Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს ისევე, როგორც „ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე“, - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

იგი ამავე პოსტში ამბობს, რომ „ლელო“ განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროებას ან დისკრიმინაციას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გმობს და საჭიროა სახელმწიფომ გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ ქვეყანაში „მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად“.

დავით უსუფაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები „ძალიან კარგადაა“ დაცული. TV პირველის ეთერში 6 ივნისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება. მისივე თქმით, ლგბტ უფლებების დარღვევა არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს.

რაც შეეხება ტელეკომპანიის კითხვას, უმცირესობებისათვის ქორწინების დაკანონებისა და შვილის აყვანის უფლებაზე, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგია ლგბტ პირებს შორის ქორწინებისა და მიიჩნევს, რომ შვილი დედამ და მამამ უნდა აღზარდონ.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა ასევე ტყის საკითხსაც და განაცხადა, რომ „ლელო“ მას მინიმუმ სამ პრიზმაში განიხილავს. მათ შორის, იგი ამბობს, რომ „ლელო“ მხარს უჭერს ტყის შესაბამისი მასივების გადაცემას მუნიციპალურ და სასოფლო საკუთრებაში და მიიჩნევს, რომ ეკლესია-მონასტრებს, ამავე პრინციპების საფუძველზე, შეიძლება გადაეცეს მათ ისტორიულ შემოგარენში არსებული ტყის ნაკვეთები.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში იმავე ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლელო“ დარწმუნებულია, რომ ეკლესია ტყეს კარგად მიხედავს და პრობლემად არ მიაჩნია ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარე ტყეების გადაცემა.

XS
SM
MD
LG