Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აკურთხეს შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი. პუტინის გამოსახულებიანი მოზაიკა მასში აღარ არის


14 ივნისს მოსკოვის მახლობლად აკურთხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ტაძარი - ქრისტეს აღდგომის ეკლესია, რომლის გახსნაც თავდაპირველად 9 მაისს იგეგმებოდა, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში.

მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრის კურთხევა გადაიდო და კვირას გაიმართა.

ტაძარი აკურთხა რუსეთის პატრიარქმა კირილემ, რომელმაც განაცხადა, რომ პირადად იქნება ამ ეკლესიის წინამძღვარი.

ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და რამდენიმე მაღალჩინოსანი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მაგრამ თავად რუსეთის პრეზიდენტი გახსნაზე არ მისულა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ შენობის კურთხევის ცერემონია ძალიან სწრაფად დასრულდა. ტაძარში მყოფ პირებს არ ეკეთათ პირბადეები, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო თავყრილობების დროს ამ წესის დაცვა რუსეთში სავალდებულოა.

ხელისუფლების ცნობით, ქრისტეს აღდგომის ეკლესია ძირითადად შემოწირულებებით აშენდა. თავდაპირველად შეგროვდა 3 მილიარდი რუბლი, მოგვიანებით ტაძრის აშენებაში თავისი წვლილი შეიტანეს მოსკოვის მერიამ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ახალ ტაძარში აღარ იქნება პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების სხვა ლიდერების გამოსახულება, რომელიც უნდა ყოფილიყო მოზაიკაზე, სახელწოდებით: „ყირიმის უსისხლო დაბრუნება“.

დიდი საზოგადოებრივი დისკუსიის შემდეგ ჟიურიმ უარი თქვა მეორე მსოფლიო ომის ამსახველი მოზაიკის იმ ვერსიაზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

XS
SM
MD
LG