვეულ ნიშნებს ვხედავთ უკრაინაში, რაც გვაშფოთებს. თუმცა, სუპერუმრავლესობები არის პოლიტიკური პრობლემა, როცა პოლიტიკური სისტემა დაუბალანსებელია.
ეს არ ეხება მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. შევხედოთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, უნგრეთსა და პოლონეთს, სადაც დავინახავთ ძალიან მსგავს საკითხებს. ისინიც განიცდიან სუპერუმრავლესობის ეფექტს. რა მოქმედების განხორციელება შეუძლია ევროკავშირს? - იქნება ეს დამიზნებითი პირობითობით თუ განზოგადებული პირობითობით, ფაქტია, რომ ახლა უფრო განზოგადებულ პირობითობას მივდევთ, თუმცა მაგნიტსკის აქტი ან აშშ-ის ზოგიერთი ქმედება, რომელიც გამიზნულია კონკრეტულ პირებზე ევროკავშირის ქვეყნებში, ანდა, მაგალითად, ჩემს მეზობელ ლატვიაში, ევროკავშირის სანქციები ლატვიელი პოლიტიკოსის ლემბერგსის წინააღმდეგ, საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯი იყო. არ მაქვს სათანადო პასუხი, ევროკავშირმა რა უნდა ქნას. მე ვისურვებდი, ევროკავშირს მოეხდინა მაგნიტსკის აქტის ინსტრუმენტალიზაცია, თუმცა, დღეს ევროკავშირი ამ საკითხში ბევრად ჩამორჩება აშშ-ს და ეს სამსჯელოა.
ბელარუსს რაც შეეხება, გუშინ გამოვაქვეყნეთ განცხადება და ევროკომისიას ვთხოვთ მეტად წაუყენოს პირობები, მათ შორის, ადრე შეთანხმებულ ფინანსურ დახმარებასთან მიმართებით, რადგან სხვაგვარად ეს დახმარება ლუკაშენკას მიერ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც წახალისება მისი მოქმედებებისა ოპოზიციისა და ალტერნატიული კანდიდატის წინააღმდეგ. ბელარუსში ვხედავთ ახალ სურათს, რამაც სრულიად გამაოცა: ხალხი ამბობს - ჩვენ გვინდა ცვლილება, უმრავლესობა ამბობს ამას. ეს ასე არ იყო წინა არჩევნების დროს. ეს არის სრულიად განსხვავებული ვითარება და ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“.