Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ელჩი ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით ფედერალური პროკურატურის განცხადებას განმარტავს


ჰუბერტ კნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში
ჰუბერტ კნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა ფედერაციული რესპუბლიკის პროკურატურის განცხადებას, ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკველობის საქმესთან დაკავშირებით. ელჩის სიტყვებით, მას ესმის განცხადებით გამოწვეული შეშფოთება, თუმცა პროკურატურის მიზანი არ ყოფილა რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია.

გერმანიის ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან საარჩევნო თემატიკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ.

„მესმის, რომ საქართველოში შეშფოთებულები არიან გერმანიის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებით. ის ეხება ე.წ. „ტირგარტენში მომხდარი მკვლელობის საქმეს“, საქართველოს მოქალაქის - თორნიკე ქ.-ს [ზელიმხან ხანგოშვილი, იგივე თორნიკე ქავთარაშვილი] მკვლელობას. როგორც შეიტყვეთ, პროკურატურამ გამოიყენა ფორმულირება, სიტყვები, რომლებიც არ არის ოპტიმალური, რომლებიც უკეთესი უნდა ყოფილიყო. პროკურატურამ ამ სიტყვებში იგულისხმა, რომ სურდა მოკლულის ციტირება. როცა ის ამბობდა, რატომ იყო გერმანიაში, განაცხადა, რომ უპირისპირდებოდა ე.წ. „საქართველოს პრორუსულ მთავრობას“. მაგრამ, ეს იყო მისი და არა გერმანიის პროკურატურის სიტყვები. ვწუხვარ, რომ შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩვენს პროკურატურას სურდა, რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია. ეს არ ყოფილა მათი განზრახვა", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა „მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ინფორმაცია განთავსებულია უწყების ვებსაიტზე.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

2019 წ. 4 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მალხაზ ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საკუთარ ხელში აიღო. მანამდე საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა.

XS
SM
MD
LG