Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები ივანიშვილს მიიჩნევენ საქართველოში პუტინის ინტერესების გამტარებლად


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.

ამის შესახებ საუბარია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების აუცილებლობას, რესპუბლიკელი კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ სანქციები საკმარისად არ შეხებია პუტინის საგარეო პოლიტიკას და მისი მეგობრები ხელყოფენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს.

ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაში.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების კვლევითი კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის შინაარსი სარეკომენდაციო ხასიათისაა, ეხება რუსეთის, ჩინეთის და ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების გამოყენების აუცილებლობას. ავტორების მიერ სწორედ ეს სამი ქვეყანაა მიჩნეული აშშ-ის ყველაზე აგრესიულ მოწინააღმდეგედ.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რესპუბლიკელი კონგრესმენები პრეზიდენტისგან მოითხოვენ სანქციების დაწესებას იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც პასუხიმგებლები არიან ან მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში.

XS
SM
MD
LG