Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოშიმშილის შესახებ რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები


აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმაურებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომლითაც მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ალექსანდრე მილორავას რამდენიმედღიანი შიმშილობის აქცია შეაფასა.

„თორნიკე რიჟვაძის განცხადება არ შეესაბამება მისი, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსს და ეთიკის ნორმებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კომპლექტაციისა და მენეჯმენტის ჩამოყალიბების პროცესისგან სრულად ჩამოშორებულია და მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომელიმე ფორმით ჩაერიოს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში. მას, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს, მთავრობის თავმჯდომარეს, აქვს პირდაპირი მოვალეობა დაიცვას რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქის უფლება და თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა არ უნდა გააკეთოს შეურაცხმყოფელი და არაეთიკური განცხადებები, მიუხედავად განცხადების ადრესატის შეხედულებების განსხვავებულობისა.

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ალექსანდრე მილორავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან სწორედ მათ მიერ არასწორად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა ტელევიზია, სადაც ადამიანებს დევნიან განსხვავებული აზრის გამო, ათავისუფლებენ სამსახურიდან, აქვეითებენ და აიძულებენ თავად დაწერონ სამსახურიდან წასვლის განცხადება. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ის, რომ ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ უკვე 9 თანამშრომელმა დაიწყო სასამართლო დავა და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატივი სცეს რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის უფლებას, ღირსებას, იხელმძღვანელოს კანონით დადგენილი ნორმებით და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური პრინციპებით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;

საზოგადოება „ბათომი“;

მწვანე სექტორი;

დემოკრატიის ინსტიტუტი;

საზოგადოებრივი განვითარების აკადემია;

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი;

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელი ბათუმის ოფისი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის ფილიალი;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიასთან მიმდინარე შიმშილობის აქციის შესახებ თქვა: „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად, ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი - არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ, წონაში მოიმატა და უნდა დაკლება“.

ბათუმელი აქტივისტი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიასთან, მერვე დღეა, შიმშილობს, დირექტორის გადადგომის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG